ფიქრები კლასიკოზე

0 კომენტარი

პირველად კლასიკოს შესახებ საუბარი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოვისმინე. ბიძაჩემი, ლაშა ძიძიგური, რომელმაც ჩემი საფეხბურთო გემოვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, საზაფხულო არდადეგების დღეებში, ოქროყანაში, რომელიღაც თავის მეგობარს უმტკიცებდა – ასეთი დაძაბული მატჩები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ იმართებაო. 

მართალი ყოფილა...
 
იმ დროს ლაშა ესპანურის შესწავლით იყო გატაცებული და არგენტინული ფეხბურთის უპირველეს მეხოტბედ ყალიბდებოდა. შემდგომში, თავისი საფეხბურთო იდეების ადეპტად მეც მაქცია და ალბისელესტესთან ერთად რეალის ფანატიკური გულშემატკივარიც გამხადა.
 
მერე იყო დათო ქლიბაძის სპორტული კალეიდოსკოპი, არგენტინელი რობერტო მარტინესის დაუვიწყარი გარღვევებით (იგი მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმომდე მანძილს 6-7 გიგანტურ ნაბიჯში ფარავდა) და ჩია ტანის კარლოს სანტილიანას ჯორდანისეულ ნახტომებში გატანილი თავურებით. რა თქმა უნდა, ასეთი სპექტაკლები ვერავის დატოვებდა გულგრილს და მეც გულისფანცქალით ველოდი ყოველ ახალ გადაცემას, შუალედებს კი “კუწა” კაკაბაძისეული ლელოს შტუდირებაში ვატარებდი.
 
არასოდეს დამავიწყდება 1975 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული კლასიკოსადმი მიძღვნილი პუბლიკაცია, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი იოჰან კრუიფისა და კომპანიის მადრიდული ბენეფისი (5:0) და ჩემი ცრემლიანი რეაქცია – “მფრინავი ჰოლანდიელი” თითქოს პირად მტრად მექცა! ჯერ იყო და წინა წელს ორჯერ გააცამტვერა არგენტინა (4:1 აიაქსთან ერთად, როცა არგენტინელები ტურნეს მართავდნენ და 4:0 გერმანიის მუნდიალზე), ახლა კი რეალიც შემირცხვინა!
 
წლები და ასაკი ყველაფერს სხვა კუთხით წარმოაჩენს. 2003 წელს ის მატჩი ჰოლანდიელი კოლექციონერისაგან შევისყიდეთ და იმედის ეთერში გადავეცით. ეს მართლაც ფანტასტიკური სანახაობა ყოფილა, კრუიფი კი შეუდარებელი ჯადოქარი! თუმცა, არც სხვები (იოჰან ნეესკენსი, კარლეს რექსაჩი) ჩამორჩებოდნენ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ არც რეალს უთამაშია ურიგოდ. რაგინდ გასაკვირიც უნდა იყოს, 0:5 წამგები გუნდიც უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდა, პირი და ამანსიო კი ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს. იმის თქმა მინდა, რომ რეალი კი არ იყო უსუსური, უბრალოდ, ბარსელონა გახლდათ არაამქვეყნიური!
 
ასეთი რამ სხვა დროსაც მომხდარა – 1953 წელს სტენლი მეტიუზის ინგლისმა ჩვეული მაღალი კლასი აჩვენა უნგრეთთან საშინაო ამხანაგურში და... 3:6 წააგო – “დიდი გუნდი” იმიტომაც შემორჩა ისტორიას, რომ მის დასამარცხებლად უბრალოდ კარგი თამაში საკმარისი არ იყო... 1994 წლის მსოფლიო პირველობის შესარჩევში არგენტინამ 18 ნაღდი მომენტი გაანიავა და ბუენოს აირესში 0:5 წააგო კარლოს ვალდერამასა და ფაუსტინო ასპრილიას კოლუმბიასთან, რომელსაც არც იქამდე და არც მერე ამ დონის ფეხბურთი არ უთამაშია...
 
ეს მატჩები იმიტომ გამახსენდა, რომ დღევანდელი ბარსაც ამ კატეგორიის გუნდია. იმიტომაც მოაწყო გოლების ფეიერვერკი ლა ლიგას პირველი წრის კლასიკოში და “განსაკუთრებულ” ჟოზე მოურინიოს თავის სამართლებლად გაუხადა საქმე. დღეს ჩავის, ინიესტასა და მესის შესაჩერებლად აუცილებელია, რომ მეტოქე საკუთარ თავს გადაახტეს, ყველა არსებული თუ არარსებული რესურსი მოიძიოს და კიდევ ფორტუნის იმედიც იქონიოს! ასეა, როცა კანტერაში ბავშვობიდან გინერგავენ კლუბის ტრადიციებს და მშობლიური მაისურის სიყვარულს, შედეგი აუცილებლად მოდის...
რეალს აქვს თავისი კოზირები – კრიშტიანო რონალდოსა და კაკას კლასი, იოზილისა და დი მარიას დრიბლინგი, კასილასის უბადლო რეაქცია და მოურინიოს სტრატეგიული ნიჭი... მაგრამ სამეფო კლუბს მაინც აკლია ნაღდი “რეალისტების” სულისკვეთება. დღეს გუნდს არ ჰყავს არც მიჩელისა და ემილიო ბუტრაგენიოს მსგავსი ლიდერები, არც ფერნანდო იეროს დარი მებრძოლი, რომელიც მოკვდება და კარისკენ არავის გაატარებს... ჰო, კინაღამ დამავიწყდა – რაულიც ხომ შალკეს ახმარს გოლეადორის ტალანტს, ადებაიორისა და ბენზემას გასახარად...
 
და მაინც, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს უპრეცედენტო ოცდღიანი ზეიმი, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგვიმართლა – ზედიზედ ოთხი კლასიკო აქამდე არავის უნახავს და თუ ფეხბურთიც შესაფერისი დონის იქნება, კარგა ხანს არ მოგვაკლდება სალაპარაკო...
 
რეალისა და ბარსელონას ბრძოლა კი ამით მაინც არ დასრულდება, კლასიკოს გარეშე ხომ ფეხბურთს საერთოდ დაეკარგება აზრი!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები