სავალდებულო სამხედრო სამსახური

მონობის ლეგალიზებული ფორმა 21-ე საუკუნეში

0 კომენტარი
ფოტო: Shutterstock

2011 წლის განმავლობაში, 9 ათასამდე 27 წლამდე ახალგაზრდას ჯარში გაიწვევენ. 300 ათასზე მეტ 27-დან 40 წლამდე მოქალაქეს კი – წელიწადში არაუმეტეს 45 დღით სარეზერვო სამსახურის მოხდა ეხება. სამხედრო ორგანიზების სწორედ ასეთი, სავალდებულო სისტემა უზარმაზარ რეალურ და ფარულ დანახარჯებს შეიცავს. არსებობს ალტერნატივა – საკონტრაქტო ჯარი.

ქართული სამხედრო სისტემა პირობითად სამ ძირითად კომპონენტად შეგვიძლია დავყოთ: 1. პროფესიული – სადაც ჯარისკაცები, კონტრაქტით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, თავიანთი ნებით მსახურობენ. ქართულ ჯარში 37 ათასამდე კონტრაქტიანი სამხედრო მოსამსახურეა. 2. სავალდებულო – ამ ტიპის სამსახურის ხანგრძლივობა 12 თვეა და ვალდებულება ეხება ყველა 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდას, რომელიც არ სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, ან არ აკმაყოფილებს გაწვევის გადავადების პირობებს. 3. რეზერვი – ამ ტიპის სამსახურიც სავალდებულოა და ეხება საქართველოს 300 ათასზე მეტ მოქალაქეს – ყველა მამაკაცს, 27-დან 40 წლამდე.

სამხედროვალდებული პირები საქართველოს შრომითი ძალის თითქმის 16%-ს წარმოადგენენ. რეზერვის გაწვევების სრული მოცულობის მიღწევის პირობებში, საქართველოს ეკონომიკას წელიწადის 12.3%-ის განმავლობაში, შრომითი ძალის 16%-ის გარეშე ვტოვებთ.

სავალდებულო რეზერვში მსახურობისას სახელმწიფო უზრუნველყოფს გაწვეულთათვის სამსახურის შენარჩუნებას. კანონი ავალდებულებს კომპანიებს, რეზერვისტებს გაწვევის პერიოდში სამსახური შეუნარჩუნონ. თუმცა სახელმწიფოს, კომპანიებისთვის თანამშრომლის ნაკლებობით მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად, არანაირი მექანიზმი არ აქვს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ რეზერვში გაწვეული ადამიანები სხვადასხვა კომპეტენციის არიან და შესაბამისად, კომპანიების ფუნქციონირებაში სხვადასხვა როლს თამაშობენ. სახელმწიფოს არც თვითდასაქმებული რეზერვისტებისთვის აქვს რაიმე მექანიზმი. რეზერვისტებს მობილური ტელეფონების გამოყენებასაც კი უკრძალავენ – წელიწადში 45 დღის განმავლობაში ისინი სრულიად მოწყვეტილები არიან საკუთარ საქმეს.

საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვაზე ყველაზე მეტი – ბიუჯეტის 24% და მშპ-ს 8.1% – 2008 წელს დაიხარჯა. ამ მაჩვენებლით სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველო 154 ქვეყნიდან მე-4 ადგილზე იყო – ერიტრეას, ომანისა და საუდის არაბეთის შემდეგ. 2008-დან 2011 წლამდე თავდაცვის სფეროზე გაწეული დანახარჯები 58%-ით შემცირდა. 2011 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯებზე მთლიანი დანახარჯების 9.5% მოდის. აქედან ყველაზე მეტი – თითქმის 60%, ხელფასებზეა გამოყოფილი.

დანახარჯები არ შემცირებულა სამხედრო მოსამსახურეთა ნომინალური ხელფასების კლების ხარჯზე. ისინი 2008 წლის ნიშნულზე, კაპრალებისა და დაბალი წოდების ოფიცრებისთვის საშუალოდ 1000 ლარზე შენარჩუნდა. თუმცა ინფლაციის გამო საკონტრაქტო ჯარისკაცთა ხელფასებმა თითქმის 18%-ით მაინც იკლო. ამან 2008 წლის რუსულ სამხედრო აგრესიასთან ერთად საკონტრაქტო ჯარისკაცობის სტიმულები საგრძნობლად შეამცირა. ამ პირობებში გონივრულია ეჭვი, რომ მიმდინარე 4-წლიანი კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ ჯარისკაცთა მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი აღარ მოინდომებს მათ განახლებას. არაა გამორიცხული, მთავრობამ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე არჩიოს დატვირთვის გადატანა. მით უმეტეს, რომ ამის ნიშნები უკვე არსებობს. 2011 წელს წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტი ახალგაზრდის გაწვევა იგეგმება, ხოლო რეზერვის ახალი კონცეფცია მასშტაბური სამხედრო ძალის შექმნაზეა ორიენტირებული.

სამხედრო სფეროში დასაქმებისთვის არამოტივირებულ ადამიანებს, ამ სამსახურის თავიდან აცილების ლეგალური საშუალებები ძლიერ შეზღუდული აქვთ. სამხედრო სამსახურის 18 თვით გადავადების საფასური 2 ათას ლარს შეადგენს. გადავადება მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი და ისიც მხოლოდ 25 წლამდე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური 24 თვის განმავლობაში გრძელდება. რეზერვისთვის მსგავსი მექანიზმები საერთოდ არ არსებობს.

სავალდებულო სამხედრო სამსახურს აქვს ეკონომიკურად და პროფესიონალურად უფრო ეფექტიანი ალტერნატივა – საკონტრაქტო ჯარი. საკონტრაქტო მოდელი, სავალდებულოსგან განსხვავებით, ჯარისკაცებს დაქირავებულ შრომით ძალად აქცევს, რითაც ქმნის ახალ შრომით ბაზარს: ჯარისკაცი ამ ბაზარზე შრომის, როგორც საქონლის ერთ-ერთი ტიპის, ნებაყოფლობითი მიმწოდებელია. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ხელფასზე და სხვა პირობებზე მისი თანხმობა ნიშნავს, რომ ის მომგებიან გარიგებას ახორციელებს. სავალდებულო გაწვევისგან განსხვავებით, მის მიერ მიღებული სარგებელი აუცილებლად აჭარბებს დანახარჯებს.

საკონტრაქტო მოდელის პირობებში ფარული დანახარჯები მცირდება. სავალდებულო გაწვევისას სახელმწიფო ცალკეული ინდივიდების განსხვავებულ დანახარჯებს უგულებელყოფს. მენეჯერს, რომელსაც წელიწადში 45 დღით კომპანიის მიტოვება უწევს, რეზერვისტობა გაცილებით „მეტი უჯდება”, ვიდრე დროებით უმუშევარს. იგივე შეიძლება ითქვას ჭარბწონიან ადამიანზე, ფიზიკურად მზადმყოფთან შედარებით. სწორედ ამიტომ, სავალდებულო მოდელი, ეკონომიკური თვალსაზრისით, არაეფექტიანია.

საბაზრო მექანიზმების წყალობით, საკონტრაქტო ჯარი გაცილებით მეტად მოტივირებული და პროფესიონალური თვალსაზრისით განვითარებულია. საკონტრაქტო მოდელი ნიშნავს საზოგადოებაში შრომის ეფექტიან დანაწილებას. სავალდებულო გაწვევისას კი, ასეთი შედეგი, შესაძლოა, მხოლოდ გარემოებათა არაჩვეულებრივი დამთხვევის პირობებში მივიღოთ: თუ, მაგალითად, სახელმწიფოს გაუმართლებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევს ადამიანებს, რომლებიც იძულების გარეშეც იმსახურებდნენ თვეში 15-დან 70 ლარამდე გასამრჯელოს სანაცვლოდ, ხოლო რეზერვისტები ალტრუისტული მოსაზრებებით იხელმძღვანელებენ.

ვილიამ მეკლინგს თუ დავუჯერებთ, სამხედრო ძალების ჩამოყალიბება ორი გზით შეიძლება მოხდეს. პირველი: მთავრობამ ექსპროპრიაცია უნდა გაუკეთოს კერძო საკუთრებაში არსებულ იარაღებს და ადამიანებს მუშაობა დაავალდებულოს; მეორე – შეიძინოს საჭირო იარაღები და სამუშაო ძალა. მეკლინგის აზრით, გაწვევა პირველ გზას შეესაბამება და, რეალურად, ასაკობრივი და გენდერული ცენზით დაწესებული გადასახადია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მაშინ როდესაც შექმნილი სერვისით (თავდაცვით) მთელი მოსახლეობა სარგებლობს.

მიურეი ნ. როთბარდი (1926-1995)

ამერიკელი ინდივიდუალისტი, ანარქისტი, ავსტრიის ეკონომიკური სკოლის წევრი, ოც წიგნზე მეტის ავტორი, ამერიკის ლიბერტარიანული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი

ვილიამ ჰ. მეკლინგი (1922-1998)

გამოჩენილი ეკონომისტი, როჩესტერის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის პირველი დეკანი. რიჩარდ ნიქსონის მიერ შექმნილი ანტისავალდებულო სამხედრო სამსახურის კომისიის აღმასრულებელი დირექტორი
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები