დროის ჩაწერილი მონაკვეთი

„საზოგადოებას არ აქვს მეხსიერების უნარი, მაგრამ კულტურას, როგორც მეხსიერების ერთ-ერთ ფორმას, საერთო წარსულის დავიწყების საწინააღმდეგოდ ქმნის. ამ შემთხვევაში წარსული მატერიალური მეხსიერების ფორმაში არსებობს, თუმცა იგი ხშირად დროებითი და ეფემერულია”, – ვკითხულობთ იური ლოტმანის წერილში „კულტურა საზოგადოების არამემკვიდრეობითი მეხსიერებაა”. ესე თანამედროვე ხელოვნების ცენტრ თბილისის მიერ გამოცემულ გაზეთში დაიბეჭდა (კურატორული პროექტის – „მეხსიერების” ფარგლებში) 

16 აპრილს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ თბილისში სტუმრებმა გამოფენა „დროის ჩაუწერელი მონაკვეთი” დაათვალიერეს. წარმოდგენილი იყო ცხრა ხელოვანის მიერ განსხვავებულ მედიებში შესრულებული ნამუშევრები. გამოფენა, ისევე როგორც აღნიშნული გაზეთი, ერთგვარი კვლევაა მეხსიერების ფენომენის გარშემო. 
 
გამოფენის თვალიერებისას იური ლოტმანის მსგავსად იწყებდი ფიქრს. ხვდებოდი, რომ მიუხედავად ჩვენი ტვინის ინფორმაციული ტევადობისა (დაახლოებით 2.5 მილიონი გიგაბაიტი), წარსული მაინც დროებითი და ეფემერულია. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის დამახსოვრება, თუნდაც ხანდახან ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაც იყოს. ზურა ჯიშკარიანის სტატიიდან – „ინფორმაციული უკვდავების სისტემები” – შეიტყობდით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორის, გორდონ ბელის შესახებ, რომელმაც  პროექტი Lifebits-ი შექმნა. ის ჩვეულებრივი მოკვდავების ცხოვრების ყველა დეტალის დამახსოვრებას, „აციფრულებას” და დაარქივებას გულისხმობს. ბელის აზრით, „ყველა ხმა ითვლება და ყველა ისტორია მნიშვნელოვანია”.
 
ასე თვლის ახალგაზრდა ხელოვანი თამუნა ქარუმიძეც, რომელმაც ქაღალდზე ამონაბეჭდებით ერთი მთლიანი კომპოზიცია შეადგინა. ეს კომპოზიცია უსათაუროა და ავტორის პირადი მოგონებების ერთგვარ კრებულს წარმოადგენდა. თავის მხრივ, ნამუშევარი იმ სოციალურ-კულტურულ გარემოს უკავშირდებოდა, სადაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ – იოლად იპოვიდით საკუთარი მეხსიერების რომელიმე ნაწილს. ერთ-ერთ ქაღალდზე ახმატოვას სიტყვებს ამოიკითხავდით: „Не давай мне ничего на память, знаю я, как память коротка”... თუმცა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაშიც, შესაძლოა, ეჭვი შეგპარვოდათ, რადგან გამოფენაზე ბევრ საკმაოდ დასამახსოვრებელ კომპოზიციასაც შეხვდებოდით. მაგალითად, ნატალია ნებიერიძის „რიზომას”, ტყის გამოსახულებას, რომლის შესაქმნელად ავტორმა სიმბოლურად ვიდეოფირის მასალა გამოიყენა. 
 
ყურადღება კოლექტიური მეხსიერების თემასაც დაეთმო, განსაკუთრებით საბჭოთა წარსულის კვლევას, რაზეც მეტყველებს მკვლევრების წერილები ზარია ვოსტოკას შენობის ნგრევის, არქიტექტურის სივრცით მეხსიერებაზე გავლენის საკითხებზე, ლია გულუას კოლაჟები – „ლენინი სატელიტის წინააღმდეგ”, „ო.თ. დაკარგული სიმბოლოები”.
 
გამოფენაზე, რომელშიც ცხრა ხელოვანი (სოფო აბაშიძე, ლადო ონიანი, ნატალია ნებიერიძე, ლია გულუა, ნიკა სახანბერიძე, გიორგი ცაგარელი, მარიკა ასათიანი, თამუნა ქარუმიძე, რეზო ღლონტი და სალომე ჯაში) მონაწილეობდა, სხვა საინტერესო ნამუშევრებსაც შეხვდებოდით: კოლაჟებს, ფოტო-ვიდეო ინსტალაციებს, ტილოზე შესრულებულ ფერწერას... ეს, საბოლოოდ, მთლიან ექსპოზიციას კრავდა და ერთი თაობის მიერ სხვადასხვაგვარად აღქმულ მეხსიერების ფენომენს საინტერესოდ წარმოაჩენდა. 
 
როგორც პროექტის ერთ-ერთი კურატორის, ანი ჩორგოლაშვილისგან შევიტყვეთ, ის ამ გამოფენით არ სრულდება: თანამედროვე ხელოვნების ცენტრ  თბილისში 30 აპრილს, 17 საათზე სემინარი „ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება” გაიმართება, რომელსაც ზურა ჯიშკარიანი ჩაატარებს. გამოფენა „დროის ჩაუწერელი მონაკვეთი” კი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

კომენტარები