ანტიბიოტიკები

ბაქტერიები და ანტიბიოტიკები - როცა წამალი ავადმყოფობაზე უარესია

"რატომ წვალობ, ანტიბიოტიკი დალიე” – ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები. მრჩეველი, რომელსაც სავარაუდოდ, მხოლოდ კეთილი სურვილი ამოძრავებს, პროფესიით შეიძლება იყოს ბუღალტერი, მასწავლებელი, მზარეული, ინჟინერი, ჭოკით მხტომელი და ა.შ. ანუ კვალიფიკაცია არ გააჩნდეს მოცემულ შემთხვევაში “ჯადოსნური წამლის” საჭიროების დასადგენად, რომელმაც, სწორედ ასეთი ზერელე დამოკიდებულების გამო, შესაძლოა, სამკურნალო თვისებები დაკარგოს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ექიმებიც სცოდავენ და ანტიბიოტიკურ პრეპარატებს, პაციენტს არა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, არამედ თავის დაზღვევის მიზნით უნიშნავენ. 
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი შფოთავს – 7 აპრილს გავრცელდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ანტიბიოტიკების ირაციონალურმა მოხმარებამ, შესაძლოა, პოსტანტიბიოტიკურ ეპოქაში გადაგვისროლოს და ინფექციების წინაშე ისეთივე უძლური აღმოვჩნდეთ, როგორიც პენიცილინის გამოგონებამდე ვიყავით.
 
რა არის ანტიბიოტიკი?
 
ეს ტერმინი, პირველად 1942 წელს, სტრეპტომიცინის და რამდენიმე სხვა ანტიბიოტიკის აღმომჩენმა ამერიკელმა მიკრობიოლოგმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, სელმან ვაკსმანმა გამოიყენა – იმ ნივთიერებების აღსაწერად, რომლებიც მიკროორგანიზმებისგან იწარმოება და სხვა მიკროორგანიზმებს ანადგურებს, ანდაც მათ განვითარებას აფერხებს. 
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ანტიბიოტიკების ირაციონალური მოხმარების გამო, შესაძლოა, ინფექციების წინაშე ისეთივე უძლური აღმოვჩნდეთ, როგორიც პენიცილინის გამოგონებამდე ვიყავით.
რაც შეეხება თავად პრეპარატს – ანტიბიოტიკის დებიუტი 1928 წელს შედგა, როდესაც ლონდონის ჰოსპიტალის ბაქტერიოლოგმა, ალექსანდერ ფლემინგმა ბაქტერიების რისხვა – პენიცილინი აღმოაჩინა. ობისგან წარმოებული წამალი სხვადასხვა ჯურის ინფექციებით შეწუხებულ კაცობრიობას მხსნელად მოევლინა – პენიცილინის გამომგონებელმა ნობელის პრემია მიიღო.
 
მოგვიანებით, ორგანულთან ერთად, სინთეტური ანტიბიოტიკების წარმოებაც გახდა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ათასობით ანტიბიოტიკური პრეპარატი არსებობს, ისინი მხოლოდ რამდენიმე ჯგუფად იყოფა.
 
ანტიბიოტიკების უმეტესობას, როგორც წესი, ორი სახელი აქვს; ერთი ბრენდის – რომელიც მწარმოებელმა კომპანიამ დაარქვა და მეორე – გენერიკული (ზოგადი), რაც მის ქიმიურ სტრუქტურაზე მიუთითებს.
 
იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ ინფექციას, კონკრეტული ბაქტერიები იწვევენ, აუცილებელია, ზუსტად ის ანტიბიოტიკი მივიღოთ, რომელიც მოცემული ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს ამარცხებს. თუ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის მგრძნობიარობა კითხვებს აჩენს, შესაძლებელია, ლაბორატორიული ანალიზი ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, პაციენტის ორგანიზმიდან აღებული ბაქტერია ხვდება ლაბორატორიაში, სადაც დაადგენენ, თუ რომელი ანტიბიოტიკების მიმართ არის სენსიტიური ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი, ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიმართ შეიძლება ალერგიული იყოს, რაც მის მიღებას გამორიცხავს.
 

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
Staphylococcus aureus
ანტიბიოტიკი მნიშვნელოვანი წამალია – შეიძლება ითქვას, ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. მაგრამ ეს სიკეთე კაცობრიობას გარანტირებული არ აქვს. საქმე ისაა, რომ ხშირი, ზედმეტი ან არასწორი მიღების შემთხვევაში, ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მობინადრე ბაქტერიებში, გადარჩევის შედეგად, მხოლოდ ისინი რჩებიან, რომლებიც ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულები ხდებიან. ასეთ ბაქტერიებს სუპერბაგები დაარქვეს. მათ წინაშე ჩვენ ხელთ არსებული ანტიბიოტიკები უძლურია.
 
სუპერბაგები განსაკუთრებით გავრცელებულია კლინიკებში, სადაც ანტიბიოტიკებს დიდი რაოდენობით მოიხმარენ. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკაში, ჰოსპიტალში შეძენილი ინფექციის შედეგად, რომლის გამომწვევი ბაქტერიაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულია, ყოველწლიურად 60 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. ევროპაში მსგავსმა ბაქტერიულმა ინფექციებმა გასულ წელს 25 ათასი ადამიანი მოკლა. 
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სუპერბაგების გავრცელების ტემპი აშფოთებს – ბრიტანული სამედიცინო გამოცემის, The Lancet-ის მიხედვით, ინდოეთში, ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულმა ბაქტერიამ – NDM-1 – კლინიკების ტერიტორია დატოვა და ნიუ დელის სასმელ წყალში გადაინაცვლა. BBC-ს ცნობით, NDM-1 გენეტიკური თვისებების მქონე ბაქტერია ბრიტანელ პაციენტებშიც აღმოაჩინეს. 
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის თქმით, ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული დაავადებების ფორმების რიცხვი საქართველოშიც გაზრდილია. ეს განსაკუთრებით სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და ტუბერკულოზს ეხება. გარკვეულწილად, ციხეებში ჭლექით გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელიც ამით აიხსნება – პატიმრები დაავადების რეზისტენტული ფორმით ავადდებიან.
 

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
გიორგი ელიავა
რეზისტენტული ინფექციების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მინისტრიც ანტიბიოტიკების ირაციონალურ მოხმარებას მიიჩნევს – “ხალხში პოპულარულია ანტიბიოტიკების მიღება ვირუსული გრიპის დროს, რაც საბოლოო ჯამში ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, – ამბობს ის ტაბულასთან საუბარში, – ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა დაუშვებელია. ბევრი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ექიმთან კონსულტაციის თანხის დაზოგვით მკურნალობაც უფრო იაფი დაუჯდება. კვლევები კი გვიჩვენებს, რომ ამას საპირისპირო შედეგი მოაქვს. ცალკე საკითხია ექიმის კვალიფიკაცია, რომელიც ხშირად სწორი მკურნალობის დანიშვნისა და მართვის საშუალებას არ იძლევა”.
 
მინისტრის თქმით, გამოსავალი მხოლოდ ანტიბიოტიკების მოხმარების მკაცრი რეგულირება არ არის. უფრო მნიშვნელოვანია სამედიცინო კადრების კვალიფიკაცია და თითოეული პაციენტის კულტურა – ექიმის დანიშნულების მიხედვით იმოქმედონ.
 
გრიპის დროს ანტიბიოტიკების მიღება გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია. ცხადია, ვირუსულ გრიპს ანტიბიოტიკი ვერ განკურნავს, მაგრამ რეალურად  თანმდევ ბაქტერიალურ ინფექციას – ბრონქიტს, ფილტვების ანთებას და მსგავსს აგაშორებთ. მაგრამ ანტიბიოტიკის საჭიროების
განსაზღვრა, მხოლოდ კვალიფიციურ და ინფორმირებულ ექიმს შეუძლია.
 
ახალი ანტიბიოტიკების წარმოება უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. როგორც ევროპის ფარმაცევტული საწარმოებისა და ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, კოლინ მაკეი ამბობს, ანტიბიოტიკების წარმოებისთვის ეკონომიკურად მდგრადი ფორმულის შექმნა ძალიან რთულია. მაშინ როდესაც გულის წამლებს და ანტიდეპრესანტებს ადამიანები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოიხმარენ, ანტიბიოტიკის მიღების საშუალო ვადა მხოლოდ ორი კვირაა – შესაბამისად, მათი წარმოება ნაკლებად მომგებიანია.
 

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
ფელიქს დ'ერელი
ზოგიერთი, პრობლემას საავტორო უფლებების კუთხით ხედავს. საქმე ისაა, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, ესა თუ ის კომპანია, მის მიერ გამოგონილი წამლის ექსკლუზიური წარმოების უფლებას, მხოლოდ განსაზღვრული დროით ინარჩუნებს. ამის შემდეგ მისი ფორმულა ნებისმიერმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს და იგივე წამალი უფრო იაფად გამოუშვას – იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ კომპანიას მის გამოგონებაში არც ერთი ცენტი არ დაუხარჯავს.
 
ამ გზით, რეგულატორები ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიების შექმნას ზღუდავენ. მაგრამ ამავდროულად კომპანიებს აიძულებენ, ახალი წამლის გამოგონებაში მხოლოდ ის თანხა დახარჯონ, რის ამოღებასაც დროის იმ მონაკვეთში შეძლებენ, როდესაც მათ ექსკლუზიური წარმოების უფლება აქვთ. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი ფარმაცევტულ კომპანიებს ხელფეხს უკრავს, ახალი წამლების გამოგონებასა და ტესტირებაში ფული დააბანდონ.
 
არიან ისეთები, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებაზე ექსკლუზიურ უფლებას გაუმართლებლად მიიჩნევენ და თვლიან, რომ საკუთრების უფლება, მხოლოდ ამოწურვად რესურსს უნდა შეეხოს. ისინი ინტელექტუალური საკუთრების უფლებას პროგრესის შემაფერხებლად მიიჩნევენ. მათი ლოგიკა გულისხმობს, რომ ნებისმიერი ინოვაცია, გარკვეულწილად, სხვა ინოვაციას ეყრდნობა. მწარმოებელმა, შესაძლოა, ამა თუიმ პრეპარატის კომპონენტის ჩანაცვლებით, მისი ეფექტი გააუმჯობესოს. მაგრამ, როგორც წესი, მსგავს პრაქტიკას გაუთავებელი სასამართლო დავები მოჰყვება ხოლმე იმ პრეპარატის მწარმოებელთან, რომლის კომპონენტიც ჩანაცვლდა – რაც თავისთავად ფული ღირს. ეს კი ახლის მაძიებლებს ძიების მადას უკარგავს.
 
პენიცილინის ჯგუფი

პენიცილინი, ამოქსიცილინი

ცეფალოსპორინის ჯგუფი

ცეფალექსინი

მაკროლიდების ჯგუფი

ერითრომიცინი,კლარითრომიცინი,
აზითრომიცინი

ფლუროქინოლონების ჯგუფი

ციპროფლოქსაცინი,ლევოფლოქსაცინი,
ოფლოქსაცინი

ტეტრაციკლინების ჯგუფი

ტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი

ამინოგლიკოციდების ჯგუფი

გენტამიცინი, ტობრამიცინი

კიდევ ერთი მიზეზი, რითაც ფარმაცევტული კომპანიების ინდიფერენტულობას ხსნიან ანტიბიოტიკების და ზოგადად ახალი წამლების აღმოჩენის მიმართ, მკაცრად რეგულირებული ფარმაცევტული ბაზარია. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ავიღოთ – ახალი წამლის ბაზარზე გამოშვება აქ 500 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდე ჯდება. ვის უნდა მოუნდეს მილიონობით ინვესტიციის ჩადება ისეთი წამლის განვითარებაში, რომელიც შესაძლოა რეგულატორმა საერთოდ დაბლოკოს, ანდაც მისი გამოშვება გაურკვეველი ვადით გაჭიანურდეს?
 
არიან ისეთებიც, რომლებიც გამოსავალს საბიუჯეტო დაფინანსებაში ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ამ მნიშვნელობის პროექტებთან დაკავშირებული ხარჯები გადასახადის გადამხდელთა ფულით უნდა დაიფაროს.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ატეხილმა განგაშმა საერთაშორისო პრესა ანტიბიოტიკების შესაძლო ალტერნატივებზე აალაპარაკა და საქართველო გაახსენა. აი, რატომ: 
 
როგორც ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყება, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ინფექციის ალტერნატიული პრეპარატით – ბაქტერიოფაგით მკურნალობა დაშვებულია.
 

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
ალექსანდერ ფლემინგი
რა არის ბაქტერიოფაგი?
 
ეს ტერმინი ბაქტერიების მჭამელს ნიშნავს და პირველად პარიზის პასტერის სახელობის ინსტიტუტის მიკრობიოლოგმა, კანადელმა ფელიქს დ’ერელმა გამოიყენა. ბაქტერიოფაგი ერთგვარი ვირუსია, რომლითაც ბაქტერია ინფიცირდება და კვდება.
 
პირველი ეჭვი ფაგების ეფექტიანობის შესახებ ბრიტანელ ქიმიკოსს, ერნესტ ჰენბერი ჰანკინს გაუჩნდა. მან შეამჩნია, რომ მდინარე განგის ჭუჭყიან წყალს ქოლერის ბაქტერიის განადგურება შეეძლო. მაგრამ ფაგის სერიოზული კვლევა 1920-იანი წლებიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფელიქს დ’ერელმა და გიორგი ელიავამ 1923 წელს, თბილისში ბაქტერიოფაგების კვლევის ინსტიტუტი დააფუძნეს. 
 
როგორც ბრიტანული სამედიცინო გამოცემა, The Lancet მოგვითხრობს, კვლევის პირველი შედეგები იმედის მომცემი გამოდგა. დასავლური კომპანიები დაინტერესდნენ ბაქტერიოფაგურ თერაპიაში ფულის დაბანდებით, მაგრამ ფლემინიგის მიერ პენიცილინის გამოგონებამ, ფაგები ყველას დაავიწყა. თუმცა, საქართველოში მისი კვლევა არ შეჩერებულა. საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ფაგებით თერაპიას აქტიურად მიმართავდნენ.
 
გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი დღესაც არსებობს. ოთხი თვის წინ კლინიკაც გაიხსნა, სადაც ამბულატორიული მკურნალობა არის შესაძლებელი. ინსტიტუტის დირექტორი, რევაზ ადამია, ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ინსტიტუტის სადიაგნოსტიკო ცენტრს, წლიურად დაახლოებით 50 ათასი ადამიანი მიმართავს. იმის გათვალისწინებით, რომ ფაგების შესახებ მწირი ინფორმაცია ვრცელდება, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. დღესდღეობით, სამედიცინო სასწავლო პროგრამებიდან, ფაგოთერაპიის შესახებ ვერაფერს შეიტყობთ. გზამკვლევიც მხოლოდ ახლა იქმნება. 
 

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
სელმან ვაკსმანი
ინსტიტუტის დირექტორის მტკიცებით, ბაქტერიოფაგებს უკუჩვენება არ ახასიათებს – “ეს არის ორგანიზმი, რომელიც ბუნებაში არსებობს. ნებისმიერი ჩვენგანი ჰაერთან ერთად რაღაც ბაქტერიოფაგებს შეისუნთქავს ან წყლიდან იღებს. ინსტიტუტში ჩვენ იმ ბაქტერიოფაგების სელექციას ვახდენთ, რომლებიც კონკრეტულ ბაქტერიაზე მუშაობს. ხდება გაწმენდა და იმ რაოდენობით კონცენტრირება, რომ ის წამლად გამოდგეს”, – ამბობს ის.
 
კრიტიკოსები ფაგებით მკურნალობის მთავარ ნაკლად, მიუკერძოებელი კვლევის შედეგების არარსებობას მიიჩნევენ – “ფაგებით თერაპიას ბევრი ქადაგებს, მაგრამ მის შესახებ მცირეა ცნობილი, – ამბობს The Lancet-თან საუბარში ტექსასის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი იან მოლინე, – წესიერი
ექსპერიმენტი მასზე არც ჩატარებულა, ფაგებით თერაპიის შესახებ ამტყდარი პოზიტიური აურზაური გაზვიადებულია”.
 
ლესტერის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი, მართა ქლოკი კი სხვაგვარად ფიქრობს. “კრიტიკა სამართლიანია, ფაგების შესახებ ბევრი მითი გავრცელდა, მაგრამ ბოლო დროინდელი დასკვნები სულ უფრო მეტად ცხადყოფს, რომ ფაგებით თერაპია მუშაობს... დარწმუნებული ვარ, რომ ფაგს მომავალი აქვს”, – უთხრა მან BBC-ს.
 
მიუხედავად იმისა, ჩატარდება თუ არა ბაქტერიოფაგებზე მიუკერძოებელი ექსპერიმენტი და აღიარებს თუ არა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მას ანტიბიოტიკის ალტერნატივად, ერთი რამ ახლავე ცხადია – ირაციონალური გამოყენების შემთხვევაში, ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მობინადრე ბაქტერიებში გადარჩევის შედეგად მხოლოდ ისინი დარჩებიან, რომლებიც ფაგების მიმართ  რეზისტენტულები გახდებიან. შესაბამისად, იმავე პრობლემას გადავაწყდებით. თუმცა, როგორც ამ პრეპარატით მკურნალობის მომხრენი ამტკიცებენ, ახალი ფაგის გამოგონება, ანტიბიოტიკის შექმნაზე უფრო ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. 
 
ასე რომ, მიუხედავად იმისა, მკურნალობის რა მეთოდს ავირჩევთ – ანტიბიოტიკებს, ფაგებს თუ ორივეს ერთად – უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის რჩევით და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია უსაფრთხო. არაპროფესიონალი კეთილისმსურველები ან თვითმკურნალობა ამ საქმეში არ გამოგვადგება. ანტიბიოტიკებით ავადმყოფობის იოლად დამარცხების ცდუნებამ და წამლის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაგდოს.
 
ამას გარდა, საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც. პაციენტს თავად უნდა ჰქონდეს უნარი, ექიმს დანიშნულების დასაბუთება მოსთხოვოს. მიუხედავად იმისა, რამდენად მკაცრად იქნებიან ექიმები გაფრთხილებულნი ანტიბიოტიკებს ფრთხილად მოეპყრან – ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია”. 
 
მასალის მომზადებაში დაეხმარა თეონა კოკიჩაიშვილი

კომენტარები