თურქი მესხები

დეპორტირებული მესხები: ფერგანამდე და უკან

0 კომენტარი

„საქართველოს სსრ რესპუბლიკის თურქეთთან მოსაზღვრე რაიონებში თურქი მოსახლეობა ცხოვრობს. მრავალი წლის განმავლობაში მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ენათესავებიან თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებლებს – ამჟღავნებენ ემიგრაციულ განწყობას; დაკავებულნი არიან კონტრაბანდითა და თურქეთის სადაზვერვო ორგანოებისთვის წარმოადგენენ ჯაშუშური ელემენტების წყაროს, გადმობირებისა და ბანდიტური ჯგუფების ფორმირებისთვის...” – წერდა 1944 წლის 24 ივლისს ლავრენტი ბერია ამხანაგ სტალინს. 

წერილმა, რომელშიც ჩინოვნიკი მესხეთისა და აჭარის გარკვეული რაიონებში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის შუა აზიაში გადასახლებას ითხოვდა, ასი ათასამდე ადამიანის ბედი სამუდამოდ შეცვალა. რამდენიმე თვეში ბერიას გეგმა გადაჭარბებით შეუსრულეს. მოკლე პერიოდში, მესხეთის მუსლიმ მოსახლეებს იმ რკინიგზის გაყვანა დააჩქარებინეს, რომლითაც შემდეგ გეტოებისკენ მიმავალ გზას გაუყენეს. 
 
დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 300 000-450 000-მდე დეპორტირებული მესხი და მათი შთამომავალი ცხოვრობს. მათგან რეპატრიანტის სტატუსისა და საქართველოს მოქალაქეობის  მაძიებელი სულ 8900 ადამიანია.
 
1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ მათი რეპატრიაციის საკანონმდებლო ბაზის მომზადებისთვის ვალდებულება აიღო. 2007 წელს ქვეყანამ, ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონი მიიღო. მასში გაწერილი სამართლებრივი მექანიზმებით მესხებს შეუძლიათ ჯერ სტატუსი და შემდეგ მოქალაქეობა მიიღონ. 
 
ოთხი წლის წინ, როდესაც აღნიშნულ კანონს პარლამენტში განიხილავდნენ, ოპოზიციური პარტიები ცდილობდნენ, რომ ის პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად გამოეყენებინათ. ისინი ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ დეპორტირებულთა დაბრუნება მათ უსაფრთხოებას დაემუქრებოდა.
 
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ მესხებსა და მათ პირდაპირ შთამომავლებს ერთი წელი მიეცათ, რომ შესაბამისი განცხადებით საქართველოს სახელმწიფოსათვის მიემართათ. შემდეგ ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა.
ამ კანონის მიზნად ისტორიული სამართლიანობის აღდგენა გამოცხადდა. ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არ არის, ფინანსური კომპენსაციის ვალდებულება არ აუღია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ მესხებსა და მათ პირდაპირ შთამომავლებს ერთი წელი მიეცათ, რომ შესაბამისი განცხადებით საქართველოს სახელმწიფოსათვის მიემართათ. შემდეგ ვადა კიდევ ერთი
წლით გახანგრძლივდა და 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა. სულ შემოსულია 5841 განცხადება (8900 პირზე). 
 
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებები, პირობითად, სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. პირველი ჯგუფი – 35 აპლიკაცია უხარვეზოა და ყველა დოკუმენტაციას მოიცავს, რაც კანონით იყო განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ ამ აპლიკანტების ოჯახის წევრებს შესაბამისი საბუთების ნაწილი აკლიათ, ოჯახის განუყოფლობის პრინციპს გაითვალისწინებენ და მათ თხოვნებს ერთობლივად განიხილავენ. ეს საერთო ჯამში ას
ადამიანს შეეხება. რეპატრიანტის სტატუსის მისანიჭებლად, სამინისტრო სავარაუდოდ პირველად სწორედ მათ განიხილავს.
 
რაც შეეხება დანარჩენ ორ ჯგუფს, ერთ ნაწილს მხოლოდ დეპორტაციის საბუთი აკლია. საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ობიექტურ გარემოებებს, რომ მესხებს ეს დოკუმენტი შესაძლოა დაეკარგათ – მათ მიმართ ალტერნატიულ მიდგომას შეიმუშავებენ. მესამე ჯგუფს კი რამდენიმე საბუთი არ აქვს. მათ ხარვეზების შესახებ ინფორმაციას თავიანთ ენაზე უთარგმნიან. ასევე, დოკუმენტაციის სრულად წარმოსადგენად, კანონით გათვალისწინებულ 4 თვეს მისცემენ.
 
რეპატრიანტის სტატუსის მიღების ყველაზე მეტი მსურველი – 5389 – აზერბაიჯანის, 173 – ყირგიზეთის, ხოლო 144 – თურქეთის მოქალაქეა. დანარჩენები ყაზახეთიდან (16), რუსეთიდან (64), უკრაინიდან (9) და უზბეკეთიდან (25) არიან. 21 ადამიანს სსრკ-ს პასპორტი აქვს, არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის და ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს. ეს ის სახელმწიფოებია, სადაც დეპორტირებული მესხები და მათი შთამომავლები არიან გაფანტულნი. 
 

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ბადალ ნაზიროვის ოჯახი. ახალციხე
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) 2005 წლის ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მესხების თვითიდენტიფიკაცია, ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. აქვე  ვკითხულობთ, რომ 6 წლის წინ აზერბაიჯანში 95 ათასამდე დეპორტირებული მესხი ცხოვრობდა, ყაზახეთში 150 ათასი, ყირგიზეთში 50-70 ათასი, რუსეთში 70 ათასი, უკრაინაში 9 ათასი, თურქეთში 35 ათასი, ხოლო ამერიკაში 2 ათასამდე ადამიანი. უზბეკეთში დაახლოებით 15-30 ათასამდე მესხი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა სანდო სტატისტიკა არ არსებობს.
 
უზბეკეთში გადმოსახლების შემდეგ, 1989 წელს, მათ კიდევ ერთი უბედურება დაატყდათ თავს. მესხების ქონების განადგურება, ფერგანის ველზე, ეთნიკურ წმენდაში გადაიზარდა. ამ დროს 17 000 მესხი ცენტრალურ რუსეთში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. მათ მიმართ ძალადობა მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა. შედეგად, 70 ათასმა მესხმა უზბეკეთი თავად დატოვა. ანგარიშის თანახმად, იქ დარჩენილ მესხთა წარმოდგენებში, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც აქაურ მცხოვრებლებთან ერთ ეთნოსად იცხოვრებდნენ. საქართველო  მხოლოდ მოხუცებისთვისაა სამშობლო. აღსანიშნავია, რომ ასაკოვანი მესხებისთვის ჯერაც არ არის ცნობილი, თუ რა მიზეზით გადაასახლეს და რატომ არ შეუძლიათ უკან დაბრუნება. ახალგაზრდების სამშობლო კი უზბეკეთია. თუ სადმე წავიდოდნენ – არა ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, არამედ უმთავრესად ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით. აქ მცხოვრებ მესხთა უმრავლესობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, რაც უზბეკეთში განუვითარებელ დარგად ითვლება.
 
მესხები ცენტრალურ რუსეთში 1960 წლიდან ცხოვრობდნენ, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ფერგანის ტრაგედიის შემდეგ მოვიდნენ. განსაკუთრებულ დისკრიმინაციას ისინი კრასნოდარის მხარეში აწყდებიან, სადაც არალეგალი მიგრანტების სტატუსი აქვთ. რუსეთში მცხოვრები დეპორტირებულებიდან მცირე ნაწილს თავი ქართველად, ხოლო დანარჩენს – თურქად მიაჩნია. კვლევის ფარგლებში ვერ დადგინდა, თუ რამდენს სურდა ამჟამინდელი საცხოვრებლის დატოვება. თუმცა ყველაზე მეტად აშშ იზიდავდათ, ქვეყანა, რომელმაც მესხების ნაწილი „განსაკუთრებული ჰუმანიტარული ხასიათის ლტოლვილის” სტატუსით მიიღო. მათ ხომ ჯერ გადასახლებისა და ფერგანის ტრაგედიის გამოვლა, ხოლო შემდეგ დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება მოუხდათ.
 
ერთ-ერთი რეპატრიანტი, ალი მეხრიევი ჰყვება, რომ როდესაც 5 წლის წინ, სოფელ აბასთუმანში, მამის დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა დასახლება, ორი სოფელი შეიკრიბა – თათარს არ შემოვუშვებთო. თუმცა, მეზობლებთან დღეს უკვე კარგი ურთიერთობა აქვს.
ყირგიზეთში ყველაზე მეტი დეპორტირებული მესხი ცხოვრობს და უმრავლესობა კარგად არის ინტეგრირებული. ადგილობრივებთან კონფლიქტი იშვიათია. მკვლევრების თქმით, ეს წარმატებული ინტეგრაციის კარგი მაგალითია. საქართველოში დაბრუნების იდეა, – აღნიშნულია უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ანგარიშში, – აქაც, მხოლოდ მოხუცებში იყო პოპულარული. სხვები დასაბრუნებლად მხოლოდ უფროსების პატივისცემის გამო იყვნენ მზად. ყირგიზეთში მცხოვრები მესხების უმრავლესობამ არაფერი იცოდა საქართველოზე, რუკაზე მესხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მოძებნაც კი უჭირდათ. საქართველოს უკვე დაკარგულ „სამოთხედ” აღიქვამდნენ.
 
რაც შეეხება აზერბაიჯანში მცხოვრებ დეპორტირებულ მესხებს, უმრავლესობა თავს აზერბაიჯანელად მიიჩნევდა. მხოლოდ 30%-ს – ძირითადად მოხუცებს, სურდათ სამშობლოში დაბრუნება. ყაზახეთში მცხოვრები მესხებიდან მხოლოდ 5 %-ს – კვალავაც ძირითადად ხნიერებს – სურდათ საქართველოში ჩამოსვლა. აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ „მესხეთი” და საქართველო მათთვის სიმბოლური სამშობლოა. ისინი მეტ-ნაკლებად ინტეგრირებულები იყვნენ და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების დონით არ ჩამოუვარდებოდნენ. რაც შეეხება უკრაინაში მცხოვრებ მესხებს, იქ1992 წელს უზბეკეთიდან ჩავიდნენ და თავს თურქებს უწოდებენ.  ეს ადამიანები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მესხებმა თურქეთისკენაც დაიწყეს გადაადგილება. ინტერგაციის მხრივ მათ პრობლემები არ აქვთ – ძირითადად სტამბოლში, ბურსასა და ანტალიაში ცხოვრობენ. მათ საზოგადოებრივი და ადგილობრივი მოსახლეობის სოლიდარობაც აქვთ. უმრავლესობას – თუ თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუხდებოდა – საქართველოში დაბრუნება არ სურდა.
 
განსხვავებული ეთნიკური თვითიდენტიფიკაციის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მესხებს ერთი სახელით მოიხსენიებენ – თურქი მესხები. ლავრენტი ბერია ამ ადამიანებს თურქებს უწოდებდა. თუმცა, მკვლევრების უმრავლესობა მათი ქართული წარმომავლობის ვერსიას ემხრობა. ისინი სამხრეთ საქართველოში ოსმალეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში გამუსლიმდნენ და თურქულ ენაზე ამეტყველდნენ. 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან იძულებით გასახლებული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთნიკური წარმოშობის მიხედვით ქართველი იყო. შედარებით მცირე რაოდენობით იყვნენ თურქები, ხემშილები, ქურთები, ყარაფაფახები, თარაქანები, ბოშები, აგრეთვე 1930-იან წლებში აჭარიდან მესხეთში ჩასახლებული მუსლიმი ქართველები. მეორე მხრივ, როგორი წარმომავლობისაც უნდა იყვნენ ეს ადამიანები, ფაქტია, რომ საქართველოს მიწა-წყალზე საუკუნეების მანძილზე სახლობდნენ. საბჭოთა ოკუპაციურმა რეჟიმმა კი სამშობლო იძულებით დაატოვებინა.
 
საბჭოთა მთავრობის მოტივებზე მრავალ ვერსიასა თუ სპეკულაციას მოისმენთ. ყველაზე სარწმუნოდ მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირი თურქეთის წინააღმდეგ გეგმავდა ომს და „არასაიმედო” მუსლიმური მოსახლეობის საზღვრისპირა რეგიონიდან მოშორება სურდა.  
ეს მოტივი სტალინის ეთნიკური ინჟინერიის პოლიტიკას პასუხობს. ადრეული 20-იანი წლებიდან ბელადის სიკვდილამდე (1953წ.), შუა აზიაში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა კავშირში მცხოვრები მილიონობით ადამიანი გადაასახლეს. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გადასახლება კიდევ რამდენიმე დიდ ჯგუფს შეეხო. სრულად სულ რვა ჯგუფი გადაასახლეს. პირველები – მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩაბმიდან რამდენიმე თვეში – ვოლგისპირელი გერმანელები აღმოჩნდნენ. 1943-1944 წლებში მათ ყარაჩაელები, ყალმუხები, ბალყარელები, ჩეჩნები, ინგუშები და ყირიმელი თათრები მიაყოლეს.
 
როგორც მთელ ეთნიკურ ჯგუფებს, ისე მათ ნაწილს ასახლებდნენ – მაგალითად, ბალტიისპირელებს. შემდეგ კი საპირისპირო გადმოსახლება იწყებოდა. ამ კოლონიზაციური პოლიტიკის შედეგად ბალტიისპირეთიდან ზრდასრული მოსახლეობის 10% ან გადაასახლეს ან შრომით ბანაკებში წაიყვანეს – მათ ადგილას კი რუსები ჩაასახლეს.  
 

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
 
გადასახლების მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო. ზოგს არასაიმედო ჯგუფებად მიიჩნევდნენ – საბჭოთა მთავრობა შიშობდა, რომ გარკვეული ეროვნების ადამიანები საომარი ოპერაციების დაწყების შემთხვევაში „მეხუთე კოლონად” იქცეოდნენ. შესაბამისად, კრემლი ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ყველა ზომას იღებდა. ზოგს კოლაბორაციონიზმში დასდეს ბრალი. გადასახლებები შრომითი რესურსების გადასროლის მიზნითაც ხდებოდა. 
 
მუსლიმი მესხები სტალინის ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. 
 
„გვიანი ღამე იყო. ყველას გვეძინა. კარზე ბრახუნის ხმა გაისმა. ფორმიანი კაცები შემოვიდნენ და გვითხრეს – რამდენიმე საათს გაძლევთ, რომ აბარგდეთო. დავიბენით. ვერ გავიგეთ, სად და რატომ მივყავდით. ეს დღემდე არ ვიცი. რამდენიმე საათში უკვე მატარებლის ვაგონებში ვისხედით და გაურკვეველი მიმართულებით მივდიოდით”, – იხსენებს 77 წლის ბადალი. ის ბავშვი იყო, როდესაც მესხეთი დაატოვებინეს და მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. 
 
საერთო ჯამში, საქართველოს სამხრეთიდან შუა აზიაში გადასახლებულ 100 ათასამდე ადამიანში უმრავლესობას ბავშვები და ქალები წარმოადგენდნენ. კაცები კი უმცირესობაში იყვნენ. 30 ათასზე მეტი მუსლიმი მესხი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ომგამოვლილებს ოჯახები აყრილი, ხოლო სახლები კარაჭედილი  დახვდათ. 
 
ივარაუდება, რომ გზად რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. სხვადასხვა წყაროებში ხშირად 17 ათასს ასახელებენ. თუმცა, საბჭოთა ნომენკლატურის მიმოწერებში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 457-ია. ოფიციალურ დოკუმენტებში აღწერილი მდგომარეობა და თვითრეპატრირებულების მონაყოლი ერთმანეთისგან სხვა შემთხვევებშიც განსხვავდება. ნაზირა ვაჩნაძე თავის წიგნში დეტალურად აღწერს, რომ შუა აზიისკენ მიმავალთ ცუდად კვებავდნენ და ეპიდემიები ვრცელდებოდა. არ იცოდნენ სად მიდიოდნენ. დროც იწელებოდა – სათვალავი რომ არ არეოდათ, გათენება-დაღამების ნიშნებს ვაგონის კედლებზე კაწრავდნენ. ავტორი აღნიშნავს, რომ გზად ბევრი დაიღუპა, გვამებს ვაგონებიდან პირდაპირ ისროდნენ უკაცრიელ ადგილებში. კრემლის დადგენილებაში კი მათთვის არა მხოლოდ საგზაო საკვები, არამედ სამედიცინო მომსახურებაც იყო გათვალისწინებული. 
 
18-დღიანი გაურკვევლობისა და ტანჯვის დასასრულს მათ საბჭოთა გეტოები ელოდათ – უფრო ხანგრძლივი, თუმცა გარკვეული მომავლის საწყისი. განუმარტეს, რომ ახალი საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება არ ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულაგებში მძიმე, 15-20-წლიანი შრომა ელოდათ. 
 
სტალინის სიკვდილის შემდეგ, გადასახლებულ ჯგუფებს იმედი ჩაესახათ, რომ სამშობლოს დაუბრუნდებოდნენ. თუმცა, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ყარაჩაელებს, ყალმუხებს, ბალყარელებს, ჩეჩნებსა და ინგუშებს მიეცათ. ვოლგისპირელ გერმანელებს, ყირიმელ თათრებსა და მესხებს ეს პოლიტიკა არ შეხებია. მათ გადაადგილების თავისუფლება მიენიჭათ, მაგრამ გადმოსახლების ადგილებში დაბრუნების უფლება კვლავაც არ ჰქონდათ.
 
მესხების მცირე ნაწილმა საქართველოში მხოლოდ 70-80-იან წლებში მოახერხა დაბრუნება – უმეტესად აზერბაიჯანიდან, სადაც ნაწილობრივი თავისუფლების მიცემის შემდეგ, სამშობლოსთან სიახლოვის გამო სახლობდნენ. რეპატრირებულთა ეს ნაწილი ოზურგეთისა და სამტრედიის რაიონებში ჩამოვიდა, სადაც დღეს 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. 
 
90-იან წლებში, ქსენოფობიური განწყობების გამო, მრავალ ადრე დაბრუნებულსაც კი ქვეყნის ან რაიონის დატოვება მოუწია. მაგალითად, სოფელ ცხრამუხაში ერთ დაბრუნებულ ოჯახს მიცვალებული არ დააკრძალინეს, „თურქი აქ რატომ უნდა დაიმარხოსო”. ხოლო ახალციხეში მცხოვრები ბარათაშვილების ოჯახი იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო. მაჰმადიან მესხებს სამცხე-ჯავახეთში კვლავაც თათრებად მოიხსენიებენ.
 
მესხების რეპატრიაციის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა დღესაც უარყოფითია. ამას 2007 წელს IRI-ის ჩატარებული კვლევა ადასტურებს. მაშინ 67% მესხების რეპატრიაციის წინააღმდეგი იყო, მომხრე კი – მხოლოდ 16%.
 

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ოსმან მეხრიევი. აბასთუმანი
ერთ-ერთი რეპატრიანტი, ალი მეხრიევი ჰყვება, რომ როდესაც 5 წლის წინ, სოფელ აბასთუმანში, მამის დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა დასახლება, ორი სოფელი შეიკრიბა – თათარს არ შემოვუშვებთო. თუმცა, მეზობლებთან  დღეს უკვე კარგი ურთიერთობა აქვს.
მესხების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ორმხრივ სირთულეებს საქართველოს მთავრობაც ითვალისწინებს. ამა წლის მარტში ჩამოყალიბებული უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომელიც რეპატრიაციის საკითხებზე მუშაობს, ინტეგრაციის  გეგმის შემუშავებას აპირებს.
ამჟამად საქართველოში დეპორტირებული მესხების დაახლოებით ორასი ოჯახია. მათ შორის  მოქალაქეობის არმქონე პირებიც არიან.  ამ უკანასკნელებს თვითრეპატრიანტებს უწოდებენ. ისინი, დაახლოებით 83 ადამიანი, სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ. თვითრეპატრიანტები 2008-2009 წლებში საკუთარი ინიციატივით შემოვიდნენ და დასახლდნენ.
 
„ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან, კანონი ხომ მიიღეთ და რატომ არ გვიღებთო?” – ამბობს ცირა მესხიშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის ხელმძღვანელია და თვითრეპატრიანტებს ინტეგრაციაში ეხმარება. მისი თქმით, ეს ადამიანები არასწორად იყვნენ ინფორმირებულები. ისინი გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებას, რეპატრიანტთა კანონით გათვალისწინებული ლეგალური მექანიზმების გარეშე ვარაუდობდნენ. 
 
მოქალაქეობის არქონის გამო ბავშვები განათლებას ვერ იღებდნენ. ეს პრობლემა მოგვარდა – განათლების სამინისტრომ თვითრეპატრირებულთა დროებითი ნომერი მიანიჭა და ვაუჩერული დაფინანსებაც გამოუყო. 
 
თვითრეპატრიანტებს შორის მოხუცებიც არიან. მათ მშობლებისგან მითებად გადმოეცათ, რომ ამ მიწაზე „რძისა და თაფლის მდინარეები” მოედინება პრობლემები აქაცაა – ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აზერბაიჯანის საზღვრის სამ თვეში ერთხელ გადაკვეთა ურთულდებათ.
 
დევნილთა სამინისტროში ამბობენ, რომ თვითრეპატრიანტებს შეეძლოთ სტატუსის  მინიჭების თხოვნით მიემართათ. ეს მათ მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საშუალებას მისცემდა. თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა გააკეთა. დანარჩენებისთვის კი მოქალაქეობის მინიჭების საკითხს, უკვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს. 
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები