გამოცდა ობამათი

0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მიმდინარე წლის მაისში დიდ ბრიტანეთს სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრება. პრეზიდენტსა და მის  მეუღლეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე, ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლებს. 

25 მაისს,  პარლამენტის პალატათა გაერთიანებულ სხდომაზე, ობამას სიტყვით გამოსვლა იგეგმება. ამერიკას შეუძლია, თავის ტრადიციულ მოკავშირესთან ბოლო დროს გაციებული ურთიერთობები გააუმჯობესოს.
 
ისტორიულად, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. თუმცა 2009 წელს, პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ, ამერიკულ-ბრიტანულ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. 
 
ჯერ იყო და, გაერთიანებული სამეფოს სოლიდარობის გამოხატვის სიმბოლო, უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბრიტანეთმა თეთრ სახლს საჩუქრად გადასცა, ობამას ადმინისტრაციამ ბრიტანეთის საელჩოს უკან გაუგზავნა. 
 
გარდა ამისა, თუ აქამდე ამერიკა გაერთიანებული სამეფოსა და არგენტინის კონფლიქტზე ბრიტანეთის პოზიციას იკავებდა, ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციამ ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერაზე უარი თქვა. არგენტინაში ვიზიტისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ეს საქმე საერთაშორისო არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს. ამასთანავე, ამერიკის მთავრობა „ცნობს დიდი ბრიტანეთის დე ფაქტო
 
მმართველობას კუნძულებზე, მაგრამ ქვეყანა ამ ტერიტორიაზე არც ერთი მხარის სუვერენიტეტს არ აღიარებს”. 
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ობამა თავის გამოსვლებში ხაზს არ უსვამს ბრიტანეთის წვლილს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება. ამერიკის წინა პრეზიდენტები, ობამასაგან განსხვავებით, ყოველთვის აღნიშნავდნენ ამერიკა-ბრიტანეთის განსაკუთრებული ურთიერთობის მნიშვნელობას. 
 
პოლიტიკური მიმომხილველები იმაზეც საუბრობენ, რომ დღეს ვაშინგტონი ლონდონს რიგით ევროპულ ძალად განიხილავს და მაგალითად, პარიზიდან ან ბერლინიდან არ გამოარჩევს. 
 
ფოტო:REUTERS ©
პრეზიდენტი ბუში და უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი
აქამდე ბრიტანეთი ამერიკის ევროპული პოლიტიკის გამტარებელი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია ეკონომიკურ გიგანტად იქცა, თუმცა სუსტი პოლიტიკური ხმა ჰქონდა. საფრანგეთი გოლისტურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ხშირად ამერიკის მთავარ ოპონენტადაც გვევლინებოდა. ამიტომ დიდი ევროპული ქვეყნებიდან ბრიტანეთთან მოკავშირეობას ამერიკისათვის საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა. დღეს კი ობამა ევროპის ფედერალიზაციის მომხრეა, ბრიტანეთი კი ამ მოდელს თავისი სუვერენიტეტისათვის საფრთხედ აღიქვამს.
 
ახალი ევროპელი მოკავშირეების, განსაკუთრებით საფრანგეთის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ბრიტანეთის ხარჯზე ხდება. მართალია, სარკოზისა და ობამას პიროვნულად საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ დღეს თეთრი სახლი საფრანგეთს ამერიკის მთავარ ევროპელ მოკავშირედ მოიხსენიებს.
 
NATO-ს შიგნით ობამა მხარს უჭერს საფრანგეთის პოზიციების გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრიტანეთის გავლენის შესუსტების სანაცვლოდ კეთდება. ამჟამად NATO-ს  ხუთიდან არც ერთი სარდლობის მეთაური, ბრიტანელი გენერალი არ არის, მაშინ როდესაც ორი მათგანი ფრანგი და ერთიც გერმანელია. ამავდროულად, ბრიტანეთს NATO-ს ყველაზე მასშტაბურ მისიაში – ავღანეთში გაცილებით მეტი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ევროპულ ქვეყანას. ბრიტანეთის კონტინგენტი სიდიდით მხოლოდ ამერიკას ჩამოუვარდება.
ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულების შეცვლის მიზეზის ცალსახა ახსნა არ არსებობს. თუმცა ზოგი თვლის, რომ ეს, შესაძლოა, ერაყის ომის დროს
ბუშის ადმინისტრაციისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით იყოს გამოწვეული. 
 
საარჩევნო კამპანიის დროს, ობამას სურვილი ბუშის მმართველობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება იყო. მას ევროპის ძველ მოკავშირე სახელმწიფოებთან, პირველ რიგში – საფრანგეთთან, გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორება სურდა. ამ ქვეყანასთან ამერიკას ყოველთვის წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა – მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ უახლოეს მოკავშირესთან, ბრიტანეთთან ურთიერთობაშიც პრობლემები გაჩნდებოდა.
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები