საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში

0 კომენტარი

საქართველოში, ბოლო დროს, საერთაშორისო რეიტინგების საშუალებით სპეკულირება პოპულარულ თემად იქცა. ასეთ რეიტინგებს შორის მოხვდა GCI (გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი), რომელიც 2005 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” ფარგლებში გაიანგარიშება. ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს სხვა საერთაშორისო კვლევებთან შედარებით დაბალი ქულები აქვს. 

 
საქართველოს კონკურენტუნარიანობის ეტაპები
განსხვავებებს უმთავრესად კვლევების განსხვავებული მეთოდოლოგია იწვევს: კვლევების ერთი ნაწილი – მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიადვილის ინდექსი, ან  Heritage Foundation-ისა და Fraser Institute-ის კვლევები. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ზომავენ ეკონომიკურ თავისუფლებას – ლიბერალურ გარემოს აფასებენ, GCI კი ამ კომპონენტებთან ერთად, დამატებით ეკონომიკურ ცვლადებსაც ზომავს. მაგალითად,  ინსტიტუტები, კონკურენცია ბაზარზე, ფინანსური, სასაქონლო და შრომის ბაზრების ეფექტიანობა, ინოვაცია და ტექნოლოგიური მზაობა კერძო სექტორში, განათლების ხარისხი. 
 
ერთი მხრივ, ეს მიდგომა სწორია. როცა საქმე  ქვეყანას, როგორც კომპლექსურ ეკონომიკურ სისტემას ეხება, აქ ლიბერალური გარემო, მაგალითად, ბიზნესის კეთების კუთხით, მხოლოდ სურათის ერთი ფრაგმენტია. საჭიროა სხვა ცვლადების გათვალისწინებაც. თუმცა, მეორე მხრივ, რამდენად მართებული და ვალიდურია მეთოდოლოგია, რომელიც ერთ ინდექსში აერთიანებს კომპლექსურ ეკონომიკურ სისტემას, ეს სხვა საკითხია.
GCI-ს მიხედვით, საქართველო 139 ქვეყნიდან წელს 93-ე ადგილზე მოხვდა. ერთი მხრივ, ვასწრებთ მეზობელ სომხეთს, რომელიც 98-ე ადგილზეა, მეორე მხრივ 57-ე ადგილზე მდგომ მეზობელ აზერბაიჯანს ძალიან ჩამოვრჩებით. სიაში ჩვენ ქვემოთ ძირითადად ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყნები სჭარბობენ, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების უმეტესობა კი გვისწრებს.  შარშანდელთან შედარებით, 3 ადგილით უკან დავიხიეთ. თუმცა ეს უკუსვლა ტექნიკური მიზეზით მოხდა – კვლევას შარშანდელთან შედარებით წელს 3 ისეთი ქვეყანა დაემატა, რომლებიც ავტომატურად ჩვენზე წინ მოექცნენ. შესაბამისად, გაანგარიშებაში ისინი რომ არ გაეთვალისწინებინათ, 93-ე ადგილის ნაცვლად, ისევ 90-ზე დავრჩებოდით.
 
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” სტრუქტურას 12 გამსხვილებული კომპონენტი შეადგენს. ისინი სამ ძირითად ბლოკად იყოფა: 1. ფუნდამენტური ფაქტორები – ინსტიტუტების არსებობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, პირველადი განათლება და ჯანდაცვა; 2. ე.წ. ეფექტიანობის კატალიზატორები – უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება, სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობა, შრომის ბაზარი, ფინანსური ბაზრის ეფექტიანობა, ტექნოლოგიური მზაობა, ბაზრის ზომა; 3. ინოვაციური ფაქტორები – ბიზნესის წარმოების დახვეწილობა და ინოვაცია. 
 
ინდექსის აგების სპეციფიკა ისაა, რომ ინდექსის გამოთვლაში აღნიშნული ფაქტორები თანაბრად არ მონაწილეობს – თითოეული ქვეყნისთვის, მათი განვითარების დონიდან გამომდინარე, სხვადასხვა წონა ენიჭებათ. მაგალითად, განვითარებადი ქვეყნის პოტენციალის დასადგენად, გაცილებით მნიშვნელოვანია ძლიერი პოზიცია ძირითადი ფაქტორების მიხედვით, მაშინ როდესაც განვითარებულში ზრდის მთავარი წყარო ინოვაციაა. 
კვლევის მიხედვით, საქართველო სამართლიანად ჩაითვალა ეკონომიკური განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნად. შესაბამისად, შეირჩა წონებიც. შედარებისთვის, ამავე ჯგუფს სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა მიეკუთვნა. 
 
საქართველოს ძლიერ მხარეებს ის კომპონენტები წარმოადგენს, რომლებიც ძირითადად ლიბერალურ გარემოს ზომავს – მაგალითად, ბიზნესის დასაწყებად საჭირო დრო (მე-3 ადგილი მთლიან რეიტინგში); მთავრობის რეგულირების ტვირთი (მე-4 ადგილი); სავაჭრო ტარიფების ზომა (მე-3 ადგილი); ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების რაოდენობა (მე-6 ადგილი), თანამშრომლის დათხოვნისათვის საჭირო პროცედურები და მასთან დაკავშირებული ხარჯები (მე-6 და მე-10 ადგილი).
 
კვლევაში ჩართული ახალი ქვეყნები
ძირითადი ფაქტორების მიხედვით საქართველოს, მეზობელ „თანაჯგუფელებთან” შედარებით, არასახარბიელო მდგომარეობა აქვს – ოთხეულში მხოლოდ უკრაინას უსწრებს. ეფექტიანობის პარამეტრების მიხედვით საქართველო მხოლოდ სომხეთს უსწრებს, ხოლო ინოვაციურობის მიხედვით ქვეყანა ყველაზე დაბლა – 121-ე ადგილზეა. სომხეთი – 114-ე, აზერბაიჯანი – 66-ე, უკრაინა – 88-ე ადგილს იკავებს. როგორც ჩანს, ინოვაცია საქართველოსთვის  აქილევსის ქუსლია. 
 
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტია უფრო ლიბერალური ზომების გატარება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: კონკურენცია ბაზრებზე – როგორც მომწოდებლების, ასევე მომხმარებლების ხარისხობრივად და თვისობრივად მაღალი დონე; თავისუფალი ბაზრის შესაბამისი ინსტიტუტების გამყარება; ტექნოლოგიური, კვლევითი და საგანმანათლებლო სფეროების ხელშეწყობა კერძო სექტორში.
 
მაკროეკონომიკურ ბლოკში სასურველია ბიუჯეტის დეფიციტის ბალანსირება და საპროცენტო სპრედის დასტაბილურება. ამ საკითხების მიხედვა, მთლიანი პოტენციალის ამაღლების მიზნით, დიდ უკუგებას მოგვცემდა.
 
უმაღლესი განათლების ბლოკში ადგილობრივი კვლევითი რესურსების განვითარების, მენეჯმენტის სკოლების რაოდენობის და ხარისხის ამაღლებისთვისაა ყურადღება მისაქცევი. 
 
სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობის ბლოკში, ბაზარზე ადგილობრივი კონკურენციის ნაკლებობა საკმაოდ დიდ გადახრას იწვევს. ამ მხრივ პრიორიტეტული უნდა იყოს თავისუფალი ბაზრის კიდევ უფრო ხელშეწყობა და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური თავისუფლება, როგორც შიდა, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის. 
 
ბიზნესის დახვეწილობის ბლოკში – მთავარი ჩავარდნა არის ადგილობრივი მიმწოდებლების თვისობრივად და რაოდენობრივად დაბალი დონე. 
ინოვაციის ბლოკში კომპანიების დანახარჯების წილი კვლევაზე და ინოვაციაზე, მთლიანი კვლევითი სისტემის დაბალი ხარისხი, ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ მზაობის არარსებობა სუსტ წერტილს წარმოადგენს. ეს აფერხებს ინოვაციას.  
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები