სახელმწიფო საუნივერსიტეტო ანშლუსისთვის ემზადება

პარლამენტში სამი კვირის წინ შესული პროექტი უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შესახებ კვლავ კონსულტაციების რეჟიმშია. ტაბულა უკვე წერდა, რომ კანონპროექტი უმაღლეს სასწავლებლებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს ანიჭებს, რეალურად კი  რეგენტთა საბჭოს უქვემდებარებს და ავტონომიას ართმევს. ახალ კანონპროექტს სხვა პრობლემებიც აქვს: იგი კორუფციულ რისკებს ზრდის;  უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას ამცირებს; შეიცავს ბუნდოვან და ორაზროვან მუხლებს; ქონების და ზოგიერთ სხვა საკითხს არ არეგულირებს. ამ თვალსაზრისით, არსებული კანონმდებლობისა და ახალი კანონპროექტის შედარებითი ანალიზი საკმაოდ საინტერესო სურათს გვაძლევს: 

დღემდე  უნივერსიტეტი საკუთარ საქმიანობას თვითონ წარმართავდა. ბიუჯეტი სტუდენტების, პროფესორებისა და კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობით და მათი პრიორიტეტების გათვალისწინებით იგეგმებოდა. უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავდა განვითარების სტრატეგიულ გეგმას, ადგენდა საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს, გამოყოფდა ფინანსებს და სტუდენტების, პროფესორებისა და საზოგადოების წინაშე იყო პასუხისმგებელი. 

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ყველა უნივერსიტეტი შეინარჩუნებს პასუხისმგებლობას სწავლის და კვლევის შინაარსზე, თუმცა მათ საქმიანობას მთავრობის მიერ დანიშნული 5-კაციანი რეგენტთა საბჭო გააკონტროლებს. ამ საბჭოს მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფუნქციებში  შედის ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსების ყოველდღიურ ეფექტიან ხარჯვაზე, შესაბამისად – სწავლების და კვლევების ხარისხზე კონტროლი. მაგალითად, მას შეუძლია, ბიუჯეტში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებისთვის სათანადო დაფინანსება არ გაითვალისწინოს.

დამოუკიდებლობის შეზღუდვის პარალელურად, კანონპროექტი დღევანდელი კანონმდებლობით არსებულ კორუფციულ რისკებს, შემცირების ნაცვლად, ზრდის: 

დღემდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე, ეს უკანასკნელნი კი – პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე.  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უნივერსიტეტზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ვრცელდება. შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა, ერთი მხრივ, მართვას ართულებს, მეორე მხრივ კი, კორუფციული საფრთხეების შემცირებას ემსახურება. 
 
დამოუკიდებლობის შეზღუდვის პარალელურად, კანონპროექტი დღევანდელი კანონმდებლობით არსებულ კორუფციულ რისკებს, შემცირების ნაცვლად, ზრდის
ახალი კანონპროექტის თანახმად კი, ყველა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მხოლოდ მთავრობის მიერ დანიშნული 5 კაცის წინაშეა ანგარიშვალდებული. აღარ არსებობს უნივერსიტეტის ან საზოგადოების პასუხისმგებლობის მექანიზმები. ამასთან, კანონით არ არის განსაზღვრული, რა პრინციპით უნდა შეირჩეს რეგენტთა საბჭოს 5 წევრი; რა ჩაითვლება ინტერესთა კონფლიქტად ამ შემთხვევაში. საბჭოს დამოუკიდებლობის გარანტიები მთავრობისგან და განათლების სამინისტროსგან არ არის გაწერილი. კანონპროექტში არც ის რესურსია განსაზღვრული, რამაც საბჭოს, სულ მცირე, 27 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ფინანსების კონტროლის რეალური საშუალება უნდა მისცეს. საჭირო ბერკეტების მასშტაბზე წარმოდგენას ისიც შექმნის, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ უნივერსიტეტში ყოველწლიურად ბიუჯეტის ცვლილება 10-12-ჯერ მაინც ხორციელდება. ამასთან, კანონპროექტში არ არის განსაზღვრული რეგენტთა საბჭოს წევრების პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი ღიად არის დატოვებული და მთავრობის მიერ დასამტკიცებელი საბჭოს დებულებით განისაზღვრება. კანონპროექტში არც ის ჩანს, თუ რა დაუჯდება ბიუჯეტს ამ დამატებითი სტრუქტურის – რეგენტთა საბჭოს შენახვა.   
 
დღეს უნივერსიტეტებს საკუთრებაში ქონება არ აქვთ – მისი განკარგვის გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭო, რაც შემდეგ განათლების და ეკონომიკის სამინისტროებთან თანხმდება. არ შეიძლება ქონების გასხვისება.
 
ახალ კანონპროექტში არ არის კონკრეტული ხედვა და ვადები, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონების უნივერსიტეტებისთვის გადაცემა. გარდა ამისა, ქონების განკარგვის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უნივერსიტეტთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვას კი რეგენტთა საბჭო იტყვის.
 
უნივერსიტეტს თავისუფლება წესდების დამტკიცებაშიც კი ერთმევა: დღეს ამ დოკუმენტს აკადემიური საბჭო და წარმომადგენლობითი საბჭო ერთობლივად ამუშავებენ და წარმომადგენლობითი საბჭო იღებს. წესდებას განათლების სამინისტრო ამტკიცებს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ რევიზიას უკეთებს. ახალი კანონპროექტით, მას უნივერსიტეტი შეიმუშავებს, მაგრამ კონკრეტულად რომელი მართვის ორგანო, განსაზღვრული არ არის. წესდებას განათლების სამინისტრო ამტკიცებს. ამასთან, მას არ აქვს უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტის დამტკიცების ვალდებულება. აღარც ისაა აღნიშნული, რომ სამინისტროს უფლება აქვს უნივერსიტეტს შენიშვნები მხოლოდ კანონთან შეუსაბამობაზე წარუდგინოს.
 
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ბარიერებს: დღეს არსებობს უნივერსიტეტების საშტატო განრიგის, ქონების განკარგვის (გარდა გასხვისების), სესხის აღების, წესდების დამტკიცების შეთანხმების აუცილებლობა მთავრობასთან. ასევე არსებობს ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, შესყიდვები რეგულირდება შესყიდვების შესახებ კანონით, დაწესებულია ფინანსური შეზღუდვები სახელშეკრულებო და საშტატო ხელფასებზე, ასევე სავალდებულოა მართვის ორგანოების რეგისტრაცია. 
 
ახალი კანონპროექტით მთავრობასთან (5-კაციან რეგენტთა საბჭოსთან, ან – მის დანიშნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანაც – განათლების სამინისტროსთან) შესათანხმებელია – ბიუჯეტის დაგეგმვა და ცვლილებები; ნებისმიერი ახალი თანამშრომლის მიღება; ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ქონების გასხვისება და  წესდება. კვლავ აუცილებელი იქნება მართვის ორგანოების რეგისტრაცია. ამას საჯარო რეესტრი ისედაც აკეთებს და ეს დამატებით დაუსაბუთებელ რეგულაციას ქმნის. ინიციატორები საუბრობენ იმაზე, რომ შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნები, სტატუსის ცვლილების შემდეგ, თითქოს უმაღლეს სასწავლებლებზე არ უნდა გავრცელდეს. თუმცა წარმოდგენილი პროექტიდან ეს არ ჩანს და არც შესყიდვების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებებია პარლამენტში შეტანილი. 
 
საინტერესოა ინსტიტუციური ფონდის საკითხი. ამ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას სახელმწიფო უნივერსიტეტები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ლობირებენ. ტაბულა უკვე წერდა, რომ ფონდს, წარმოდგენილი ცვლილებებით, ხელმძღვანელს რეგენტთა საბჭო დაუნიშნავს, რაც მისი შექმნის არსს ეწინააღმდეგება. ამას გარდა, კანონპროექტში არ წერია, რა მიზნით იქმნება ფონდი – რომ მისი ერთადერთი დანიშნულებაა, გადაცემული ქონებრივი და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვის შედეგად, უნივერსიტეტისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვა. არ არის არავითარი წინაპირობა, რომ ფონდმა ამ მისიის შესრულება ეფექტიანად შეძლოს – საკმარისი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, დირექტორის საკმარისი კვალიფიკაცია, სტიმულები შემოწირულობებისთვის. არც ფონდის დირექტორის შერჩევის წესია განსაზღვრული – უნივერსიტეტი ამ პროცესში არ მონაწილეობს 
 
ჩამოთვლილი საკითხები უდავოდ ბევრ კითხვას აჩენს. ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება, უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად, სიტუაციის გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს. 

კომენტარები