ქართული კინო

ორგაზმი ქართულად

0 კომენტარი

შეფასება: 3/5

რას შეიძლება შევადაროთ გიორგი ლიფონავას ახალი ფილმი „ჭამა და სექსი”? რა თქმა უნდა, ჩვენთან აქამდე გადაღებული სურათები ამისთვის არ გამოგვადგება. ეს არის დამოუკიდებელი ქართული ფილმი, ორიგინალური სცენარით. ფორმულა კრეატივის მორიგ პროდუქტს  პრეტენზია აქვს დაანახოს მაყურებელს ის, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავს, აკეთებს და თვალს არიდებს. 

„ჭამა და სექსი” ტრაგიკომედიაა, რომლის მონაწილე ფილმის პერსონაჟები ქართული საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ის ხალხი, ვინც სურათის პროტაგონისტების ცხოვრებით ყოველდღიურად ცხოვრობს და ისინი, ვინც მათ ყოფას დასცინიან. ფილმი 5 ნოველისგან შედგება. ხუთ რეალურ ფაქტზე დაფუძნებული ისტორია, რომელიც სევდანარევი იუმორით გვიყვება ერთმანეთისაგან განსხვავებულ, თუმცა ჭამითა და სექსით დაკავშირებულ ისტორიებს. 
 
ნოდიკოს და სალომეს პირველი, სამადლობელის დალევით დაწყებული „განსხვავებული” ღამე სასტუმროს ნომერში. ლევანის და მაკას სახალისო, მაგრამ სევდიანი ისტორია, რომელიც მაკას მშობლების სახლში ვითარდება. მუდამ უხერხული სიტუაციები, დაუსრულებელი ჭამა და ორგაზმის გარეშე ყოფნა. გიგა, ნათია, მარხვა და კატლეტი. სამი ძმაკაცი და მეძავები აგარაკზე – სოკოს წვნიანით და გარდაცვლილი ბიძის შესანდობარით „შეზავებული” ამბავი. ლიკას და ზაზას ურთიერთობა, რომელიც სამი სიტყვით: ხინკალი, სექსი, ეჭვი – შეიძლება დახასიათდეს. 
 
ფორმულა კრეატივმა მშვენიერ ფორმულას მიაგნო, თუ როგორ უნდა გააცინოს (თან მწარედ) მაყურებელი. გამოგონილი ისტორიების ნაცვლად, მათ ჩვეულებრივი ამბები აიღეს, კარგი სცენარი და დიალოგები დაწერეს და მაყურებელს წარუდგინეს. შესაბამისად, ფილმი რეალისტურია, ადვილად შეგიძლიათ ნებისმიერ პერსონაჟში საკუთარი თავი ამოიცნოთ, ან თქვენი მეზობელი, მეგობარი და ნაცნობი დაინახოთ. თითოეული ისტორია ძალიან ნაცნობია. ძალიან სასაცილო და… სამწუხაროდ, სევდიანი. ფილმი ხომ თანამედროვე ქართულ ყოფას ასახავს, ცოლ-ქმრების ურთიერთობას, მათ გააზრებულ თუ გაუაზრებელ დამოკიდებულებას სექსის, ოჯახის, მშობლების, რელიგიისადმი. „ჭამა და სექსი” – ეს მხოლოდ ადამიანის ორ მნიშვნელოვან ინსტინქტზე კი არა, მათი ქართული შერწყმით მიღებულ მუტანტზე გადაღებული ფილმია. 
 
ტრადიციულად, ქართული ფილმების უდიდესი მინუსი მსახიობების იმპოტენტური თამაშია. გიორგი ლიფონავას ნამუშევარმა კი აქაც „უღალატა” ტრადიციებს. მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, დამაჯერებლობა არ აკლიათ და რეალიზმის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებენ.  
 
ტექნიკურად ფილმი საკმაოდ დაბალი დონისაა. პირველი ეპიზოდი ძალიან გაწელილია, ბევრი აშკარად ზედმეტი კადრია. სხვა ისტორიებს მონტაჟის ხელი საერთოდ არ ეტყობა, ოპერატორის ნამუშევარი ძმაკაცებისა და მეძავების ეპიზოდებში ამაო წვალებას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე ღირებულის გადაღების მცდელობას. გიორგი ლიფონავა („ჩვენი ოფისი”, „კლინიკა”, „ნაფიცი მსაჯული”) კინოში სერიალების გავლით მოხვდა და მისთვის სატელევიზიო შოუების ესთეტიკა უცხო არ არის, „ჭამა და სექსი” კი თავისი პრიმიტიული რეჟისურით ხშირად მოგაგონებთ სერიალს. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება „ეპატიოს” ფილმს, სცენარისტების (ქეთი დევდარიანი, მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე) კარგი ნამუშევრის და მსახიობების თამაშის წყალობით, რომლებიც ოსტატურად ქმნიან დადებით მუხტს.
 
„დიდი ნადიმი” მარკო ფერერის მშვენიერი შავი, ბოროტი, კომედიაა 4 მამაკაცზე, რომლებიც ზედმეტი ჭამით სიკვდილს აპირებენ, უკანასკნელ გზაზე კი გადაწყვეტენ, რომ სექსი სჭირდებათ და მეძავებს დაიქირავებენ. სწორედ ეს ფილმი გამახსენა გიორგი ლიფონავას ნამუშევარმა, რომელიც იმავე იარაღით (საჭმელი და სექსი) და უფრო მსუბუქი ფორმებით ცდილობს, ხალხს მათ ირგვლივ არსებული პრობლემები დაანახოს. 
 
„მებრძოლთა კლუბში” ტაილერ დერდნერი ამბობს – „საკუთარი თავის განვითარება მასტურბაციას ჰგავს”.  ქართული კინო გლობალური ონანიზმის მორევშია და იშვიათად კავდება სექსით. გიორგი ლიფონავას ფილმი კი პირველი ნაბიჯია ჯანსაღი კვებისა და სექსუალური აქტისაკენ; ნამუშევარი, რომელსაც აქვს უნარი კინოთეატრში მისული მაყურებელი კმაყოფილი დატოვოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები