ზატულინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რუსეთის მმართველი პარტიის ”ედიანია როსიას” დეპუტატი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ლიბიის საკითხზე პუტინ-მედევდევის დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ზატულინმა გაზეთ ”კომერსანტს” განუცხადა, რომ ის ”ლიბიასთან დაკავშირებით გამოთქმული  პოზიციის მსხვერპლი გახდა”.  დეპუტატის თქმით, მისი ჩამოქვეითების გადაწყვეტილება პარტიას კი არ მიუღია, არამედ ეს ”უფრო მაღალ დონეზე” გადაწყდა. ”პრეზიდენტს ცილს ვერ დავწამებ, მაგარამ მისმა ადმინისტრაციამ ყველაფრი გააკეთა ამისთვის,” აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

ზატულინი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, თანაგუნდელი იყო. ერთერთი ვერსიით კონსტანტინ ზატულინი სწორედ ამის გამო გაათვისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პირველმა ვიცე-სპიკერმა, ოლეგ მოროზოვმა მედიასთან საუბრისას ზატულნის თანამდებობიდან გაშვებას ”შიდა ფრაქციული როტაცია უწოდა”. ზატულინის თქმით კი, ეს ”ელეგანტური ფორმულირებაა, თუმცა სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს”. მოროზოვის პარალელურად, ზატულინის თანაფრაქციელმა  და თანაპარტიელმა სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომ ზატულინი სხდომაზე ლიბიის შესახებ მიმდინარე დისკუსიის ჩარჩოებს გასცდა. ” საერთოდაც,ის კონფლიქტური პოლიტიკოსია,” დასძინა მარკოვმა.  

რუსეთის მმართველი პარტია სათათბიროს მიერ ლიბიის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებისას რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა: პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა ლიბიაში კოალიციის სამხედრო ოპერაციას ”ჯვაროსნული ლაშქრობა” უწოდა, ხოლო პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ასეთი შედარებები  ”მიუღებელია” და ”ცივილიზაციების დაპირისპირების გარდა არაფერს იწვევს.”

სახელმწიფო სათათბიროში ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსიის დროს,  კონსტანტინ ზატულინმა პუტინის პოზიციას ”მამაცური” უწოდა. ”ყველა დანარჩენს  მამაცურს ვერ ვუწოდებ. ისინი სხვა კატეგორიას მიეკუთვნებიან,” აღნიშნა დეპუტატმა. კონტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით  პოზიციას არ შეუცვლია. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება  ლიბიის საკითხს ”ძალიან ზერელედ მოეკიდა.” 

კომენტარები