ინფლაცია – ფაქტები და მითები

2010 წელს საქართველოში, ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ინფლაცია იყო: ერთ წელიწადში ფასებმა 13.9%-ით მოიმატა. მარტში პროდუქციაზე ფასების ზრდა შეწყდა. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მიმოქცევაში არსებულმა ფულის მასამ კლება დაიწყო.

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 184 ქვეყნის 2010 წლის ინფლაციის ფაქტიური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქართველო 165-ე ადგილზეა – ანუ, შარშან, მსოფლიოს 164 ქვეყანაში, პროდუქციის ფასები ნაკლებად გაძვირდა. 184-დან 102 ქვეყანაში ინფლაციის დონე 5%-ზე ნაკლები იყო, ფასები ორნიშნა ციფრით მხოლოდ 24 ქვეყანაში გაიზარდა (ცხრილი 1).
 
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზემოთ მდგომ 164 ქვეყანას უფრო ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, ვიდრე საქართველოს. ცხრილი იმასაც მიუთითებს, რომ აღნიშნული 164 ქვეყნის ცენტრალური ბანკების (ან ცენტრალური ბანკის ფუნქციების განმახორციელებელი სხვა დაწესებულებების) მმართველებმა უფრო ზუსტად და კომპეტენტურად შეაფასეს ინფლაციის გამომწვევი მიზეზი –  ინფლაციას, როგორც თეორიულად (რაც წიგნებში წერია), ისე პრაქტიკულად (საქართველოში რაც მოხდა), არარაციონალურად გაზრდილი ფულის მასა იწვევს. 
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
ეს ფაქტია. თუმცა მის დროულ აღიარებას, როგორც წესი, სოფლის მეურნეობის სფეროში გავრცელებული მითები უშლის ხელს. ხშირად მათი ავტორი თვითონ ხელისუფლებაა. საქართველოში ორი ასეთი მითია გავრცელებული:
 
1. ბიუჯეტის დეფიციტს ეკონომიკაზე ინფლაციური ზეწოლა არ აქვს, შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას სჯობია, დეფიციტი გქონდეს და მის დასაფინანსებლად სახაზინო ვალდებულებები გაყიდო, რადგან ამით ანტიინფლაციურ მონეტარულ პოლიტიკას განახორციელებ და ეროვნულ ბანკს მიეშველები. 
 
2. ქვეყანაში მაღალ ინფლაციას სოფლის მეურნეობის დაბალეფექტიანობა იწვევს. 


პირველი  ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს – ისედაც ცხადია, რომ ასეთი ალოგიკური და არათანმიმდევრული მსჯელობა მხოლოდ მითს შეიძლება ახასიათებდეს.
 
სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ მითთან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა: ხელისუფლებას ყველა ოპოზიციური პარტია ეთანხმება, რომლებმაც  ინფლაციასთან დაკავშირებით აზრი გამოხატეს.
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის სეზონურ  ჩავარდნას (მოუსავლიანობას) ან ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე მსოფლიო ფასის სწრაფად ზრდას, მხოლოდ ხანმოკლე (რამდენიმე თვე) გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფასების საერთო დონეზე. გრძელვადიანი მაღალი ინფლაციის მიზეზი ყოველთვის ჭარბი ფულის მასაა.
 
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმატება, ავტომატურად ფასების კლებას არ იწვევს. 140 ქვეყნის მაგალითმა უჩვენა, რომ 2005 წელს, იმ ქვეყნებში უფრო მაღალი ინფლაცია იყო, სადაც სოფლის მეურნეობა იზრდებოდა ან არ მცირდებოდა. 2005 წელს სოფლის მეურნეობის ზრდის  ტემპით (12%)  მსოფლიოში საქართველო მე-3 ადგილზე იყო. ეს იმ წელთაგანია, როცა „ამ ხელისუფლებას სოფელი არ ახსოვდა” და მის მნიშვნელოვნად სუბსიდირებას არ ახორციელებდა.
 
ინფლაციასა და სოფლის მეურნეობის ზრდას შორის გრაფიკზე (ნახაზი 1) ასახული დადებითი დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დარგის განვითარება ინფლაციას იწვევს. ეს ტენდენცია იმით აიხსნება, რომ სოფლის მეურნეობის მაღალი ზრდის ტემპებით ის განვითარებადი ქვეყნები გამოირჩევიან, რომელთაც ამავდროულად არადისციპლინირებული მონეტარული პოლიტიკა აქვთ. ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის
გადაცდომების გამო, ინფლაციის დონე მაღალია, სოფლის მეურნეობას კი ეკონომიკაში დიდი წილი უჭირავს.
 
იმავე ტენდენციას აჩვენებს 150 ქვეყნის 2007 წლის მონაცემები: რაც უფრო აგრარულია ქვეყანა, მით უფრო მაღალია ინფლაციის დონე (ნახაზი 2). ბუნებრივია, სოფლის მეურნეობა ფასების სტაბილურობისთვის საშიში არ არის. თუმცა ანტიინფლაციური გავლენა არა რომელიმე, ცალკე აღებულ დარგს, არამედ მთლიანად ეკონომიკის ზრდას აქვს. 

კომენტარები