ბორდო – მოკლე ისტორია

ბორდოს ღვინის ისტორია პირველი საუკუნიდან იწყება, როცა რომაელებმა ვენახები ჩაყარეს და პლინიუსმა პირველმა დაადასტურა ბორდოს მხარეში ვენახების არსებობა (ცნობილია ყურძნის პირველი ჯიშიც, ბიტურიკა, რომელსაც სახელი დღევანდელი ბორდოს ტერიტორიაზე მცხოვრები ბიტურგების ტომის გამო დაერქვა). მე-4 საუკუნეში რომაელ პოეტს, ავზონიუსს ვენახი ჰქონდა ბორდოში, უფრო კონკრეტულად კი, დღევანდელი სენტ ემილიონის მხარეში (ახლა მის ადგილას პრესტიჟული კრიუ-ა, Château Ausone). 1152 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ VII გაეყარა თავის მეუღლეს, ელეონორა აკვიტანელს და შესაბამისად, მისი მიწებიც დაკარგა, რომელიც სულ მალე ინგლისის მეფემ მოიპოვა – მას შემდეგ, რაც ელეონორაზე დაქორწინდა. ანუ ბორდო არსებითად ინგლისის ხელში გადავიდა და სავაჭრო ცენტრად იქცა აკვიტანიასა და ინგლისს შორის. იმ პერიოდში ინგლისში განსაკუთრებით პოპულარული იყო ბორდოს წითელი ღვინოები, „კლერეტები” (დღეს კლერეტს თეთრი ჯიშის ყურძენს უწოდებენ, რომელიც ძირითადად რონის მხარეში მოდის და საიდანაც ცქრიალა ღვინოებს ამზადებენ).

დიდი გავლენა იქონია ბორდოს განვითარებაზე ჰოლანდიასთან სავაჭრო ურთიერთობამ და პირველი სახელოვანი მეღვინეებიც სწორედ ვაჭართა წრეებიდან გამოვიდნენ. ასეთი იყო პიერ დე როზანი (Pierre de Rauzan), რომელიც მმართველად (ანუ ღვინის „რეჟისორად”, regisseur) მუშაობდა „შატო ლატურში” 1679 წლიდან 1693 წლამდე და დროთა განმავლობაში გარშემო არსებული მიწები მთლიანად შეისყიდა. 1690 წლისთვის იგი უკვე 50 აკრ მიწას ფლობდა, რომელიც მისი ქალიშვილის, ტერეზას გათხოვებასთან ერთად ლონგევილის სინიორის, ჟაკ ფრანსუა დე პიშონის (Pichon) ხელში გადავიდა და უზარმაზარი მამულის, პიშონ-ლონგუევილის (Pichon-Longueville) საფუძველი გახდა. ამ ადამიანმა ასევე სათავე დაუდო ოთხ „მეორე კრიუს”, ანუ deuxièmes crus: შატო პიშონ-ლონგუევილს (Pichon-Longueville), პიშონ-ლალანდს  (Pichon-Lalande), როზან-გასიეს (Rauzan-Gassies) და როზან-სეგლას (Rauzan-Ségla).
 
ფოტო მოგვაწოდა ღვინის კლუბმა
ჰიუ ჯონსონის წიგნში, „ღვინის ისტორია”, ბევრ ასეთ ცნობას ნახავთ და იმასაც გაიგებთ, რომ XVII საუკუნის შუახანებში, კიდევ ერთმა ვაჭარმა, მუსიე მუატიემ (Moytié), სწორედ ასევე მოუყარა თავი პატარა ნაკვეთებს ლატურიდან სამხრეთით მდებარე ბორცვზე, ნაკადულის მეორე მხარეს, რომელიც სენ-ჟიულენის სამწყსოს პოიაკისგან ყოფდა. მან ამ ქვიშაქვიან ადგილს მონ-მუატიე უწოდა. ასი წლის შემდეგ კი ის საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსიე ლეოვილმა  (Léoville) შეიძინა. იმ დროისთვის ეს იყო მედოკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვენახი. დღეს ის მფლობელთა სახელების შესაბამისად შემდეგ სამ ნაწილადაა დაყოფილი: შატო ლეოვილ-ლასკასი (Léoville-Las-Cases), ლეოვილ-ბარტონი (Léoville-Barton) და ლეოვილ-პუაფერე (Léoville-Poyferré).
 
ნიკოლა-ალექსანდრი, მარკიზ დე სეგიური (1697-1755) XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ორ პრემიერ კრიუ-ს, ლაფიტსა და ლატურს ფლობდა, აგრეთვე მუტონს (Mouton), სენტ-ესტეფში კი უზარმაზარი მამულის, კალონ-სეგიურის (Calon-Ségur) პატრონი იყო და მედოკსა და გრავშიც ჰქონდა გაშენებული ვენახები. ლუდოვიკ XV-ს კამზოლს მარკიზ დე სეგიურის მამულში მოპოვებული ალმასისგან გამზადებული ღილები ამკობდა, რის გამოც მას „ღვინის პრინცის” ტიტული ებოძა. სეგიურის შემოსავალი მხოლოდ ლაფიტისა და ლატურისგან წელიწადში 100 ათასი ლივრი იყო, რომლის 60%-ს სუფთა მოგება შეადგენდა. 
 
სწორედ მან გაავლო მკვეთრი ზღვარი ლაფიტსა და მეზობელ მუტონს შორის და ამგვარად, ერთმანეთისგან გამიჯნა ორი სრულიად განსხვავებული ტიპის ღვინო. ლატური მის შთამომავლებს 1963 წლამდე ეკუთვნოდა, და სეგიურების ოჯახი დღესაც შატო ლატურის საზოგადოებრივი საბჭოს დირექტორთა შორისაა. 

კომენტარები