შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექიო

11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო რიხტერის შკალით 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია, რასაც 10 მეტრის სიმაღლის ცუნამი მოჰყვა. ეს, 869 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო ამ რეგიონში, მსოფლიოში რეგისტრირებულ მიწისძვრათა შორის კი მეოთხე. ეს ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოზე, უძლიერესი ფიზიკური დარტყმა გახლდათ. იაპონური ანდაზის მიხედვით, „შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექიო” – იაპონია ფეხზე წამოდგება. თუმცა ეს პროცესი, ახალი სიტუაციის წარმოსაქმნელად, შეიძლება გეოპოლიტიკური ტექტონიკური ფილების ღრჭიალს დაემთხვეს.

დღეს მთელი ყურადღება ადამიანის ტრაგედიაზეა მიპყრობილი და ეს ბუნებრივიცაა. ამ წუთში, როცა ეს ჟურნალი იბეჭდება, იაპონიაში 18 ათასი ადამიანია დაღუპული, 13 ათასი დაკარგული და ნახევარ მილიონს სახლ-კარი აღარ აქვს. როცა ჟურნალი დახლებზე გამოჩნდება, ბევრი დაკარგული გარდაცვლილად გამოცხადდება. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ნანგრევებად ქცეული ინფრასტრუქტურა ფუკუშიმას, აივატისა და მიიაგის პრეფექტურებში. ეს, თავის მხრივ, სამაშველო ოპერაციებს აფერხებს. როგორც მსოფლიო ბანკი ანგარიშობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს 235 მილიარდი და ხუთი წელი დასჭირდება.

ამას გარდა, სერიოზულად დაზიანდა ფუკუშიმას დაი-იჩის ატომური სადგური. ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ექვსი რეაქტორიდან ორი სახიფათო მდგომარეობაშია – ერთ-ერთ მათგანში წნევის დასარეგულირებლად დაბინძურებული ორთქლის გარეთ გამოშვება გახდა საჭირო, ხოლო რადიაციის მომატების გამო 20კმ-იანი ზონა აკრძალულად გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციები ამანაც შეაფერხა, თანაც წყალი და საკვები დაბინძურდა. სამხედრო მფრინავებსაც კი, რომლებიც ვერტმფრენებიდან ასხამენ წყალს გადახურებულ რეაქტორებს, მათ თავზე გაჩერება დიდხანს არ სურთ.
 
მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრისგან ყველაზე მეტად იაპონიის მთლიანი წარმოების 7% დაზარალდა, მისმა განადგურებამ, სულ რამდენიმე წამში, ქვეყნის სამხრეთში ინდუსტრიულ ცენტრზეც იმოქმედა. თანამედროვე მრეწველობაში საქონლის დროული მიწოდება, თუნდაც ზომიერი რყევებისადმი მიწოდების ჯაჭვში, ძალზე მგრძნობიარეა. დაიხურა ტოიოტა, რადგან მანქანის გარკვეული ნაწილები, მაგალითად, უსაფრთხოების ღვედი, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში მზადდებოდა. ღვედი უმნიშვნელო დეტალი კი არის, მაგრამ მის გარეშე მანქანა საწარმოო კონვეიერიდან ვერ გადმოგორდება.
 
თავის მხრივ, საწარმოო წყვეტებს მსოფლიოს რიგით მესამე უდიდეს ეკონომიკაში გლობალური ზეგავლენა აქვს. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდული ტოიოტასა და ლექსუსის ავტომანქანების 70% კანადასა და აშშ-ში მზადდება. ტოიოტა აცხადებს, რომ საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური მარაგები აქვს, მაგრამ იმპორტირებული 30% უკვე ბევრია და, შესაბამისად, დეფიციტიც გარდაუვალია.
 
კიდევ ერთი მაგალითისთვის თქვენს კომპიუტერს ან მობილურ ტელეფონს დახედეთ. ლითიუმის იონის ბატარეებისთვის საჭირო ეპოქსიდური ფისის 90% იაპონიიდანაა.
 
მრეწველობაში ჩავარდნები გამოსწორდება, მაგრამ ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია საკმაოდ ძვირი დაჯდება და იაპონიის სახელმწიფო ვალს დაემატება, რაც ამჟამად ისედაც საოცარ ციფრს – მშპ-ის 200%-ს – აღწევს. ამასთან, იაპონიის ხანგრძლივი ეკონომიკური სტაგნაცია, გლობალური ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის ახლახან დაწყებულ პროცესს გააჯანჯლებს. ეს პროცესი, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, ნავთობზე ფასების ავარდნით ისედაც დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. 
 
სინამდვილეში კი ის გეოპოლიტიკური შედეგები – რაც შესაძლებელია მიწისძვრას მოჰყვეს – იმით იქნება განპირობებული, თუ როგორ ზეგავლენას იქონიებს იაპონიის ბირთვული საწვავის დნობა მსოფლიოს ენერგეტიკულ მარაგებზე.
 
ამ წუთისთვის მსოფლიოში ბუნებრივი აირი უხვადაა, რეცესიის შედეგად იპონიაში ელექტროენერგია ჭარბად იწარმოება და მიწისძვრის გამო, იაპონურ ენერგიაზე მოთხოვნა დროებით შემცირებულია. და მაინც, ეკონომიკის აღორძინების პროცესი მოწოდება-მოთხოვნის მოდუნებულ კავშირებს დაჭიმავს, მაშინ, როცა ატომური ენერგიის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
 
იაპონიის 50 ატომური რეაქტორიდან 11 არ მუშაობს; ფუკუშიმაში 6 რეაქტორი სამუდამოდ გამოვიდა მწყობრიდან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ექვსი რეაქტორის მიერ გამომუშავებული ენერგიის საკომპენსაციოდ ქვეყანამ 6-7 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი უნდა შემოიტანოს. სავარაუდოდ, ატომურ სადგურებზე უსაფრთხოების პრობლემების გაანალიზების შემდეგ, კიდევ მეტი რეაქტორი დაიხურება. იმ პირობებში, როცა იაპონიას ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის უფრო მეტი რაოდენობა ექნება მოსაძიებელი, მისი მოქმედების თავისუფლება საერთაშორისო დონეზე შეიზღუდება.
 
მაგრამ ატომურ ენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ იაპონიით ხომ არ შემოიფარგლება. ჩინეთმა, რომელიც მთელ მსოფლიოში ატომური სადგურების მშენებლობაში 40%-ით მონაწილეობდა, ახლად დამტკიცებული პროექტები გადაავადა. ევროკავშირმა მითითება გასცა, რომ სტრესულ ვითარებაში ნებისმიერი ატომური სადგური შემოწმებულიყო. გერმანიის ხელისუფლებამ წარმოების ერთი მესამედი შეაჩერა, სანამ ქვეყანაში არსებული ყველა რეაქტორის მდგომარეობა არ გამოიკვლევა. იტალიაში ივნისის რეფერენდუმის შედეგებით შეიძლებოდა ატომური ენერგიის გამოყენებაზე მორატორიუმი გაუქმებულიყო, მაგრამ დღეს ამ რეფერენდუმს მომავალი აღარ უწერია. ამერიკული გაზეთები კი, ატომური ენერგიის წინააღმდეგ ცეცხლსა და რისხვას აფრქვევენ. 
 
ეს საყოველთაო შეშლილობა მალე მინელდება და ნელ-ნელა პრაქტიკული მოსაზრებები წამოიწევს ისევ წინ. და მაინც, დღეს ლოგიკურად ჩანს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ატომურ ელექტროენერგიაზე მოთხოვნები იმაზე უფრო შემცირდება, ვიდრე ეს შეიძლებოდა იაპონიის მიწისძვრის გარეშე მომხდარიყო.
 
გერმანიის დოიჩე ბანკის თქმით, მსოფლიოს ატომური ელექტროენერგიის წარმოების 10%-ის შესაძლებლობათა დახურვა უსაფრთხოების მოსაზრებებით იმის ტოლფასია, რომ 200 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ყოველდღიურად მოვიხმაროთ, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 2.3%-ით მეტია. ეს შემდეგ კონტექსტში თავსდება – მსოფლიოში, ამ საუკუნის დასაწყისიდან 2035 წლამდე, ენერგიის მოხმარების დაახლოებით 50%-იანი მკვეთრი მომატებაა ნავარაუდევი. შესაძლოა, ეს ყველაფერი ახლო აღმოსავლეთში განუწყვეტელ არეულობას დაემთხვეს.
 
დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც მღელვარებაა ატომურ ენერგიასთან დაკავშირებით, რუსეთი გეგმავს, რომ დაახლოებით გაასამმაგოს ატომური ელექტროენერგიის წარმოება 2030 წლისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა პუტინმა თქვა 14 მარტს, ისინი არ შეცვლიან თავიანთ გეგმებს.
 
ამასობაში, ხშირად შეუმჩნეველი რუსი ოფიციალური პირები და ენერგეტიკის სექტორის აღმასრულებლები ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წყნარი ოკეანის სანაპიროს შორის ფაციფუცით დარბიან. ისინი ცდილობენ, რუსეთი ამ სივრცეში ბუნებრივი თუ ადამიანის ხელით შექმნილი პრობლემების მომგვარებლად ჩააკვეხონ. გაზპრომი იტალიას დამატებით 15 მილიონ კუბურ მეტრ აირს აწვდის დღეში. ეს მას შემდეგ, რაც ლიბიიდან გამოყვანილი „მწვანე ნაკადის” მილსადენი დაიცალა. ეს კომპანია მზად იყო იაპონიისთვისაც მიეწოდებინა თხევადი ბუნებრივი აირი სახალინ II-ის პროექტიდან. მერე, პუტინი გამოვიდა სცენაზე, როგორც ტრანსკონტინენტური, ვითომდა კეთილი ნების ბროკერი და 20 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი გაზრდიდა ევროპისთვის აირის მიწოდებას მილსადენით, მაგრამ თხევადი აირის ტანკერები გეზს შეიცვლიან და ევროპის ნაცვლად იაპონიისკენ დაიძვრებიანო.
 
ეს მოსკოვის ბოლო სვლებია, რომ ევროპა და ახლა იაპონიაც, რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულები გახადოს. კრემლი ყურადღებით აკვირდება ამერიკის ლიდერობით შექმნილ ალიანსებს შორის გაჩენილ ბზარებს, რუსეთი ნელ-ნელა ცვლის ევრაზიის ორივე მხარეს ძალთა თანაფარდობას. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში, უდავო გეოგრაფიულ ღერძად იქცევა. ამ სტრატეგიის შედეგებია ატომური ენერგიის საშინაო ზრდა, ცენტრალური აზიის ენერგორესურსების თითქმის ექსკლუზიური წვდომა და სამხრეთ კავკასიის დასავლეთ-აღმოსავლეთ დერეფანზე მახრჩობელა ხელის შენარჩუნება.
 
შვიდჯერ დაეცი, მაგრამ ყურადღება მიაქციე, ვინ ადგება მერვეჯერ

კომენტარები