საქართველოს საბანკო ბაზრის მიმოხილვა

რაც უფრო კონკურენტულია საბანკო ბაზარი, ბაზარზე შესვლის და გამოსვლის პირობები შედარებით თავისუფალია, წილები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილებული, ხოლო ბანკების პროდუქციაზე საპროცენტო განაკვეთები – მომხმარებლისთვის უფრო მომგებიანი. საქართველოს საბანკო ბაზარზე ყველა ეს პირობა დარღვეულია. შედეგად, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ქართულ ბანკებში დეპოზიტებსა და სესხებზე პირობები გაცილებით უფრო არამიმზიდველია. 

საქართველოს საბანკო ბაზარზე მოხვედრის მთავარი წინაღობა 12 მილიონი ლარის ოდენობის საწესდებო კაპიტალის მოთხოვნაა. ბოლო წლებში, ეს მოთხოვნა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ბანკმა ბაზარზე „თამაში” ეროვნული ბანკის თანხმობის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში თუ არ დაიწყო, მას ლიცენზია ავტომატურად გაუუქმდება. ამდენად, „საბანკო წრეში” ჩართვისთვის 12 მილიონ ლარზე გაცილებით მეტია საჭირო. 
 
მდგომარეობას ართულებს წილების განაწილებაც ქართულ საბანკო სექტორში. მთელი ბაზრის 79%-ს ფლობს მხოლოდ 4 ბანკი, დანარჩენი 21% კი – 15 ბანკზე ნაწილდება. 2010 წლის სამი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ბანკი 33%-ით პირველ ადგილზეა, მეორეზე – თიბისი ბანკი, 25%-ით, შემდეგ – ბანკი რესპუბლიკა 11%-ით და პროკრედიტ ბანკი 10%-იანი წილით. 
 
მთელი ბაზრის 79%-ს ფლობს მხოლოდ 4 ბანკი, დანარჩენი 21% კი – 15 ბანკზე ნაწილდება. 2010 წლის სამი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ბანკი 33%-ით პირველ ადგილზეა, მეორეზე – თიბისი ბანკი, 25%-ით, შემდეგ – ბანკი რესპუბლიკა 11%-ით და პროკრედიტ ბანკი 10%-იანი წილით.
თავისუფალი კონკურენციის პირობებში, როცა კლიენტის ბაზარზე აქტიურობას მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს, ბანკების მიერ ბაზარზე გამოტანილ პროდუქციაზე საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთს უახლოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი ბანკი მომხმარებელს პროდუქტს დაბალ საპროცენტო განაკვეთში აწვდის და მის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, მეორე ბანკი საკუთარ პროდუქტებზე პროცენტს ასევე ამცირებს. საბოლოოდ, ორივე ბანკი მომხმარებელს იმ საპროცენტო განაკვეთს შესთავაზებს, რომლის კიდევ უფრო შემცირება უკვე არც ერთის ინტერესებში არ შედის. თუმცა ახალი განაკვეთი საწყისზე დაბალია და ამდენად, მომხმარებელსაც უფრო მეტად აძლევს ხელს. 
 
როდესაც ბაზარი ღია არ არის ყველა შესაძლო მოთამაშისთვის და მასზე გამოკვეთილი დომინანტური მოთამაშეები არიან, ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთთან რიგდებიან და მეტი მოგების ნახვისთვის, მომხმარებელს უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ. 
 
საქართველოს საბანკო ბაზარზე „თამაშის” წესებს სწორედ ოთხი დომინანტური ბანკი ადგენს. თუმცა, მათ ერთმანეთთან გარიგებას, დამოუკიდებელი
თამაში ურჩევნიათ. მიუხედავად იმისა, რომ მოგება გარიგების შემთხვევაში გაცილებით მაღალი იქნება, ხშირად არც ერთ მოთამაშეს არ სურს ეს მაღალი მოგება თავის კონკურენტს გაუყოს, ამიტომ ბაზარზე გარიგება ადვილი არ არის. გაცილებით უფრო ადვილია, ახალი საპროცენტო პაკეტები მარკეტინგულად სწორად გათვლილი იყოს – მომხმარებელს გაუჩნდეს განცდა, რომ ის თანხას ზოგავს (სესხის შემთხვევაში) ან მეტს იღებს (დეპოზიტის შემთხვევაში), თუმცა კონკრეტული გათვლების შედეგად, მოგებული ისევ ბანკი დარჩეს.
 
2010 წელს, საქართველოში სესხებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებამ (საპროცენტო სპრედი, რომლითაც
კლიენტისთვის სერვისების მომგებიანობას აფასებენ) 12.4% შეადგინა, რაც 1.0%-ით ნაკლებია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მოცემული მაჩვენებელი მსოფლიო და ევროგაერთიანების საშუალო სპრედზე, შესაბამისად, 7.5%-ით და 9.1%-ით მეტია, ანუ მას 2-3-ჯერ აღემატება. ასეთი მაღალი სპრედი ძირითადად განვითარებად ქვეყნებს ახასიათებს. გამორჩეულად მაღალი მაჩვენებლები აქვთ, მაგალითად, ბრაზილიას, პერუს, ყირგიზეთს, ჰაიტის.
 
ცხრილიდან ჩანს, რომ თუ მაგალითად 2010 წელს თქვენ რომელიმე ბანკში გახსნიდით ანაბარს დოლარში, არათუ დამატებით შემოსავალს მიიღებდით, არამედ, პირიქით, 3% ბანკისთვის გექნებოდათ გადახდილი; ასე ვთქვათ, ფულის „შენახვისთვის”. ამავე მომსახურებისთვის ლარში გახსნილი ანაბრიდან ბანკს თანხის 1%-ს გადაუხდიდით.
 
საბანკო ბაზრის არაკონკურენტულობაზე რეალური საპროცენტო განაკვეთების დინამიკაც მეტყველებს. 2009 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, უმეტეს ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც ფასები მკვეთრად დაეცა. თუმცა, საქართველოს საბანკო სფეროში, ამას ნომინალური საპროცენტო განაკვეთების შემცირება არ მოჰყოლია. ბანკებმა, პირიქით, ნომინალური განაკვეთი გაზარდეს და შედეგად, ეროვნულ ვალუტაში რეალური საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატებოდა. 
 
აშკარაა, რომ ქართული ბანკების მენეჯერები სტრატეგიას ხშირ შემთხვევებში ნომინალურ განაკვეთებზე აგებენ. პირველი შეხედვით, სერვისი მომხმარებლისთვის უცვლელი რჩება. თუმცა, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი რეალურისგან განსხვავებით, ინფლაციის მაჩვენებელს არ ითვალისწინებს. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის სასესხო ან სადეპოზიტო პირობები დღეს რეალურად სამი წლის წინანდელზე უარესი არ იყოს, სპრედი მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული.  
 
იმ პირობებში, როცა საბანკო ბაზარს მეტწილად დომინანტური მოთამაშეები აკონტროლებენ, ზარალდება მომხმარებელი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბანკისთვისაც არამომგებიანი ხდება. საქართველოს საბანკო ბაზრის გააქტიურება და ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერება ორივე მხარის ინტერესებშია.

კომენტარები