ბრძოლა ოცნებისათვის

ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ორი საგაზაფხულო ევროშესარჩევი 3 ქულით დაასრულა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 26 მარტს შინ ჯგუფის ფავორიტი ხორვატია 1:0 დაამარცხა, სამ დღეში კი ამავე ანგარიშით ისრაელში წააგო.

ხორვატებთან გამარჯვების კი გვეიმედებოდა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და, ბევრი ჩვენგანი ფრეზეც ყაბულს იყო. რაც შეეხება ისრაელთან თამაშს, წინასამატჩო პროგნოზებს თუ გავიხსენებთ, ქულები, მეტწილად, იყოფოდა.

თქმა არ უნდა, თბილისური გამარჯვებით ძალიან გავიხარეთ, აი, თელ ავივში წაგებამ კი, ყველა ჩვენგანს გული დაწყვიტა. არც მეტოქე იყო ათი თავით ძლიერი და თამაშიც ხომ ვნახეთ?! ასეთი პაექრობები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფრედ მთავრდება. თუ, რა თქმა უნდა, რომელიმემ უხეში შეცდომა არ დაუშვა...
 
შეცდომა – სწორედ ესაა, რითაც თბილისში ბალკანელებთან ვიხეირეთ და სამი დღის შემდეგ დავმარცხდით. ჩვენთან ხორვატები შეცდნენ, ისრაელში – ჩვენ.
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
საქართველო 1:0 ხორვატია
26 მარტს, გადაჭედილ ეროვნულზე სლავენ ბილიჩის გუნდმა ერთადერთი შეცდომა მატჩის უკანასკნელ წუთზე დაუშვა და საბედნიეროდ, დაისაჯა კიდეც: მოედნის შუაგულიდან ჯაბა კანკავას ჩინებული პასის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ოთარ მარცვალაძემ მოხდენილად მოატყუა ხორვატთა კაპიტანი დარიო სრნა, ბურთი ლევან კობიაშვილს დაუგორა და ნაკრების ვეტერანმაც გასატანი გაიტანა – 1:0!
 
29 მარტს, თელ ავივის ბლუმფილდზე თემურ ქეცბაიას გუნდი ორჯერ ძალიან უხეშად შეცდა, მასპინძლებმა კი ერთხელ დაგვსაჯეს: 59-ე წუთზე ტალ ბენ ჰაიმ II-მ ნუკრი რევიშვილს შანსი არ დაუტოვა – 1:0. ლუის ფერნანდესის გუნდის საგოლე შეტევა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთა შეცდომას მოჰყვა – მაორ ბარ ბუზალოს პასის შემდეგ საჯარიმოს ცენტრთან ლიორ რაფაელოვმა ერთი მოძრაობით სამი მეტოქე მოატყუა და მარცხნივ, მეურვის გარეშე დარჩენილ ტალ ბენ ჰაიმ II-ს დაუგორა ბურთი. მერე რაც მოხდა, უკვე ვთქვით.
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
საქართველო 1:0 ხორვატი
გოლიდან 11 წუთში მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ: საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ელიანივ ბარდამაც უძლიერესად დაარტყა. საბედნიეროდ, ბურთს კალაძე გადაეფარა და ჩვენი გუნდიც აშკარა გოლს გადაურჩა.
ეს იყო ქართველთა ორი ყველაზე უხეში შეცდომა, ისე კი, თელ ავივში ჯვაროსნებს ძალიან ბევრი დაეწუნებოდათ. გავიხსენოთ საყრდენი ზურაბ ხიზანიშვილის არაერთი წაგებული ორთაბრძოლა და რამდენჯერმე მეტოქეთათვის გადაბარებული ბურთი (რასაც მწვავე კონტრშეტევებიც მოჰყვა), განაპირა მცველების ლაშა სალუქვაძის და კახა კალაძის პოზიციური შეცდომები, საჯარიმოსთან ცენტრალური მცველების გაუმართლებელი ჯარიმები... თემურ ქეცბაიამაც ხომ აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე – დღეს ძალიან ბევრჯერ შევცდითო...
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
ისრაელი 1:0 საქართველო
ხორვატია-ისრაელთან მატჩებით თუ ვიხელმძღვანელებთ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქის შეცდომაზე თამაშობს. მარტივად თუ ვიტყვით, თავის შანსს ელის, გოლის გატანაზე უფრო კი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
 
ამას რომ ვამბობთ, ცხადია, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მწვრთნელის არჩევანი კარგი ცხოვრებით არაა განპირობებული: დღეს საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს წინა ხაზის ძლიერი მოთამაშეები. განსაკუთრებით იმ ყაიდის ფეხბურთელთა არყოფნა იგრძნობა, რომლებიც ბურთს დაიჭერენ, შეტევას გონივრულად წარმართავენ, ანუ, ნაკრებს ფერებს შემატებენ.
 
დღესდღეობით ქართველთა შორის ორი ასეთი ფეხბურთელი გვეგულება: ლევან ყენია და ჯანო ანანიძე. ჩვენდა სამწუხაროდ, პირველს ტრავმების გამო, კარგა ხანია ნაკრებში კი არა, კლუბშიც არ უთამაშია, ანანიძე კი ევროშესარჩევებამდე რამდენიმე დღით ადრე დაშავდა. ასეთი დანაკლისი უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა, ორივე თამაშში თვალნათლივ დავინახეთ. განსაკუთრებით ისრაელში, სადაც არცთუ ძლიერ და ერთფეროვნად მოთამაშე მასპინძლებთან ჩვენმა გუნდმა ღირებული ვერაფერი შექმნა. ჯვაროსნების ყველაზე რეალური შანსიც მასპინძელთა ძალიან უხეშ შეცდომას მოჰყვა, რითაც ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ლადო დვალიშვილმა, სამწუხაროდ, ვერ ისარგებლა – ცარიელ კარს ააცილა ბურთი...
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
ისრაელი 1:0 საქართველო
და თუ ფორვარდი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ თავდასხმა ჩვენი გუნდის მეორე სუსტი წერტილია. თუ რატომ ვფიქრობთ ასე, ხორვატია-ისრაელთან მატჩების სტატისტიკური მონაცემებით ძალიან მარტივად აიხსნება: ორივე ევროშესარჩევში ჩვენმა გუნდმა, საერთო ჯამში, კარში ორჯერ(!) დაარტყა. ხორვატთა მეკარემ ვედრან რუნიემ ბურთი ვერ მოიგერია, ისრაელის ნაკრების გოლკიპერმა და კაპიტანმა დუდუ აუატემ – კი.
 
სუსტი თავდასხმა, უხეში შეცდომები, ტრავმირებული ფეხბურთელები და, რაც არანაკლებ გულდასაწყვეტია, მწირი არჩევანი – სათადარიგოთა მოკლე სკამი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი პრობლემის გადალახვა უწევს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის დღევანდელი 9 ქულა და მეოთხე ადგილი ცუდი ნამდვილად არაა.
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
ისრაელი 1:0 საქართველო
დახედეთ ჩვენს ჯგუფს და მიხვდებით, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა: გაისად პოლონეთ-უკრაინაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი კიდევ არსებობს. და თუ ჩვენი ჯგუფის კალენდარსაც გავითვალისწინებთ, ოცნება მიუწვდომელი სულაც არ მოგვეჩვენება.
6 შესარჩევი მატჩის შემდეგ 9 ქულა საქართველოს ნაკრებს აქამდე ერთადერთხელ ჰქონდა: დიდ ფეხბურთში დებიუტისას, ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ტურნირში. მაშინ ალექსანდრე ჩივაძის გუნდი, სადაც თემურ ქეცბაიაც თამაშობდა, მესამე ადგილზე გავიდა.
 
დღეს ქეცბაიას ნაკრებს იმ შედეგის გაუმჯობესების ჩინებული შანსი აქვს: 4 ივნისს ხორვატიას ვსტუმრობთ, შემოდგომით, 2 სექტემბერს ჯერ ლატვიას ვმასპინძლობთ, 6-ში მალტას გასვლაზე ვეთამაშებით, 11 ოქტომბერს კი ბერძნებთან საშინაო მატჩით ვამთავრებთ საკვალიფიკაციო ტურნირს.
ბერძნების სტუმრობამდე ჩვენს ჯგუფში გაცილებით ნათელი სიტუაცია იქნება და ეგებ, ევროსაგზურის მფლობელიც აქ, თბილისში, ეროვნულზე გაირკვეს. ასეთ შემთხვევაში ამ შეხვედრას თამაში ვეღარ დაერქმევა – თავადაც ხვდებით, ეს ბრძოლა იქნება.
ბრძოლა ოცნებისათვის!
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
სატურნირო მდგომარეობა
კალენდარი
4 ივნისი: ხორვატია-საქართველო; ლატვია-ისრაელი; საბერძნეთი-მალტა
2 სექტემბერი: საქართველო-ლატვია; ისრაელი-საბერძნეთი; მალტა-ხორვატია
6 სექტემბერი: მალტა-საქართველო; ლატვია-საბერძნეთი; ხორვატია-ისრაელი
7 ოქტომბერი: საბერძნეთი-ხორვატია; ლატვია-მალტა
11 ოქტომბერი: საქართველო-საბერძნეთი; მალტა-ისრაელი; ხორვატია-ლატვია 
 
 

კომენტარები