რუსეთ-პოლონეთის არშემდგარი შერიგება

აპრილის დასაწყისში, სმოლენსკის ტრაგედიის წლისთავზე, რუსეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ავიაკატასტროფის 96 მსხვერპლისთვის პატივის მისაგებად, კატასტროფის ადგილზე მივიდნენ. წლევანდელი შეხვედრა, გასულ წელთან შედარებით, უფრო თბილი აღმოჩნდა – თითქოს ტრაგედიამ ორ ქვეყანას შორის საუკუნეების დავა წარსულს ჩააბარა და ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. თუმცა ამ ყველაფერს ისეთი ნათელი მომავალი არ უჩანს, როგორც ზოგიერთი ოპტიმისტი ვარაუდობს.

პოლონეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ნაპოლეონისა და ჰიტლერისთვის მიუწვდომელი რამ შეძლო – მოსკოვი აიღო და იქ მეფეც დასვა. თუმცა ეს მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხდა, მას შემდეგ კი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა: იყო საბჭოთა კავშირი, ფაშისტური გერმანია, ისევ საბჭოთა კავშირი, კატინი, ტოტალიტარული რეჟიმი და უამრავი მსხვერპლი. საბჭოთა კავშირის დროს კატინის გენოციდის არაღიარება ორი ქვეყნის ურთიერთობას ძაბავდა. 
 
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, პოლონეთმა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ-ის სახით პარტნიორი იპოვა, NATO-ში და ევროკავშირში შევიდა. ამით თითქოს უსაფრთხოების პრობლემა მოაგვარა. პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი განსაკუთრებით ქვეყნის ტრადიციული მეტოქეების, რუსეთისა და გერმანიის კრიტიკით გამოირჩეოდა. თუმცა, სმოლენსკმა, რომელიც ყოველთვის იყო განხეთქილების ვაშლი  რუსეთსა და პოლონეთს შორის, პრეზიდენტი შეიწირა. აშშ-ში ობამას მოსვლით კი აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობა შედარებით გაცივდა.
 
ამავდროულად, რუსეთი ენერგორესურსების წყალობით გაძლიერდა და რევიზიულ ძალად იქცა. აგვისტოს ომმა პოლონეთს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ კრემლი ძველი იმპერიის აღდგენას აპირებდა. პოლონეთში შეჭრის 70 წლისთავზე და ობამას მიერ ამ ქვეყანაში სარაკეტო სისტემების დაყენებაზე უარის თქმის დღეს, რუსეთმა პოლონეთზე სიმულაციური ბირთვული თავდასხმა მოაწყო. თამაში რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ერთგვარი გამოძახილი იყო, რომლის მიხედვითაც, პოლონეთში სარაკეტო სისტემის განთავსების შემთხვევაში, ქვეყანა „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე” გახდებოდა. 
 
თუმცა უცაბედად რუსეთმა პოლონეთთან ურთიერთობის დათბობა გადაწყვიტა. რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას თქმით, ეს არა რუსეთის კეთილი ბუნებით, არამედ პოლონეთში აღმოჩენილი 3 ტრილიონი კუბური მეტრის ფიქლის გაზის მარაგით არის განპირობებული. ფიქლის გაზი, რომლის აღმოჩენითაც აშშ-მა სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწია, შეიძლება ევროპაშიც ენერგიის მთავარი წყარო გახდეს. ეს კი მოსკოვისთვის არასასიამოვნო ამბავია: მის ენერგომონოპოლიას ევროპაზე საფრთხე ემუქრება.
 
კაჩინსკის მთავრობა პოლონეთის და მთლიანად ევროპის ენერგოსისტემის მომავალს ფიქლის გაზზე ამყარებდა. სმოლენსკის ავიაკატასტროფამ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი. ახალი პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი, ფიქლის გაზს მეტი სკეპტიციზმით უყურებს. ის აცხადებს, რომ გაზის მოპოვება ქვეყნის ეკოლოგიისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. 
 
გასული წლის ნოემბერში მოსკოვმა და ვარშავამ ხელშეკრულება გააფორმეს. მისი მიხედვით, 2037 წლამდე, პოლონეთი ყოველწლიურად 11 მილიარდ კუბურ მეტრ აირს შეიძენს. ამასთან ერთად, პოლონეთში შემოსული ბუნებრივი გაზი, მოგვიანებით გერმანიაში წავა. შეთანხმებამ ევროკომისიის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს ენერგობაზრის რუსეთის მიერ მონოპოლიზებას გამოიწვევს. პოლონეთის მხრიდან რუსეთთან და გერმანიასთან ურთიერთობის დათბობა აჩვენებს, რომ ქვეყანა ცდილობს არა აღმოსავლეთ, არამედ ტრადიციული დასავლური ევროპის ნაწილი გახდეს.
 
რუსეთი ამ დროისთვის მშვიდად არის, მისი მონოპოლია ევროპის ენერგობაზარზე ამ მომენტისთვის კონკურენტის გარეშეა. თუმცა, ადრე თუ გვიან, პოლონეთის ფიქლის გაზის რეზერვები გაზპრომის კონკურენტად იქცევა. ეს კი ამ ურთიერთობის ახალ ეტაპს სულ უფრო ბუნდოვანს ხდის, რაც ევროპას პოლონეთსა და რუსეთს შორის ტრადიციული კონკურენციის გაღვიძებას ჰპირდება.  
 

კომენტარები