სიდნი

0 კომენტარი

სიდნი ლუმეტი, რომლის ბრწყინვალე კარიერაც დაიწყო გენიალური ფილმით „12 განრისხებული მამაკაცი“ და დასრულდა კრიტიკოსებისაგან მოწონებული სურათით „სანამ ეშმაკი გაიგებს რომ მკვდარი ხარ“, 2011 წლის 9 აპრილს, 86 წლის ასაკში ლიმფომისაგან გარდაიცვალა.

 კარიერის 60 წლის განმავლობაში ნიუ იორკელმა რეჟისორმა 60-70-იან წლებში გადაიღო რამდენიმე დინამიური, ინოვაციური, შთამბეჭდავი ფილმი, რომლებში მონაწილე მსახიობებმაც ჯამში ოსკარის 18 ნომინაცია მოიპოვეს. თავად ლუმეტს მხოლოდ დამსახურებისათვის გადასცეს ოქროს სტატუეტი 2005 წელს.

რეჟისორი დიდ კინოში სატელევიზიო შოუებიდან გადმოვიდა, როგორც რობერტ ოლტმენი და ჯონ ფრანკენჰეიმერი. სადებიუტო მხატვრული ფილმი 1957 წელს გადაიღო - „12 განრისხებული მამაკაცი“. დაძაბულმა და კლაუსტროფობიულმა დრამამ ნაფიც მსაჯულებზე, მას პირველი ნომინაცია მოუტანა „ოსკარზე“
 როგორც საუკეთესო რეჟისორს. ეს იყო პირველი პაემანი ხუთიდან, მაგრამ საბოლოოდ ოსკარს მან თავი მხოლოდ საკუთარი დამსახურებებით მოაწონა. „არასოდეს მიფიქრია, რომ აკადემიის უმაღლეს ჯილდოს მოვიპოვებდი, მაგრამ ყოველ ჯერზე ლიმუზინში ჩაჯდომისას, ვარწმუნებდი თავს, რომ ამის დიდი შანსები მქონდა“, - განაცხადა 2008 წელს რეჟისორმა.

 60-იან წლებში ლუმეტმა მყარად დაიმკვიდრა თავი ჰოლივუდში როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა რეჟისორმა. 1965 წელს როდ სტეიგერს მიაღებინა ნომინაცია მამაკაცის მთავარი როლისათვის ფილმში „მევახშე“, შემდეგ კი შონ კონერის აცლიდა ჯეიმს ბონდის იარლიყს ფილმებში „ბორცვი“ და „ანდერსონის ჩანაწერები“. 73-ში ალ პაჩინო იქცა მის მუზად - პირველად „სერპიკოში” შედგა მათი ბრწყინვალე თანამშრომლობა. შემდეგ წელს სიდნიმ ვარსკვლავებით დახუნძლული აგატა კრისტის მოთხრობის „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ ადაპტაცია გადაიღო, რომელმაც 6 ნომინაცია მოიპოვა „ოსკარზე“. მომდევნო წელს კი კვლავ ალ პაჩინოსთან ერთად გამოუშვა სურათი „ძაღლური შუადღე“ - ერთ-ერთი საუკეთესო კრიმინალური ფილმი.

 როდესაც ასეთი გარბენი 70-იანების პირველ ნახევარში ბევრი რეჟისორისათვის კარიერის პიკი იქნებოდა, ლუმეტი მაინც არ გაჩერებულა და 76 წელს სამყაროს „ქსელი“ მოუვლინა. გენიალური სატირა, რომელიც არც მალავდა საკუთარ მწყრალ დამოკიდებულებას ტელევიზიის მიმართ. სურათმა 10 ნომინაცია მოიპოვა „ოსკარზე“, მაგრამ მთავარი ფილმის კატეგორიაში „როკისთან“,  იმ წლის კონკიას ისტორიასთან  დამარცხდა. ეს თითქოს ძლიერი დარტყმასავით აისახა ლუმეტის ფილმოგრაფიაზე, რადგან 82 წლამდე მას უკვე განსაკუთრებული არაფერი გადაუღია, ხოლო 82-ში ბრწყინვალე დრამით „ვერდიქტი“ შეახსენა კინოსაზოგადოებას თავი და მორიგ ნომინაციას გამოკრა ხელი „ოსკარზე“.

 90-იანებში და ახალი მილენიუმის დასაწყისში ლუმეტი კვლავ აგრძელებდა ფილმების გადაღებას, მაშინ, როდესაც მისი ასაკის ბევრი რეჟისორი საკუთარ ფეშენებელურ ვილაში განვლილი ბრწყინვალე კარიერის მოგონებით იყო დაკავებული. სიდნი დაუღალავად განაგრძობდა მუშაობას და ჟანრიდან ჟანრში ინაცვლებდა. 90 წელს „კითხვა და პასუხი“ გადაიღო კორუმპირებულ დეტექტივებზე, 96-ში კი კომედია „ინტენსიური თერაპია“. კარიერა 2007 წელს ბრწყინვალე კრიმინალური ტრაგედიით „სანამ ეშმაკი გაიგებს რომ მკვდარი ხარ“ დაასრულა. ფილმის პრემიერაზე ლუმეტს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდა 83 წლის ასაკში კვლავ ძლიერი ფილმების გადაღებას, რაზეც რეჟისორმა უპასუხა: „ვიცი, რომ ყველა განცვიფრებულია, იმდენად ვართ შეპყრობილნი ახალგაზრდობით, მაგრამ ნამდვილდ არ მესმის რატომ წარმოადგენს ეს ვინმესთვის სიურპრიზს“.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები