დეფიციტური კაპიტალი

დღეს თემურ ქეცბაიას ფილოსოფია ასეთია – ვდგავართ უკან და ველოდებით მოწინააღმდეგის შეცდომას. ვდგავართ მთელი გუნდით, დისციპლინირებულად, ძალიან ყურადღებით და იმ შეცდომას აუცილებლად ვიყენებთ. ხორვატიასთან არც უკან შეგვშლია და შესაგდებიც შევაგდეთ, ისრაელთან კი უკანაც ავირიეთ, საყრდენების ზონაც მოიშალა (განსაკუთრებით ხიზანიშვილი) და მასპინძლების უხეში შეცდომაც გავანიავეთ. ბოლო ორ შეხვედრაში ეს ფილოსოფია ციფრებში ასე გამოიხატა: ორი დარტყმა კარში, ორი კუთხური და სამი ქულა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატული გუნდი გახდა. უკლასო, მაგრამ საქმიანი. საშუალო დონის ფეხბურთელებით და მაღალი დონის მწვრთნელით, რომელმაც იცის, როგორ მიაღწიოს ამ დაბალი ხარისხით გარკვეულ შედეგს.

ხორვატიასთან ისტორიულმა გამარჯვებამ საქართველოს ნაკრები ემოციურად და ფიზიკურად გადაღალა. ამას დაემატა მწვავე კონფლიქტი მწვრთნელსა და გოგიტა გოგუას შორის, რაც ყოველთვის ცუდად მოქმედებს გუნდის ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე. მარცვალაძის ძირითადში დაყენება და მისთვის პირველი ბურთის მოგების მოთხოვნაც შეცდომას წააგავდა. არადა, ამ სამი ფაქტორის თავიდან აცილება შეიძლებოდა: ხორვატიიდან სამ დღეში ასეთი პრინციპული მატჩის დღესასწაულების გამო გადმოტანას ქართული მხარე არ უნდა დათანხმებოდა (თავიდან კალენდარში სხვა განრიგი იყო). გოგუა, რომელმაც კლაუს ტოპმიოლერთან, ჰექტორ რაულ კუპერთან და აგერ, ქეცბაიასთანაც იჩხუბა, ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს (მიახვედრონ), რომ გუნდისთვის საჭირო კაცია და უნდა გააკეთოს ის, რასაც მწვრთნელი ეტყვის. რაც შეეხება მარცვალაძეს, როგორც 26 მარტს, ის 29-შიც შეცვლაზე უფრო ეფექტური იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, დღეს მთელი საქართველო ცხრილშია თავჩარგული, რაც გაზაფხულზე არასდროს მომხდარა. სატურნირო მდგომარეობა, ერთი შეხედვით, ვერაა მთლად კარგი – ლიდერებზე ერთი თამაშით მეტი გვაქვს და მეოთხეზე ვართ, თუმცა საბერძნეთს ორი, ხორვატია-ისრაელს კი ერთი ქულით ჩამოვრჩებით. ანუ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მათემატიკური შანსი ნამდვილად არსებობს.
 
მაგრამ მათემატიკა იქით იყოს. შესარჩევი ციკლი ფინალურ ეტაპზე გადადის და თუ უკრაინა-პოლონეთის ვიზა გვინდა, მიზანიც უნდა შეიცვალოს – არწაგების ნაცვლად, მოგება. გვაქვს ამის თავი? შეგვიძლია ისე შეტევა, რომ უკან სიმშვიდე იყოს? დღეს ამის რესურსი არ ჩანს. როდესაც სამი გადაბმული პასის გაკეთება ჭირს, არ გყავს ბურთის დამჭერი „ფანტაზისტა” და კარგი ცენტრფორვარდი, სულ ცოტა, 2004 წლის ფორმაციის საბერძნეთის ხარისხი უნდა გეჭიროს. ვერ გვიჭირავს. ეს კი, ყველაზე კარგად იცის ქეცბაიამ, რომელიც უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებულ პროფესიონალ ფეხბურთელებს ვეღარც ბურთის გაჩერებას ასწავლის, ვერც კორპუსის გამოყენებას და ვერც კაცის მოტყუებას. ეს თითოეული მოთამაშის საწყისი კაპიტალია. კაპიტალი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდში დეფიციტი გახლავთ.
 
ამ დეფიციტის პროფიციტად გადაქცევა არსებულ შემადგენლობაზე მუშაობით წარმოუდგენელია, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ახალგაზრდა, ბურთთან ჰარმონიაში მყოფი ფეხბურთელების როტაცია ეროვნულ გუნდში. ამას, რასაკვირველია, დრო და ძალიან ბევრი, სწორი მუშაობა სჭირდება.
 
საქართველოს ნაკრები, როცა იქნება, უნდა გახდეს სრულყოფილი გუნდი, გუნდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში: ან თავს იცავს ყრუდ და წინგაუხედავად, ან ბურთს აკონტროლებს, თვითონ ისვენებს და მეტოქეს ღლის, ანაც უტევს ისე, რომ ეს შეტევა დაცვასაც უტოლდება და გოლიც მოაქვს. ქეცბაიამ პირველი საფეხური დიდი წარმატებით გაიარა და დაცვა ფეხზე დააყენა – 11 მატჩში მხოლოდ 6 გოლი გავუშვით. წინ კი კიდევ ორია და უნდა მოვითმინოთ, არ უნდა გავღიზიანდეთ იმით, რომ ნაკრების თამაში ვერაა კარგი საყურებელი, რომ ვერ დავფრინავთ. დღეს ეს გამორიცხულია, რადგან გვაკლია ის, რაც იმ ორი საფეხურის ავლას მოაქვს – კლასი

კომენტარები