მთავარი ქალი პოლიციელი ახალი პრეზიდენტი გახდა

კოსოვომ მიმდინარე წელს, ქვეყნის პრეზიდენტი უკვე მეორედ აირჩია. 7 აპრილს, ატიფტე იაჰიაგა, კოსოვოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი გახდა. დღემდე იგი გენერალ-მაიორი და ქვეყნის პოლიციის დირექტორის მოადგილე იყო. აპოლიტიკური წარსულის გამო პოლიტელიტა მას ნაკლებად იცნობს, თუმცა სწორედ იაჰიაგას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი ქაოსის დასრულება.

პოლიტიკური კრიზისი კოსოვოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია – 22 თებერვალს, მთავრობის მიერ ბეჰჯეტ პაცოლის პრეზიდენტად არჩევის პროცედურა არაკონსტიტუციურად ცნო. კონსტიტუციის დარღვევად ორი ძირითადი გარემოება შეფასდა: პირველი – ხმის მიცემის დროს ალტერნატიული კანდიდატი არ იყო წარმოდგენილი და მეორე – 22 თებერვლის სხდომაზე არ შედგა კვორუმი. ოპოზიციური პარტიებიდან 53-მა დეპუტატმა (კოსოვოს პარლამენტში სულ 120 დეპუტატია) არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ამის ძირითად მიზეზად პაცოლის რუს მაღალჩინოსნებთან კავშირი სახელდება.

მულტიმილიონერი ბეჰჯეტ პაცოლი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ალბანელია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი, მან სწორედ ელცინის რუსეთში დააგროვა და რუს ბიუროკრატებთან დღესაც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს.
პაცოლისაგან განსხვავებით კონსტიტუციის ნორმების სრული დაცვით აირჩიეს ატიფტე იაჰიაგა. 100 დეპუტატიდან 80-მა ხმა სწორედ მას მისცა. უშუალო კონკურენტმა, სუზან ნოვობერდალიმ კი 10 ხმა მოაგროვა.
 
იაჰიაგა კოსოვოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. როგორც წესი, პოლიტიკური გამოცდილება და პარტიის სახით მტკიცე ზურგი, კარიერული წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, ატიფტე იაჰიაგას შემთხვევაში, წარმატება სწორედ მათმა არარსებობამ განაპირობა: მოქიშპე პოლიტიკური ძალები უპარტიო, არაპოლიტიკური წარსულის მქონე პიროვნებაზე უფრო მარტივად შეთანხმდნენ. 
 
შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კრისტოფერ დელიმ ითამაშა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა მმართველი კოსოვოს დემოკრატიული პარტია, მისი კოალიციური პარტნიორი – ახალი კოსოვოს ალიანსი და ოპოზიციური ძალა – კოსოვოს დემოკრატიული ლიგა. პაცოლის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე მიიღეს.
 
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიუხედავად, ამერიკის ელჩის აქტიურ მონაწილეობას პროცესში მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის Vetevendosje-ს (თვითგამორკვევა) წევრების განცხადებით, კოსოვოელების უფლებების უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე – „ეს არ არის დემოკრატია – ეს დელ-ოკრატიაა. ხალხმა უნდა აირჩიოს, და არა საერთაშორისო თანამეგობრობამ”.
 
თავის მხრივ, პარლამენტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში, ატიფტე იაჰიაგამ პირობა დადო, რომ ის თითოეული კოსოვოელის წარმომადგენელი იქნება – მიუხედავად მათი ეროვნული, რელიგიური, რასობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა. ერთი რამ დასაწყისშივე ცხადია, ახალბედა პრეზიდენტს გაუჭირდება დანაპირების შესრულება, რადგან მისი პოსტი რეალურად საკმაოდ შეზღუდული ძალაუფლებით სარგებლობს. ამას პარტიული ზურგის არარსებობაც ემატება. ცხადია, მისი გაპრეზიდენტების მთავარი მიზანი ეს არ ყოფილა და სავარაუდოდ, პოსტზე ვადის ბოლომდე არც დარჩება. მისი კანდიდატურა პოლიტიკური კრიზისის შემდგომი გაღრმავებისა და დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად დაასახელეს. დღეს უკვე მთავარია, რომ კონსტიტუციაში მომზადდეს ჩასწორება, რომლის მიხედვით, ხალხი პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნების გზით აირჩევს. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 9 თვისა საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, იაჰიაგა საკუთარ საქმეს დაუბრუნდება. 

კომენტარები