ქართული კინოსექტორის კვლევა (Mapping) დაწყებულია

4–7 აპრილამდე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ კინოცენტრს ბრიტანული საკონსულტაციო (BOP-კონსალტინგი) კომპანიის წარმომადგენლები ჟოზეფინ ბარნსი და რიჩარდ ნეილორი სტუმრობდნენ. ეს არის კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით კრეატიულ ინდუსტრიებში მოღვაწეობს. ამ შემთხვევაში მათი ყურადღება ქართულ კინემატოგრაფზე შეჩერდა.ეს იყო მათ მიერ პროექტის ”კინოსექტორის ეკონომიკური რუკის კვლევა (Mapping)”  ფარგლებში  ჩატარებული პირველი აქტივობები, რომლებიც მოიცავდა შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და დისკუსიებს კინოსექტორის წარმომადგენლებთან.

პირველ ოფიციალურ ნაწილში სტუმრები  კულტურის მინისტრს შეხვდნენ, ხოლო მეორე ნაწილში ე.წ. მრგვალი მაგიდა შედგა, სადაც თავი მოიყარეს სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებმა: ქალაქ თბილისის მერია, საქპატენტი, საქართველოს პარლამენტის კულტურისა და მეცნიერების დეპარტამენტი, კინოცენტრი, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სააგენტო, საინვესტიციო სააგენტო ინვესტ ჯორჯია და ტურიზმის დეპარტამენტი. გეგმის მიხედვით აპრილის ბოლოს კვლევითი პროცესები დაიწყება, რომელიც მოიცავს: კინოსექტორის დეტალურ შესწავლას, ბიზნესის მოცულობასა და ეკონომიკურ ბრუნვას; ქართული კინოსა და მისი ფუნქციონირების თვისობრივ შესწავლას, რაც გულისხმობს უნარებს, ბაზარს, სამუშაო ადგილებს, კულტურულ კავშირებს, ასევე სექტორის განვითარების პერსპექტივებს და სხვა.  

 7 აპრილი კომპანია BOP-ის წარმომადგენლების სტუმრობის დასკვნითი დღე იყო. ეროვნულ კინოცენტრში ჟოზეფინ ბარნსი და რიჩარდ ნეილორი ქართველ რეჟისორებს, პროდიუსერებსა და მსახიობებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დიალოგის რეჟიმში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა განიხილეს. როგორც კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი აღნიშნავს, „ქართული კინო ახლა განვითარების იმ ეტაპამდე მივიდა, როდესაც ის ქვეყნისთვისაც აქტუალური გახდა.შემდგომში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მტკიცებულებები გვჭირდება, გვჭირდება ”Mapping” ანუ ეკონომიკური რუკის შექმნა, რომელიც ზუსტ სტატისტიკასა და მონაცემებს მოგვაწვდის. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ფოკუს ჯგუფები,  გაკეთდება ინდივიდუალური ინტერვიუები, მოხდება უცხოელი ექსპერტების მიერ მიღებული სურათის გაანალიზება და  სექტემბრის ბოლოს ჩვენ შევძლებთ საბოლოო მოხსენების მომზადებას ქართულ კინოსექტორში არსებული ძირეული პრობლემებისა და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ”.

 

 

კომენტარები