ფოლკსვაგენ ხოჭოს მესამე დაბადება

თავიდან ის სახალხო ავტომობილი იყო და 60 წლის განმავლობაში, 21.5 მილიონი ცალი გაიყიდა. შემდეგ შელამაზებული იერი მიიღო და 13 წელიწადში მისი შეძენა მილიონზე ცოტა მეტმა ისურვა. დღეს კი, აშკარად აგრესიული გამომეტყველებით, ერთდროულად, შანხაისა და ნიუ იორკის ავტოშოუებზე პირველად გამოჩნდა. რა ხნით დარჩება ბაზარზე და რამდენი გაიყიდება, ძნელი სათქმელია. 

ერთის თქმა ახლავე შეიძლება – ფოლკსვაგენის ხოჭო აღარ არის სახალხო ავტომობილი და თანდათან ძვირფასი სათამაშო ხდება. ისე, გასაკვირი სულაც არაა, რადგან იმ ავტომობილმა, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში, თავად ადოლფ ჰიტლერის შეკვეთით, ავტოინდუსტრიის გენიამ ფერდინანდ პორშემ შეიმუშავა, მოგვიანებით, ფოლკსვაგენის გარდა, სპორტული ავტომობილების მწარმოებელ პორშესაც დაუდო სათავე.

ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მესამე თაობის ხოჭო წინამორბედზე აგრესიულ იერს მიიღებდა. მაშინ ვოლფსბურგელებმა კონცეპტუალური რაგსტერი გვიჩვენეს. მართალია, მათ არ უთქვამთ, რომ მისი სახით, ახალი ხოჭოს მომავალს ვხედავდით. თუმცა, ვარაუდები მაშინვე გაჩნდა და ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, ისინი დადასტურდა – მესამე თაობის ხოჭო, რომელსაც სახელწოდებაში, სიტყვა „ახალი” ჩამოშორდა, სწორედ რაგსტერის სერიული ვერსიაა.
 
მის აგრესიულობას ხაზს უსვამს თითქმის ჰორიზონტალური სახურავი, გამობერილი საბორბლე თაღები და უზარმაზარი, 19-დუიმიანი ბორბლები. ამასთან. ხოჭო სიგანეშიც (84 მმ-ით) გაიზარდა და სიგრძეშიც (152 მმ-ით). სამაგიეროდ, სიმაღლეში (12 მილიმეტრით) შემცირდა. ამგვარად, მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 278 მმ, სიგანე 1 808 მმ და სიმაღლე – 1 486 მმ. ასევე გაზრდილია წინა და უკანა ბორბლების კვალი და მათ შორის ბაზაც. 209-დან 310 ლიტრამდე მოიმატა საბარგულის მოცულობამ.
 
სამაგიეროდ, უცვლელი დარჩა ხოჭოს შეთანწყობა – მასში ძრავი ისევ წინაა განლაგებული და თანაც, ის წინა წამყვან ბორბლებს ამოძრავებს. მისი ძრავების გამაში, დიზელის და ბენზინის ძრავები შედის. მათგან ყველაზე მძლავრია ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ყველაზე სუსტი კი ბენზინის 1.2-ლიტრიანი აგრეგატია 105 ცხენის ძალით. ასეთივე სიმძლავრე აქვს 1.6-ლიტრიან დიზელსაც, თუმცა ის იმავდროულად, ყველაზე ეკონომიურიცაა – 100 კილომეტრს 4.3 ლიტრი საწვავით გადის და თანაც, ყოველი კილომეტრის გავლისას, გარემოს მხოლოდ 112 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. ეს კი ევრო6 უმკაცრეს სტანდარტს, რომელიც ჯერ შემოღებული არაა, სრულიად აკმაყოფილებს.
 
ძრავებთან შესაწყვილებლად, 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური (DSG) კოლოფებია გათვალისწინებული. ამასთან, ავტომატურ კოლოფს ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი ხოჭოები  5-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფებითაც აღიჭურვება.
 
ფოლკსვაგენი აცხადებს, რომ ახალი ავტომობილის შემუშავებისას, ინჟინრების მთავარი ამოცანა არა იმდენად რეტროსტილის შენარჩუნება იყო, არამედ მისი ტექნიკური მონაცემების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. კერძოდ, გაუმჯობესებულია მისი მართვადობა, რასაც წინ მაკფერსონის, უკან კი ტორსიონული საკიდარი უზრუნველყოფს.
პირველად მესამე თაობის ხოჭოს ამერიკელ მყიდველს შესთავაზებენ (სექტემბერში), შემდეგ ის ევროპაშიც გამოჩნდება (ოქტომბერში). აზიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში კი მისი გაყიდვები უფრო გვიან დაიწყება. 
 

კომენტარები