ტექნოლოგია

SMS-ის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

თანამედროვე მსოფლიოში მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი (შემოკლებით SMS) ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. მისი აქტიური მომხმარებლები (ორნახევარ მილიარდამდე ადამიანი) ინტერნეტისას თითქმის ორჯერ აღემატებიან. SMS იმდენად მასობრივი და ყოველდღიური მოვლენა გახდა, რომ მომხმარებელთა ნაწილს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. SMS-ის ოქროს ხანა ათასწლეულების გზაგასაყარს დაემთხვა, ანუ იმ დროს, როცა სოციალური ქსელები ჯერ კიდევ შექმნილი არ იყო და ინტერნეტი კი კვლავაც ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა. სწორად ამ დროს იმძლავრეს GSM ტექნოლოგიებმა და მობილური ტელეფონების მომხმარებლებს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის საშუალება მისცეს. გასაგზავნი სიმბოლოების რაოდენობა შეზღუდული იყო, თუმცა ხალხმა ის მაინც შეიყვარა.
 

მოკლე ტექსტური შეტყობინებები შექმნის დღიდან არ შეცვლილა. გასაგზავნი სიმბოლოების ლიმიტი კვლავაც 160 სიმბოლოა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, დროთა განმავლობაში არ იცვლება SMS-ის გაგზავნის ღირებულება. იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ქსელების გამტარობა რამდენიმე ასეულჯერ გაიზარდა (თუ მეტჯერ არა), შესაბამისად, ინფორმაციის გასაგზავნად დახარჯული რესურსებიც პროპორციულად შემცირდა. თუმცა ეს ყველაფერი ფასზე ადეკვატურად არ ასახულა – მიუხედავად მობილური ოპერატორების სხვადასხვა ბონუს-სისტემებისა, თუ სატარიფო გეგმების საშუალებით საგრძნობი ფასდაკლებისა.  მაგალითად, საქართველოში 100 SMS-ის ფასად იმავე მობილური ტელეფონიდან ინტერნეტის სერვისის საშუალებით, შეგიძლიათ მოიხმაროთ 10 MB, ანუ 655-ჯერ მეტი ინფორმაცია!
 
სოციალური ქსელების და სამესიჯო სისტემების განვითარებამ, რასაც თან სმარტფონების შემოსევა დაერთო, SMS-ის არსებობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ეს აისახა კიდეც სტატისტიკაზე – გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა თანდათანობით იკლებს, მობილურიდან Skype-ისა და Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი იმატებს. ეს ლოგიკურია, ვინაიდან 100 SMS-ის ფასად, როგორც აღვნიშნეთ, შეგიძლიათ რამდენიმე დღე არ გამორთოთ Skype-ი თქვენს სმარტფონზე და ამავდროულად, Facebook-ის საშუალებითაც არ გაწყვიტოთ კავშირი გარესამყაროსთან. სტატისტიკური მონაცემები იმასაც ამბობს, რომ SMS-ის ყველაზე აქტიური მომხმარებლები თინეიჯერები არიან და როგორც კი მათ მშობლები სმარტფონებს უყიდიან, ამ უკანასკნელთა თანდათანობით გაიაფების ხარჯზე, სურათი შეიცვლება. მოკლედ რომ ვთქვათ, დღესდღეობით სიტუაცია ასეთია: რაც უფრო იაფფასიანი ტელეფონი გაქვთ, მით უფრო ძვირი გიჯდებათ ტექსტური გზავნილის გაგზავნა.
 
რამდენიმე წლის წინ Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ზაკერბერგმა დაიქადნა, რომ მისი სოციალური ქსელი მოკლავდა ელექტრონულ ფოსტას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, e-mail უფრო მდგრადი გამოდგა, ვიდრე მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი. სპეციალისტების განმარტებით, დამზერილი ტენდენცია არ შეიცვლება და ინტერნეტ-ტექნოლოგიები რამდენიმე წელიწადში მთლიანად ჩაანაცვლებს SMS-ის ფუნქციას. არც ისაა გამორიცხული, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების ფუნქცია შეიცვალოს და Twitter-ის ტიპის სერვისად მოგვევლინოს, როდესაც ერთი გზავნილით მრავალ ადამიანთან შეძლებთ კავშირის დამყარებას. მესიჯინგ სისტემები ნელ-ნელა პირადი მიმოწერის ადგილს დაიკავებს, SMS-ები კი სადღესასწაულო მილოცვების და სარეკლამო ხასიათის სპამად იქცევა, რაც საბოლოოდ მათ სიკვდილს გამოიწვევს. 
 

კომენტარები