აფხაზეთში თურქული ინვესტიციები და ბიზნესი ფართოვდება

0 კომენტარი

საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთზე ემბარგოს ოფიციალურად აგრძელებს, თუმცა ექსპერტები და ადგილობრივი დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ საქართველოს სანაპირო დაცვამ ემბარგო შეასუსტა და აფხაზეთის ნავსადგურებისკენ მიმავალ თურქულ გემებს აღარ აკავებს.

აფხაზეთის ბლოკადა და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ, 1996 წელს ოფიციალურად გაფორმდა. მიუხედავად ამისა, 2000 წლიდან რუსეთმა ნელ-ნელა ეკონომიკური სანქციები გააუქმა. ამას სახმელეთო ვაჭრობის გამოცოცხლება მოჰყვა. საქართველოს საზღვაო პატრული ყველაფერს აკეთებდა, რომ სანაოსნო მიმოსვლა, აფხაზეთთან ვაჭრობის მსურველთათვის, იშვიათი და სახიფათო ყოფილიყო.

1999 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს საზღვაო პატრულმა 60-ზე მეტი გემი დააპატიმრა. მათგან ბევრი მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდა, ხოლო ზოგიერთი ეკიპაჟის მეზღვაური, მცირევადიანი სასჯელით, საქართველოს საპყრობილეებშიც მოხვდა. თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდის მკვლევარი, არგუნ ბასკანი, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, თურქეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 
 
ბასკანი ამ საკითხზე 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის – „აფხაზეთი შავი ზღვის რეგიონის ინტეგრაციისთვის” – თანაავტორია. მისი თქმით, 500,000-კაციანი აფხაზური დიასპორა თურქეთში აფხაზეთთან სატრანზიტო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების აღდგენისა და გაღრმავების საკითხებს აქტიურად ლობირებს. 
 
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაიზარდა როგორც თურქეთის გემების რაოდენობა, ასევე თურქული ინვესტიციების მოცულობა.
როგორც ეტყობა, ანკარა აფხაზურ დიასპორას, ყურს მხოლოდ გარკვეული თვალსაზრისით უგდებს. რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ თურქეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტები გააფართოვა. ქვეყანამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაღალი რანგის დიპლომატები აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასთან შესახვედრად ორჯერ გაგზავნა. 2010 წლის აპრილის ბოლო ვიზიტის შემდეგ, დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, თურქეთის ელჩმა საქართველოში, მურატ ბურჰანმა განაცხადა, რომ ორმხრივი კავშირების გასაღრმავებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ბურჰანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი „აფხაზეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების საკითხს განიხილავდა”.
 
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ ეთნიკურად აფხაზი თურქების მცირე რაოდენობა დაბრუნდა აფხაზეთში – ბასკანის ვარაუდით, 50 ოჯახი წელიწადში – მათ დიდი ზეგავლენა იქონიეს აფხაზური ეკონომიკის განვითარებაზე, წამოიწყეს სხვადასხვა ბიზნესი და  იმპორტ-ექსპორტის კომპანიებიც კი დააარსეს.
აფხაზმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ახრა სმირმა ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაიზარდა როგორც თურქეთის გემების რაოდენობა, ასევე თურქული ინვესტიციების მოცულობა. თებერვლის დასაწყისში, ორდღიანი ვიზიტის დროს ტაბულას კორესპონდენტმა სოხუმის ნავსადგურში ხუთი სხვადასხვა თურქული გემი შენიშნა. რამდენიმე მათგანზე თურქულის გარდა აფხაზეთის დროშაც ფრიალებდა. ოთხი გემი თევზსაჭერი იყო, ხოლო ერთი – კონტეინერი, საიდანაც სხვადასხვა სახის პროდუქცია გადმოიტვირთა.
 
როგორც ჩანს, 2009 წელს მომხდარმა ორმა შემთხვევამ აფხაზეთის საზღვაო ბლოკადის მოხსნას ხელი შეუწყო.
 
2009 წლის აგვისტოში დააპატიმრეს თურქული გემი-კონტეინერი – ბუკეტი. მასზე, როგორც ამბობდნენ, 17 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა. გემს 2,800 ტონა საწვავი გადაჰქონდა. გემის კაპიტანს, ბლოკადის წესების დარღვევისთვის, 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ შემთხვევას თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.
 
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმეთ დავუთოღლუ, მალევე ჩაფრინდა თბილისში და ხუთი დღის შემდეგ გემის კაპიტანი გაათავისუფლეს. როგორც თურქული ყოველდღიური გაზეთი Today’s Zaman წერდა, 2010 წლის აპრილში ამ ინციდენტმა საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. მათ თურქეთისა და აფხაზეთის ურთიერთობები განიხილეს.
 
2009 წლის სექტემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ აფხაზეთის „ტერიტორიული წყლების” დასაცავად საზღვაო დაცვის გემებს გაგზავნიდა და დააკავებდა ნებისმიერ ქართულ გემს, რომელიც აფხაზეთისკენ მცურავი გემის დაპატიმრებას შეეცდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს საზღვაო ფლოტის ორი ყველაზე დიდი გემი გაანადგურა. მას შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვა, რომელმაც 2009 წელს ოფიციალურად შეიერთა ფლოტი, უძლურია იმ რუსულ გემებთან, რომლებიც აფხაზეთის წყლებს პატრულირებენ.
 
2009 წლიდან დღემდე საქართველოს სანაპირო დაცვას მხოლოდ ერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული გემის დატყვევების შესახებ – აფხაზეთისკენ მცურავი უკრაინული გემი, რომელიც 2010 წელს, ეკიპაჟიანად, ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბლოკადის სტატუსის ან აფხაზეთთან უკანონო ვაჭრობის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
 
აფხაზეთში იმპორტის 60% თურქეთიდანაა, ხოლო აფხაზური ექსპორტის 45% თურქეთში გადის. ბარათელიას გაანგარიშებით, 2007 წელს, ანუ, სანამ რუსეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებდა, აგრეთვე ვაჭრობა და თურქული ინვესტიციები გაიზრდებოდა – თურქეთიდან შემოსულ საქონელზე გადახდილმა საბაჟო გადასახადებმა აფხაზეთის ბიუჯეტის 30% შეადგინა.
ბასკანი ამბობს, რომ აფხაზეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ისევ რთულია. იმის შიშით, რომ სამართლებრივი პრობლემები შეექმნებათ, მოვაჭრეები საერთოდ არ საუბრობენ თავიანთ საქმიანობაზე. თუმცა, აფხაზი ეკონომისტის, ბესლან ბარათელიას ანგარიშის მიხედვით, რომელიც თურქულ Turkish Policy Quarterly-ში იყო ციტირებული, აფხაზეთში იმპორტის 60% თურქეთიდანაა, ხოლო აფხაზური ექსპორტის 45% თურქეთში გადის. ბარათელიას გაანგარიშებით, 2007 წელს, ანუ, სანამ რუსეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებდა, აგრეთვე ვაჭრობა და თურქული ინვესტიციები გაიზრდებოდა – თურქეთიდან შემოსულ საქონელზე გადახდილმა საბაჟო გადასახადებმა აფხაზეთის ბიუჯეტის 30% შეადგინა.
 
გასული წლის ივლისის ანგარიშში ბასკანი წერდა, რომ ქართველი და თურქი დიპლომატები თურქეთსა და აფხაზეთს შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენას, მათ შორის, ტრაბზონსა და სოხუმს შორის საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთ შესაძლებლობად ბათუმის ნავსადგურში ბორნის შესვლა განიხილება – აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე საბაჟო კონტროლის გასავლელად.
 
ანალიტიკოსების თქმით, აფხაზეთში თურქული ინვესტიციები და ბიზნესი მნიშვნელოვნად შეავიწროვა ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციებმა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფომ თუ რუსულმა კერძო კომპანიებმა, 2008 წლის ომის შემდეგ განახორციელეს. თუმცა, ბასკანის თქმით, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები თურქეთთან სულ უფრო გაღრმავდება და თურქული კომპანიები სოჭის 2014 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებული სამშენებლო პროექტებისთვისაც იბრძოლებენ. საეჭვოა, რომ ანკარის პოლიტიკური პოზიცია შეიცვალოს. მან აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება „ძალზე არარეალურია” და ამ თვალსაზრისით ოფიციალური ანკარის შეხედულება აშშ-სა და NATO-ს პოზიციას დაემთხვევა. მისივე აზრით, დანარჩენ მსოფლიოსთან აფხაზეთის ურთიერთობების გაფართოება, თბილისთან სამშვიდობო პროცესზე საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს 
 
„საბოლოო ჯამში, რაც უფრო გაიხსნება აფხაზეთი მსოფლიოსთვის, მით უფრო გაუფართოვდება მას თვალთახედვა და უფრო ობიექტურად განეწყობა სხვებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობების იდეის მიმართ”, – განაცხადა ბასკანმა. 
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო აფხაზავა

კომენტარები