გმირი

0 კომენტარი

„გმირი” – ასე ეწოდება სტივენ ფრირზის 1992 წლის ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს დასტინ ჰოფმანი და ენდი გარსია ასრულებენ. კარგი ფილმია, ირონიული, სასაცილო და დღესაც აქტუალური. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, წვრილფეხა ბანდიტი ბერნი (ჰოფმანი) თავისდაუნებურად, თითქმის მექანიკურად ჩაიდენს გმირობას – ალმოდებული თვითმფრინავის 54 მგზავრს გადაარჩენს, მაწანწალა ბაბერი (გარსია) კი მის გმირობას მიიწერს. ამერიკული მედია ამ ამბავს ისე გაბერავს, რომ ბაბერისგან ნაციონალურ გმირს ქმნის. მთელი ყურადღება ახლა მასზეა მიმართული, იგი ხდება მილიონობით ამერიკელის კერპი, თაყვანისცემის ობიექტი და მისაბაძი ადამიანი...

თუმცა, ამერიკა იქით იყოს, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. მედია რომ გმირთა სამჭედლოა, ეს საყოველთაოდ ცნობილი და ყოველმხრივ გადაღეჭილი თემაა. გაცილებით ნაკლებადაა ცნობილი თვითონ გმირთა ამბავი. ამიტომ მეჩვენება გმირის, როგორც ფენომენის, განხილვა უფრო საინტერესო. 
 
ალბათ, სასიამოვნოა, როცა ქუჩაში გცნობენ, ყურადღებას გაქცევენ, ჩუმად გეტრფიან თუ ღიად გაძაგებენ. შენც ეჩვევი ამ მდგომარეობას, თანდათან იფერებ და, რაც მთავარია, იჯერებ, რომ მართლა გმირი ხარ და არაფერი გმირული არ გეუცხოება. გმირობამ მიჩვევა იცის. ასე და ამგვარად,
შენდაუნებურად ხდები საზოგადოების ანუ სისტემის ნაწილი, მისი სახე, და შენი თავიც შენ უკვე აღარ გეკუთვნის. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე ჩაგითრევს და ჩაგწუწნის სისტემა. შეიძლება ითქვას, რაც სისტემაა, ის გმირია, და პირიქით – რაც გმირია, ის სისტემაა.
 
ჩვენთან თითქმის შეუძლებელია გმირი უსისტემოდ, და პირიქით – სისტემა უგმიროდ. სისტემა დიდი საბავშვო ბაღია. ბავშვებს კი გართობა უნდათ. ასე რომ, როცა არ არსებობს ნამდვილი გმირი, სისტემა უთუოდ ქმნის თუნდაც კვაზიგმირს, ერთგვარ თოჯინას, რომლითაც იგი (სისტემა) ერთობა. მართლა გმირი ხარ თუ მხოლოდ იბრალებ გმირობას – სულერთია. მთავარია, სისტემის გართობა შეძლო. უჭირს სისტემას გართობის, სეირის გარეშე. ფორმულა მარტივია: სისტემა თამაშობს გმირით, გმირი კი ტრაკს ათამაშებს. ასე რომ, გმირი ხარ თუ გმირის იმიტაცია, მუდამ ფორმაში უნდა იყო, მუდამ უნდა გედგას ძუძუში რძე და საჭირო დროს კურტუმოსაც აქნევდე, თორემ... სისტემა გიკბენს. მწარედ და დაუნდობლად. როგორც ბავშვებს ჩვევიათ. და, ვაი შენ, თუ გაიზარდე, თამაში მოგბეზრდა და მასხარის ჩაჩი მოიხადე. კარგად უნდა გახსოვდეს, რომ სისტემა არ იზრდება. იგი მუდამ ბავშვებითაა სავსე, ჭირვეული და მომთხოვნი ბავშვებით. სხვათა შორის, არც გმირები იზრდებიან. და ეს გმირის და სისტემის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. დეტალებში კი, მოგეხსენებათ, ღმერთი იმალება. ამიტომაც ჩვენთან არს ღმერთი. ნამდვილი გმირი არასდროს აწყენინებს სისტემას, არასდროს უღალატებს მას და გაუცრუებს იმედს. გმირს უყვარს ბავშვები. სხვა თუ არაფერი, მათი ნაწილია და, რაც მთავარია, თვითონაც ბავშვია. ამიტომაც არასდროს დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.
 
გმირი კარგად გრძნობს თავს საბავშვო ბაღში. მან ზუსტად იცის, რას ითხოვს მისგან საზოგადოება. ერთი შეხედვით, თითქოს არ ჩანს, მაგრამ, კარგად თუ ჩააკვირდები, აღმოაჩენ, რომ გმირს სისტემა მკაცრად აკონტროლებს. დამოუკიდებელი, უმართავი გმირი შეუძლებელია. ყველა გმირი ასე თუ ისე სისტემის მორჩილია. უფრო სწორად, სისტემაში ყველა გმირს თავისი როლი აქვს. პოპ-ვარსკვლავი იქნები, უზნეო არტისტი, უნიჭო დიზაინერი, მართლმადიდებელი მშობელი, უტვინო დეპუტატი თუ მგზნებარე ოპოზიციონერი, სულერთია – სისტემის თოჯინა ხარ. სისტემაში ყველასთვის მოიძებნება ადგილი. ოღონდ იმ პირობით, რომ ქცევის ნორმებს სისტემა დაგიდგენს. გმირი გმირთან რომ დააბა, არც ზნეს იცვლის, არც ფერს. რადგან ყოველი გმირის ზნესაც და ფერსაც სისტემა ადგენს. გმირი მუდამ იმას ამბობს, რაც სისტემას უნდა, რომ მან თქვას. იშვიათ შემთხვევებში მსუბუქი იმპროვიზაციაც შეიძლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის ხმამაღლა თქმა, რასაც ფიქრობ. მით უფრო არ შეიძლება შეიცნო თავი შენი. შენი ზრახვებისა და ნააზრევის მოსმენა არავის აინტერესებს. ვინ დაუშვებს, რომ სპექტაკლის დროს მსახიობმა უცბად როლი დაივიწყოს და თავისი ნაფიქრის გაზიარება დაუწყოს პუბლიკას? უმჯობესია, ფიქრი საერთოდ შეწყვიტო. გმირები არ ფიქრობენ! შენს ნაცვლად სისტემამ უკვე დიდი ხნის წინ მოიფიქრა ყველაფერი. ასე რომ, ყველგან და ყოველთვის შენ მხოლოდ ის უნდა გაიმეორო, რაც სისტემას სურს. თან მოკლედ და გასაგებად უნდა ჩამოაყალიბო აზრი. სასურველია, სულაც დაღეჭილი ჩაუდო პირში, როგორც ფაფა კოვზით. ბავშვებს არ უყვართ დიდხანს მოსმენა. მაინცდამაინც არც დიალოგზე გიჟდებიან. მათ თამაში და გართობა სურთ.
 
დაბოლოს, სისტემა გმირს თითქმის ყველაფერს პატიობს. ძნელად, მაგრამ მაინც უნდობს. ასე რომ, გამომძალველი ჟურნალისტი ხარ, კორუმპირებული ჩინოვნიკი, ქურდი თუ ბოზი, სანამ მასხარის ჩაჩი გხურავს, სანამ ართობ სისტემას, იგი ყველაფერს მოგიტევებს. მაგრამ სისტემა ვერაფრით აიტანს შენს თავისუფლებას. თავისუფალი ადამიანი მისი მტერია – საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი. სისტემას ეშინია იმის, რასაც ის ვერ აკონტროლებს. შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თავისუფლება გამორიცხავს გმირს. უფრო ზუსტად, თავისუფალმა კაცმა შეიძლება არაერთი საგმირო საქმე ჩაიდინოს, მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, იგი ვერასდროს გახდება სისტემის ნაწილი ანუ გმირი. სისტემა არასდროს ეტყვის თავისუფალ კაცს: „ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე”. გმირსა და თავისუფალ კაცს შორის დაახლოებით ისეთივე სხვაობაა, როგორიც შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის. გმირი შინაური, დეკორატიული კაცია. თანაც გმირი წოდებაა. წოდებებს კი სისტემა ანიჭებს. როგორც ცნობილია, გიჟი თავისუფალია. თავისუფალ გმირზე კი არაფერი მსმენია. სტივენ ფრირზის ფილმშიც ასეა. გმირია, ვინც იბრალებს გმირობას, და არა ის, ვინც გმირობას სჩადის. ესეც კიდევ ერთი სიბრძნე სიცრუისა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები