რუსულ-აფხაზური დაპირისპირება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიისთვის

ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქიაში სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მონასტერში რუსი წინამძღვრის ეფრემ ვინოგრადოვის დანიშვნის  გამო დაწყებული დაპირისპირება  პიკს 15 მაისს მიაღწევს. სწორედ  ამ დღეს დანიშნა ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარმა მამა ანდრიამ (ამპარი) საერთო საეკლესიო-სახალხო კრება.

მოვლენები აფხაზეთში ასე ვითარდებოდა: 16 მარტს მღვდელთმსახური ბესარიონ აფლიაა და ეფრემ ვინოგრადოვი რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქს, კირილე მეორეს შეხვდნენ. რუსული და აფხაზური მედიის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს იმაზე,  რომ ახალი ათონის მონასტერს სჭირდება ახლი წინამძღვარი და რუსეთის პატრიარქმა ეფრემ ვინოგრადოვი აფხაზეთში მსახურებისთვის აკურთხა.  31 მარტს აფლიაა ვინოგრადოვთან ერთად ახალი ათონის მონასტერში მივიდა. მონასტრის წინამძღვარი და ბერები მას მშვიდად შეხვდნენ.  1 აპრილს აფლიაამ ვინოგრადოვი  ცხუმ -აფხაზეთის ეკლესიის მმართველი საბჭოს წევრად დანიშნა. გაზეთ ”ნაშა აფხაზიას” ცნობით, იმავე დღეს ვინოგრადოვმა ახალი ათონის მონასტერში ბიზანტიური წესით წირვა, ასევე აფხაზური გალობა და ბიზანტიური შესამოსელი აკრძალა და ბრძანა ”ყველაფერი რუსულად უნდა წარიმართოსო.”

ამ ფაქტმა აფხაზი საეკლესიო პირების აღშფოთება გამოიწვია და 4 აპრილს აფხაზეთის ე.წ. საეკლესიო კრებაზე, რომელზეც ვინოგრადოვი ახალი ათონის წინამძღვრად დაამტკიცეს,  მამა ანდრია ამპარი აღარ მივიდა. იმავე დღეს მონასტერში ჩასული ახლადდანიშნული წინამძღვარი ეფერმი და ბესარიონ აფლიაა მონასტერში მრევლმა და ბერებმა აღარ შეუშვეს. ხოლო მამა ანდრიამ განაცხადა, რომ აფლიაა ეწინააღმდეგება აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობას მას რუსეთის ეკლესიის ნაწილად განიხილავს.   15 მაისს დანიშნულ საერთო საეკლესიო სახალხო კრებაზე სწორედ აფლიაას საკითხს განიხილავენ. 

8 აპრილს აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირებმა, რომელთა უმრავლესობა ეროვნებით რუსია,  ტელევიზიით კიდევ ერთხელ მოუწოდეს  მრევლს  არ დაუჯერონ მამა ანდრიას და არ აყვნენ ”პპროვოკაციებს.” მამა ანდრიას მხარი დაუჭირა აფხაზეთიდან აფლიაას მიერ განდვნილმა მღვდელმსახურმა, სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტმა მამა დოროთე დბარმა.  პოპულარულ აფხაზურ გაზეთ ”ნუჟნაიაში” მან ბესარონ აფლიაა სჯულის კანონის, საეკლესიო კრებების განჩინებების და მონასტრის ტიპიკონის   დარღვევაში ამხილა. დბარმა   აფლიაა და ეფრემ ვინოგრადოვი  მამა ანდრიას წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, ისინი საიდუმლოდ შეხვდნენ რუსეთის პატრიარქ კირილე მეორეს,  ცილი დასწამეს მამა ანდრიას და ფარულად, რუსეთის პატრიარქთან ერთად, აფხაზეთის საულიერო პირების გვერდის ავლით გადაწყვიტეს ეფრემის დანიშვნის საკითხი.

მამა დოროთემ ეფერმ ვინოგრადოვს მოუწოდა თავი დაანებოს ”იეზუიტურ ინტრიგებს,” რუსეთში ”თავის მონასტერში დაბრუნდეს” და ბერულ ცხოვრებას მიჰყოს ხელი, ვინიდან ”მას ეშმაკი ახალი ათონის მონასტრის გრანდიოზული სანახებითა და არქიტექტურით აცდუნებს”.  თავის წერილში მამა დოროეთემ  აღნიშნა, რომ დაოჯახებულ უბრალო მღვდელს, როგორიც არის აფლიაა არ აქვს უფლება ეპარქიის ხელმძღვანელი იყოს.   ”ეფრემ ვინოგრადოვის აფხაზური ეკლესიის მმართველ საბჭოში დანიშვნა იგივეა, რომ  რუსეთიდან ჩამოსული ნებისმიერი ჩინოვნიკი აფხაზეთის მთავრობის  წევრი გახდეს ჩამოსვლიდან მეორე დღეს,”  წერს მამა დოროთე.

აფხაზური მედია დღეს ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზი სასულიერო პირების მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ცხადი გახდა, თითქოს რუსეთის საპატრიარქომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოატყუა, როდესაც განაცხადა, რომ ვინგრადოვის დანიშვნაში რუსეთის საპატრიარქო არ მონაწილეობდა. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა,  მამა მიქაელ ბოტკოველმა ”ტაბულასთან” საუბარში განაცხადა, რომ ვინმე  აფლიაას განცხადებები  საპატრიარქოსთვის ”არაფრისმთქმელია.”  ”რუსეთის საპატრიარქომ კათოლიკოს პატრიარქთან საუბარში უარყო, რომ ვინოგრადოვის დანიშვნასთან რაიმე კავშირი აქვს და ეს მნიშვნელოვანია, ხოლო რას ამბობს მღვდელი  აფლიაა  ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,” აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა. 

კომენტარები