თურქეთი: ახალი კურსი ათათურქის პარტიისაგან

თურქეთში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. 12 ივნისს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მანდატების უმეტესობას, უკვე მესამედ, დიდი ალბათობით, ზომიერი ისლამისტური, სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოიპოვებს. ამას მზარდი ეკონომიკა, სეკულარული ოპოზიციის სისუსტე და დაქსაქსულობა უწყობს ხელს. 

ისლამისტების ჰეგემონია საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას იწვევს. ისინი ამტკიცებენ, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებს ძირს ფარულად უთხრის. მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ თურქული სახელმწიფოს სეკულარული ბუნება სასწორზე დევს. 
 
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მომხრეები, ამგვარ შიშებს გაზვიადებულად მიიჩნევენ – თუკი გერმანიაში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის არსებობა სეკულარიზმს საფრთხეს არ უქმნის, არც მმართველი პარტიის რელიგიური შეფერილობა უნდა იყოს განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი. 
სახალხო-რესპუბლიკური პარტია (CHP) პარლამენტში დღეს ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოზიციური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ქემალ ათათურქმა ჩამოაყალიბა, თავდაპირველი პოპულარობით უკვე კარგი ხანია, აღარ სარგებლობს. ბოლო პერიოდში CHP უკომპრომისო სეკულარისტების და ნაციონალისტების ბასტიონად მიიჩნეოდა. ისინი მმართველი პარტიის მიერ გატარებულ, ყველა ლიბერალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ. ამით პარტიამ საშუალო ფენის ამომრჩევლებში მიმზიდველობა  დაკარგა – 1999 წლის არჩევნებში CHP-მ პარლამენტში შესასვლელად საჭირო 10%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა. მათ მემარცხენე-დემოკრატულ პარტიასთან გაერთიანების შემდეგ 2007 წლის არჩევნებში ხმების მხოლოდ 20% მოიპოვეს. გასულ წელს კი, პარტია სექსუალურ სკანდალშიც გაეხვა. შედეგად, პარტიის ყოფილმა ლიდერმა – დენიზ ბაიკალმა პოსტი დატოვა. 
 
 
ფოტო: REUTERS ©
ქემალ ქილიჩდაროღლუ (სახალხო-რესპუბლიკური პარტია)
წლევანდელ არჩევნებში სახალხო-რესპუბლიკური პარტია ახალგაზრდული შემადგენლობით იბრძოლებს. ახალმა ლიდერმა – ქემალ ქილიჩდაროღლუმ CHP-ს დინამიურ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობად ტრანსფორმირება დაიწყო. მას სუფთა ფურცლიდან სურს პარტიის ისტორიის დაწყება. თუკი მმართველმა AKP-მ საპარლამენტო სიის ნახევარი გადაახალისა, ხოლო ნაციონალისტური მოძრაობისა და მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიებმა ამჟამინდელი დეპუტატების დაახლოებით 40% შეცვალეს, CHP უფრო შორს წავიდა და 101-დან 78 კანონმდებელი ახალ პარტიულ სიაში აღარ შეიყვანა. მათი ადგილი უამრავმა ახალგაზრდა (საშუალოდ 30 წელი) კანდიდატმა დაიკავა, რომლებიც პირველად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სიაში მოხვედრილი 11 პოლიტიკოსი ადრე ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის წევრი იყო. 
 
22 აპრილს სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ გამოაქვეყნა საარჩევნო მანიფესტი, რომელიც სხვა ინიციატივასთან ერთად ახალი კონსტიტუციის მიღებას და ძირეულ პოლიტიკურ და სოციალურ რეფორმებსაც ითვალისწინებს. CHP თურქეთის ყველა, მათ შორის ქურთ და ალავიტ მოქალაქეს მეტ თავისუფლებასა და თანასწორობას ჰპირდება. 
 
ამ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპაში ყველაზე მაღალი, 10%-იანი საარჩევნო ბარიერი 5%-მდე დაიწევს. დეპუტატებს იმუნიტეტი მოეხსნებათ, ხოლო პარტიებს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მოუწევთ. გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობა, პრესის თავისუფლება და სასამართლო დამოუკიდებლობა. 
 
ახალგაზრდების გულის მოსაგებად, CHP სავალდებულო სამხედრო სამსახურის 15-დან 9, შემდეგ კი 6 თვემდე შემცირებას გეგმავს. სტუდენტებს სამხედრო ბეგარის მოხდა საზაფხულო არდადეგების დროს შეეძლებათ. შესაძლებელი იქნება გაწვევის ფასიანი გადავადებაც. გაუქმდება უმაღლესი განათლების საბჭო. მოიხსნება თურქეთში მცხოვრები უმცირესობებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა. საშუალო განათლება 12 წლამდე გაიზრდება. 
 
ფოტო: REUTERS ©
დევლეთ ბაჰცელი (ნაციონალისტური მოძრაობის პარტია)
შიდა რეფორმების შედეგად გაზრდილი რეიტინგის წყალობით, პარტიას შეუძლია წელს ხმების 30% მოიპოვოს. CHP დასაყრდენს მოსახლეობის უკმაყოფილო ნაწილში, კერძოდ კი ლიბერალ თურქებში, სოფელში მცხოვრებ ამომრჩეველსა და ლურჯსაყელოიან მუშებში ეძებს. 
 
მმართველი პარტიისგან განსხვავებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რელიგიაზე დაფუძნებულ ალიანსებზეა ორიენტირებული, ქილიჩდაროღლუ მკვეთრი პროდასავლური პოზიციის დაკავებას ცდილობს. თუმცა, კრიტიკოსთა აზრით, პარტიის ახალი, ტექნოკრატული და აკადემიური ხელმძღვანელობა უფრო ექსპერტთა კლუბს ჰგავს,  ვიდრე სახალხო პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც არჩევნებში გამარჯვება შეუძლია. 
 
განახლებული CHP-ს სწორედ ამ სისუსტეების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს სიდიდით მეორე ოპოზიციური ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (MHP). ულტრანაციონალ-კონსერვატული MHP-ს ლიდერები იმედოვნებენ, რომ მომავალ არჩევნებში, იმ ნეონაციონალისტი ამომრჩევლების ხმებს მოიპოვებენ, რომლებიც CHP-ს ახალი პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან. ეს განსაკუთრებით ქურთებსა და თავსაბურავის საკითხთან  შერბილებულ დამოკიდებულებას შეეხება. მოლოდინი მთლად უსაფუძვლო არ არის, რადგან სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული მხარდამჭერები, იზმირისა და სტამბოლის საარჩევნო ოლქებში ქილიჩდაროღლუს ნაბიჯებით უკმაყოფილონი არიან.
 
ვარაუდობენ, რომ ახალ პარლამენტში მეოთხე პოლიტიკური ძალაც – პროქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიაც – მოხვდება. 

კომენტარები