ამაოდ გასაბერი ანგელოზი

თუ მწერლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ინერციის გადალახვაა – გნებავთ საკუთარის, გნებავთ მიმდინარე ლიტერატულ პროცესში დამკვიდრებულის – ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი – „გასაბერი ანგელოზი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) – ამის მაგალითად გამოდგება.

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
პროზაიკოსმა აირჩია მკაფიოდ ფანტასმაგორიული, ონირიული გზა. ნახევრადსიზმრისეულ რეალობაში პერსონაჟები აბსურდული გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ბუნებრივია, ამ საგის დასასრულად იმთავითვე ფატალური ფინალი იგულისხმება – უფრო სწორად, კომიკური იმედგაცრუების მოლოდინს ავტორი ფრაზებს შორის მიგვანიშნებს. ზღაპრული ამბების შემდეგ უკიდურესად გაყოფითებული სცენა – გურჯიევის ერთგვარი განჯადოება, ვთქვათ ამრომანულადაც – გაფარჩაკება, გაფიქრებინებთ, რომ მთელი ეს კარნავალი იქ დასრულდა, სადაც დაიწყო. ანუ ისე დასრულა, როგორც დაიწყო – ცოტაც და ქვეყნის რიტმს დაუბრუნდება. თუმცა ბოლო აბზაცი მოულოდენლად და მთელი ძალით კვალავაც უკან, ტექსტისკენ გვიბიძგებს – მაცივრიდან ძაღლის – ფუკოს მოჭრილი თავი შემოგყურებთ. დასხდნენ ამ ცხოველის კაცი-სეხნიას კოლეგები და იმტვრიონ თავიო – თითქოს წერტილის დასმის ნაცვლად ამბობს ბურჭულაძე. 
 
ჰო, ცოტა მანამდელზეც...
 
დიახ, ვისაც არ წაგიკითხავთ, ძალიან ზოგადად გეტყვით, რომ ერთ ჩვეულებრივ ოჯახში, ნიკო და ნინო გოროზიებს, თეფშის ჩვენთვის „ტრადიციული” დატრიალებისას, დიდებული მაგი – გურჯიევი გამოეცხადებათ. მერე ამას მოსდევს განსხეულებული სულის „რესოციალიზაცია”  XXI საუკუნის ივერიაში – Facebook-ებითა და ტელეშოუსერიალებით. და საერთოდაც, მე გურჯიევი ამ ოჯახის (სხვა მრავალთა კრებითი სახე) წარმოსახვითი სარკე მგონია. მიუხედავად, ერთი შეხედვით, მათთვის წარმოუდგენელი ქმედებებისა, ის მაინც გოროზიების რეპრესირებული სურვილების „ამსრულებლად” წარმოგვიდგება. და ერთხელაც ფულის საშოვნელად კაცის გატაცებას გადაწყვეტენ – ეს ქართული „ამერიკული ოცნებაა” – მარტივად ასასრულებელი, შეიძლება ასრულებულიც, მაგრამ ილუზორული.
 
რომანიდან ცოტა ამოვარდნილად მეჩვენა ქალაქის აღწერებისას ფსევდორელიგიური და მსგავსი სიმახინჯეების პუბლიცისტური, თითქმის ბლოგური და ნაცადი ასახვა. ანაც უკვე ელიტურ პაპსად ქცეული ცინიზმი: „მაია ასათიანს ქართული თეატრისა და კინოს სხვადასხვა თაობის ვარსკვლავები ყავდა სტუმრად, როგორც ყოველთვის იყო დიდი ჭმუნვა, გულების შლა და ცრემლის ღვრა”.
 
ჩვეულებრივი დიალოგებისას, შეხვდებით ხოლმე კითხვებს – არნოლდ ჩიქობავა იყო შენი ვინმე? ბულატ ოკუჟავა იყო შენი ვინმე? პასუხები ბუნდოვანია – ეს კულტურული მეხსიერების კვდომის ან მისი ნაკლებ საჭიროების ტექნიკურად ზუსტი მინიშნებაა.
 
სხვა სიკეთეები – დასამახსოვრებელი, მოპროვოკაციულო ირონიული პასაჟები („ღმერთი გწამს? ნინომ კითხა... – ღმერთმა დამიფაროს”), მოულოდნელი რეფლექსიები (თუნდაც გრიბოედოვის მცირე, მაგრამ შთამბეჭდავი ეპიზოდი) და თხრობის ლაღი სტილი. უკანასკნელი, მწერლისთვის აშკარად გაუმჯობესებული მიღწევაა – ბურჭულაძემ ერთხელ აღნიშნა, რომ თანამედროვე რომანი Fast Food-ი უნდა იყოს, თორემ აღარავინ გაეკარებაო. ავტორს ეს ამბავი მშვენივრად გამოუვიდა – თუ გაწაფული თვალი გაქვთ, თბილისიდან ქუთაისისკენ (ამ ქალაქის ხსენება მხოლოდ მანძილს უკავშირდება, პოსტმოდერნული თამაში როდია) სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას წაკითხვას ადვილად მოასწრებთ.
 
წაკითხვის შემდეგ იოლად ხვდებით, რომ მოდერნტფილისური ან სულაც სამამულო „ამაოება ამაოებათა” (თუმცა აქ ყოველივე ამაო არ არის – მთლად ეგრეც „ცუდი პონტია”) შემოგთავაზეს, ჩვენს ქვაბში აქამდე ნაკლებად ნადუღარი ხერხებით – ამავე ავტორის „ხსნადი კაფკა” გზის ირიბი წინაპირობა თუ იყო, აკა მორჩილაძის ურბანული ციკლის რომანების ხასიათი სხვაგვარია – ისევე როგორც ლაშა ბუღაძის. ბურჭულაძისეული ამაოება ყოველდღიური, ჩვენეულია, თან ნატურალისტური და თანაც ფანტასტიკური – ეს ქვეყანაც ხომ ასეა, როგორც ერთგან ავტორი წერს – „ანგელოზს ცისკენ აფრენა უნდა, მაგრამ ძაფი არ უშვებს”.

კომენტარები