თურქეთი საკუთარი “პანამის არხის” მშენებლობას გეგმავს

0 კომენტარი

თურქეთი ბოსფორის სრუტის განტვირთვის მიზნით ხელოვნური არხის აშენებას აპირებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ მინისტრმა გააკეთა. ახალ არხს “სტამბოლის არხი” ერქმევა და ის ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი იქნება, აღნიშნა ერდოღანმა. გეგმის მიხედვით, არხი, რომელიც სუეცის და პანამის არხებზე დიდი იქნება, შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს. არხის სიგრძე 40-45 კილომეტრი იქნება, სიგანე 140-150 მეტრი, ხოლო სიღრმე 25 მეტრი.

თურქეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ახალი არხით დღეში 160 გემი ისარგებლებს, მათ შორის იქნება ნავთობის სუპერტანკერებიც. არხის მშენებლობის დაგეგმვას ორი წელი დასჭირდება, ხოლო პროექტის დასრულებას თურქეთის ხელისუფლება 2023 წლისთვის გეგმავს. სწორედ ამ წელს იზეიმებს თურქეთი რესპუბლიკის 100 წლისთავს. თურქეთის მთავრობას ახალი არხის მშენებლობისთვის საჭირო თანხის ოდენობა ჯერ არ დაუსახელებია.

გამოითქვა ვარაუდი, რომ ერდოღანის განცხადება, შესაძლოა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს, რომელიც 12 ივნისისთვის არის დანიშნული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი პარტია კიდევ ერთხელ მოიპოვებს გამარჯვებას, თუმცა ერდოღანს პარლამენტში მნიშვნელოვანი უმრავლესობის მოპოვება სჭირდება, რადგან ის კონსტიტუციის შეცვლას აპირებს. ერთი თვის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პოლიტიკური სისტემა, შესაძლოა, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაიქმნას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები