თურქეთის მმართველი პარტიის წევრებს თავს დაესხნენ

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/turketiavtobusi.png##fbimage#
თურქეთის პროვინცია ქასთამონუში თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელსაც  თურქეთის მმართველი პარტიის წევრები გადაჰყავდა. ისინი ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრიდან ანკარაში ბრუნდებოდნენ.   მოსახლეობასთან შეხვედრაზე თანაპარტიელებთან ერთად  თურქეთის პრემიერ მინისტრი,  რეჯეფ თაიფ ერდოღანიც იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი უსაფრთხოების ძალებმა პროვინციიდან დედაქალაქში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
 
უცხოური მედიის თქმით, შეიარაღებულმა პირებმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ავტობუსის წინ მიმავალ საპატრულო ეკიპაჟს ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, შემდეგ კი ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს. ინციდენტის შედეგად პოლიციის ერთი ოფიცერი დაიღუპა. თავდამსხმელებმა მიიმალვა მოახერხეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თურქეთში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, იტყობინება ტელეკომპანია BBC.  

თურქული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ქურთ მეამბოხეთა დაჯგუფების მოწყობილია. საინფორმაციო სააგენტო Anadolu -ს ცნობით, ერდოღანის წინასაარჩევნო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ქასთამონუში ქურთ სეპარატისტებსა და თურქეთის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. თურქეთში ვითარების დაძაბვას  მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ, რომელიც 12 ივნისს ჩატარდება.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა  თავდამსხმელებს ”ტერორისტები”  უწოდა.  „ამ ადამიანების უსინდისო ხელებმა და ბნელმა გონებამ არ იცის, თუ რა არის ბრძოლა დემოკრატიისათვის.  ისინი ტერორისტები და სეპარატისტები არიან, რომლებსაც მხოლოდ ამგვარი მცდელობების განხორციელება შეუძლიათ. მათთვის წარმოუდგენელია ქვეყანაში რაიმე ცვლილების სარჩევნო ყუთის საშუალებით განხორციელება,“ აღნიშნა ერდოღანმა.  

თურქეთის პრეზიდენტმა, აბდულა გიულმა  ინციდენტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ეს ”ძალიან სახიფათო შემთხევაა”. მან დასძინა, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ამგვარ ფაქტებს   სერიოზულად უნდა მოეკიდოს. „თურქეთი არასოდეს დანებდება  ტერორიზმს და არასოდეს აპატიებს  ტერორისტებს,” განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

კომენტარები