ცვლილებების მოლოდინში დაკარგულები

შეფასება: 2,5 / 5

6 აპრილს, კინოთეატრ რუსთაველში, დახურული ჩვენება გაიმართა. დიდ დარბაზში სალომე ჯაშის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ბახმარო” გავიდა. თუ გავითვალისწინებთ რეჟისორის ძველ ფილმებს („ერთ-ერთი მინისტრი”, „ლიდერი ყოველთვის მართალია”), რომელთაც საზოგადოებაში პოლემიკა მოჰყვა, ცხადი იყო, რომ სურათის მიმართ ინტერესი არსებობდა. 3-წლიანი სამუშაო პროცესი ამ ყველაფერს ინტრიგასაც კი მატებდა. 

სამსართულიანი აგურის სახლია. ზოგან ჩამტვრეული ფანჯრებით და ხავსმოკიდებული რაფებით. კამერა გულდასმით და დიდხანს გიჩვენებს შენობას საერთო თუ ახლო ხედებით, ზედ გაკრულ ჭრელ აბრებს: „სტომატოლოგიური”, „კონსერვატორები”, „ციფრული ფოტო”...  ვიღაც აზიური გარეგნობის მამაკაცი კედელზე წითელ ბურთსაც ჰკიდებს – ალბათ ჩინური მაღაზია იხსნება. აგერ სლოტკლუბიც და ქრიტიან-დემოკრატთა პარტიის ადგილობრივი ოფისიც. იქვე კუთხეში ძაღლიც ყეფს. ეს ერთგვარი შენობა-ჰიბრიდია, მიკროსამყარო, რომელიც საკუთარი ბეჩავი მობინადრეებით, ერთი ქვეყნის შესახებ მოგიყვება. ქვეყნის, რომელიც ცვლილებების მოლოდინშია. 

ბახმარო –  შენობა-ჰიბრიდის ერთ ნაწილში განთავსებული რესტორანია. ძველი ხის მაგიდებით, პლასტმასის ჭიქებში ჩადებული ხელსახოცებით და კუნთიანი მიმტანი ქალით. ის მუშტარის არყოფნისას, თანამშრომელს მაგიდებს შორის, სასადილოს ცენტრში ქერად უღებავს წამოზრდილ თმას. დირექტორი თავისი კაბინეტიდან პერიოდულად იძლევა დირექტივებს და რატომღაც, უჯრაში ინახავს კერძს. ვიღაც ავტომატზე თამაშობს, ვიღაც პურს ყიდის და საკუთარ „გამათხოვრებულ ცხოვრებაზე” წუწუნებს, ვიღაც კი ამ დროს იქვე, საპასპორტო ფოტოს იღებს. უგემოვნო, მწვანე და წითელი პლასტიკატის კედლები, ზედ სრულიად უადგილოდ მიკრული მოდილიანი და ამის ფონზე ქალი, იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში – ასეთია „ბახმარო”. 
 
თავისთავად, რესტორან ბახმაროს გმირები, დროში ჩარჩენილი ერთფეროვნებით, აუცილებლად აღძრავენ მაყურებელში სევდიან გრძნობებს. მათი შემყურე, სხვა თუ არაფერი, გორბაჩოვის დანახვასაც შეიძლება ელოდო წითელი მიხაკით ხელში, მაგრამ... რამდენჯერ უნდა ვნახოთ წინსაფრიანი ქალბატონები ცელოფანგადაკრულ მაგიდებთან ან დროში გაყინული პროვინციები? ნუთუ ამ გაყინული სივრცეების კიჩი ისევ საინტერესოა ჩვენთვის? მით უმეტეს მაშინ, თუ არსებული სოციალური ლანდშაფტის ჩვენების გარდა, სხვას ვერაფერს სთავაზობ მაყურებელს. რა უნდა აღმოგვეჩინა ამ ფილმით? ის, რომ დედაქალაქის გარეთ (თუ შიგნით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) არის ადგილი, სადაც ყველაფერი ძველებურადაა, სადაც ადამიანები მძიმე რეალობაში, უკან, წარსულში ცხოვრობენ და დღესაც კაკაოსფერი ჟიგულებით დადიან? თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ეს სურათი ათასჯერ მაინც გვქონია ნანახი.
 
„კარგი სტუდენტური ნამუშევრის” გარდა, ფილმს ვერაფერს დაარქმევ. თუ გავითვალისწინებთ ჩამოთვლილ დონორ კომპანიებს, რომელთაც სურათის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა და ტრანსლაციის უფლებების მქონე საერთაშორისო ტელეკომპანიათა შთამბეჭდავ სიასაც გადავხედავთ, ცხადი ხდება – „ბახმარო”, „სტუდენტურზე” სულაც არ ყოფილა გათვლილი. 
 
ფრაგმენტულად ნაჩვენები დიალოგები, მის გმირებზე არანაირ ინფორმაციას არ გაწვდის; ოპერატორის შემყურე ხვდები – აჯობებდა, პროფესიონალს ემუშავა; ფილმი, რომელშიც პერიოდულად შეიძლება აღმოაჩინო სასაცილო პასაჟები, გაცილებით მოქნილი იქნებოდა, 15 წუთის ქრონომეტრაჟი რომ ჰქონოდა. და მაშინ ალბათ აღარც იმ ჭუჭყიანი დერეფნისა და მულტიფუნქციური აგურებიანი სახლის ექსტერიერის ყურება დაგღლიდა ასე. 
და კიდევ ერთი. ერთი სახლის თუ შენობის განზოგადება, მისი დროში ჩარჩენილი, ღატაკი გმირები, რომელთა ფუჭი ფუსფუსი სევდიან განწყობაზე გაყენებს – მსგავსი სოციალური „ეგზოტიკა” საფესტივალო წარმატებისათვის გარანტირებულია. ამის მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა თემაა. 

კომენტარები