ბეემვემ შანხაისთვის მე-6 სერიის განახლებული კუპე მოამზადა

გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია საავტომობილო სამყაროს პირველად შარშან, პარიზის ავტოშოუზე უჩვენა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ სერიულ ვერსიასაც მალე ვნახავდით. და აი, შანხაის საავტომობილო შოუს დამთვალიერებელს, პირველად მიეცემა ამ შესანიშნავ ავტომობილთან გაცნობის საშუალება. თუმცა, ბავარიელებმა მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით უკვე გაავრცელეს.

წინამორბედთან შედარებით, მე-6 სერიის განახლებული კუპე ზომებში გაზრდილია. 75 მილიმეტრით არის გაზრდილი სიგრძე და ბორბლებს შორის ბაზა, სიგანეში მატება მხოლოდ 39 მილიმეტრია. სამაგიეროდ, სიმაღლე 5 მილიმეტრითაა შემცირებული. საბარგულის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა და 460 ლიტრს შეადგენს.

გაყიდვების დასაწყისში, განახლებულ კუპეს მყიდველს ორი ძრავით შესთავაზებენ. ერთია 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ტურბოძრავი, რომელიც 320 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ ძრავით აღჭურვილ ავტომობილს, რომლის ინდექსიცაა 640i, ადგილიდან ასამდე აჩქარება 5.4 წამში შეუძლია.
 
მეორე ძრავია 4.4-ლიტრიანი ტურბოკომპრესორიანი V8, რომელიც 407 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს ავითარებს. შესაბამისად, მისი (650i) დინამიკა ოდნავ უკეთესია – ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.9 წამი ჰყოფნის. ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ის ნიშნულზეა შეზღუდული.
 
ამ ეტაპზე, ბავარიელები ასევე ამზადებენ კუპე M6-ს, რომელიც 5.0-ლიტრიანი V10 ძრავით აღიჭურვება. ოღონდ, ამ ვერსიის და შესაბამისად, ძრავის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ბეემვემ გაგვანდო, რომ ასეთი ავტომობილის გაყიდვებს გაისად დაიწყებს.
 
რაც შეეხება ფასებს, საბაზო კუპე 640i გერმანიაში 74 700 ევრო ეღირება, 9 ათასი ევროთი ნაკლები, ვიდრე მის ბაზაზევე შექმნილი კაბრიოლეტი. გარდა ამისა, მწარმოებელი ამ კუპეს დიზელის ძრავით აღჭურვასაც აპირებს. შემდეგ კი ამავე ავტომობილის ბაზაზე, ოთხკარიანი კუპეც დამზადდება, რომელიც ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
 
მას შემდეგ, რაც მე-6 სერიის განახლებული კუპეს პრემიერა შანხაის გამოფენაზე ჩატარდება, მას პირველ რიგში, ბეემვეს ევროპელი და ამერიკელი დილერები მიიღებენ. ამ ავტომობილით, ბავარიელები კონკურენციას იაგუარის კუპე XK-ს და მერსედეს ბენცის ანალოგიური E-კლასის კუპეს გაუწევენ. 

კომენტარები