საგამოცდო შიში და ძრწოლა

0 კომენტარი

2010 წლის მარტში, განათლების სამინისტრომ გამოსაშვები გამოცდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ოპტიმისტური პროგნოზით, ამან სწავლების ზოგადი დონე უნდა აამაღლოს. ამიერიდან მოსწავლეებს მოუწევთ, არა მხოლოდ იმ საგნებში მოემზადონ, რომლებიც უმაღლესში მოსახვედრად სჭირდებათ, არამედ დანარჩენ საგნებსაც დაუთმონ ყურადღება. საატესტატო გამოცდების მთავარი  რისკი სასწავლო პროცესში გამოცდების მნიშვნელობის ზრდაა: ამან, შესაძლოა, მოსწავლეთა უმთავრეს მიზნად არა ზოგადად ცოდნის დაუფლება, არამედ საგამოცდო ტესტების კარგად ჩაბარება აქციოს. შესაბამისად, განათლების პროცესის პრიორიტეტი, სწორი პასუხების დაზეპირება და გამოცნობა იქნება. გარდა ამისა, სტანდარტიზებული გამოცდების როლის ზრდა, კერძო სკოლებს სიახლის დანერგვის მოტივაციას უკარგავს. რამდენად შეცვლის მოსწავლეთა მოტივაციას ან რამდენად აამაღლებს საშუალო განათლების ღირებულებას ეს სიახლე – ამას დრო გვიჩვენებს. ამჟამად ტაბულა საგამოცდო პროცესის აღწერას გთავაზობთ.

ახლოვდება სასწავლო წლის ბოლო და შესაბამისად, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ნერვიულობა მატულობს. მიზეზი საატესტატო გამოცდებია, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს საქართველოში პირველად ატარებს. 
 
საატესტატო გამოცდები 20 მაისის შემდეგ დაიწყება და ივნისის პირველ რიცხვებში დასრულდება.
 
მე-12 კლასის მოსწავლეებს 8 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (რომელსაც სკოლაში სწავლობდა), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
 
უმაღლესში მისაღები გამოცდებისგან განსხვავებით, ეს გამოცდები სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო იქნება. 
 
ის მოსწავლეები, რომლებიც ყველა საგანში დადებით შეფასებას ვერ მიიღებენ, საატესტატო გამოცდებზე არ დაიშვებიან.
 
საატესტაციო გამოცდები ყველასთვის ერთნაირად სავალდებულოა. გამოცდებს კერძო სკოლების მოსწავლეებიც ჩააბარებენ. შედეგად, ისინი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემულ ატესტატს ჩვეულებრივ მიიღებენ.
 
გათვალისწინებულია ქვეყნის მრავალეროვნულობაც – გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც, ანალოგიური ფორმატით.
 
ყველაზე მეტი კითხვა, ძირითადად, ტესტების გარშემო ჩნდება. საქართველოში განათლების სფეროში ეს მეთოდი პირველად გამოიყენება და საზოგადოებისთვის ისეთივე შიშის მომგვრელი სიახლეა, როგორც 2005 წლის უმაღლესში მისაღები გამოცდების ტესტები იყო. თუმცა ახალგაზრდებს ამის საბაბი ამჯერადაც არ აქვთ. 
 
CAT-ის სისტემა, მოსწავლეს ყოველ მომდევნო კითხვას, მისი წინა პასუხიდან გამომდინარე ურჩევს. გამოსაშვები გამოცდების კითხვების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ამ ტიპის გამოცდის უპირატესობა ისაა, რომ პროგრამა მოსწავლეს მომდევნო კითხვას, კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს, სანამ მის შესაძლებლობებს არ დაადგენს. თუ საშუალო სირთულის კითხვაზე მოსწავლე პასუხს ვერ გასცემს, შემდეგი კითხვა შედარებით მარტივი იქნება, ხოლო იმავე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მომდევნო შეკითხვა შედარებით გართულდება. შესაძლებელია, ერთი მოსწავლის შემთხვევაში კითხვების რაოდენობა  30 აღმოჩნდეს, მეორის შემთხვევაში კი – 18. კითხვების მაქსიმალური რაოდენობა წინასწარ იქნება განსაზღვრული. მოსწავლე ვერ დაინახავს სწორად უპასუხა თუ არა, პროგრამა მას უბრალოდ მომდევნო კითხვას მიაწვდის. შეცდომის შემთხვევაში პასუხის გასწორება ამ სისტემით შესაძლებელი არ არის. თითოეულ კითხვაზე საპასუხოდ მოსწავლეს განსაზღვრული დრო ექნება, გამოცდის ხანგრძლივობა კი საათ-ნახევარი იქნება.
 
ტესტები არჩევითპასუხიან დავალებებს მოიცავს, ანუ კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსწავლეს თემის დაწერა არ მოუწევს – მან  4 შემოთავაზებულიდან მხოლოდ ერთი, მისი აზრით სწორი პასუხი უნდა მონიშნოს. მოსწავლეს ექნება ქაღალდი და ფანქარი იმ შემთხვევებისთვის, თუ გამოანგარიშება დასჭირდა. ქიმიის გამოცდაზე  პერიოდულობის სისტემისა და ხსნადობის ცხრილის გამოყენებაა შესაძლებელი, ხოლო გეოგრაფიის გამოცდაზე რუკით სარგებლობაც დაშვებულია.
 
უმაღლესში ჩასაბარებლად მომზადებულ მოსწავლეებს, წესით, არც უნდა გაუჭირდეთ ამ „საფეხურის” გადალახვა. მაგრამ ბავშვებს აშინებთ გამოცდები იმ საგნებში, რომელსაც არ აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შესაბამისად, აბიტურიენტობის პერიოდში სისტემატურად არ მეცადინეობდნენ. გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ ფაქტორს ითვალისწინებს: 2011 წელს საატესტატო გამოცდებზე (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც) დავალებების ძირითადი ნაწილი მარტივი დავალებების ბლოკიდან შეირჩევა. 
 
გამოსაშვები გამოცდები, სავარაუდოდ, ყოველდღე ჩატარდება. შედეგს (ქულას) მოსწავლე კომპიუტერის მონიტორზე, გამოცდის დასრულებისთანავე დაინახავს.
 
გამოცდების ეროვნული ცენტრის მტკიცებით, მოსწავლეები დაზღვეულნი იქნებიან ტექნიკური ხასიათის პრობლემებისგან. თუ გამოცდის მსვლელობისას მცირე შეფერხება მოხდა, მოსწავლე ამით არ დაზარალდება. მისი ყველა პასუხი ავტომატურად შეინახება და შეფერხების აღმოფხვრისას, ის მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს. თუ შეფერხება ხანგრძლივი აღმოჩნდა, მოსწავლე ამ გამოცდას სხვა დღეს ჩააბარებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამჟამად გამოსაშვები გამოცდებისათვის ტექნიკური ბაზის მონიტორინგს ახორციელებს. სკოლების ინტერნეტიზაციას საქართველოს მასშტაბით კომპანია მაგთიკომი უზრუნველყოფს.
 
თუმცა, ნერვიულობის მცირე საბაბი მაინც არსებობს. მოსწავლე, რომელიც გამოცდაზე ვერ გადალახავს ბარიერს, ვერ აიღებს ატესტატს, შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ბარიერი დადგინდება პრეტესტის შედეგების გაანალიზების მიხედვით. ეს დამოკიდებულია მოსწავლეთა მიერ გამოცდების შედეგად გამოვლენილ შესაძლებლობათა საშუალო მაჩვენებელზე. რაც უფრო დაბალი იქნება ეს მაჩვენებელი, გადასალახავი ბარიერიც მით უფრო დაიწევს.
 
თუ მოსწავლე დარჩა ატესტატის გარეშე, მას მომდევნო წელს ექნება იმ საგნების ჩაბარების შესაძლებლობა, რომლებშიც ბარიერი ვერ გადალახა. 
 
მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ოქროს მედალზე აცხადებს პრეტენზიას. ოქროს მედალს სკოლა გადასცემს იმ მოსწავლეს, რომელმაც სასწავლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენა. შესაბამისად, საატესტატო გამოცდაში მიღებული შედეგი მედლების გაცემაზე გავლენას არ ახდენს. თუმცა, ბუნებრივია, თუ მისი კანდიდატი რომელიმე გამოცდაში ჩაიჭრა, ის მედალს ვერ მიიღებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები