თბილისური მოდა თბილი ზამთრის მოლოდინში

ქართველი დიზაინერები, პუბლიკის წინაშე, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში წარდგნენ. საქართველოს მოდის კვირეული ერთი თვის წინ დასრულდა. როგორც ჩანს, ერთი ღონისძიება, ჩვენი დიზაინერების შემოქმედებითი შესაძლებლობების საჩვენებლად საკმარისი არ არის.

წელს კოლექციების წარმოსადგენად, ორგანიზატორებმა შერატონ მეტეხი პალასი შეარჩიეს. იქ, წლების წინ, ქართულმა მოდამ ფეხი აიდგა. მას შემდეგ, ადგილობრივი მოდის ინდუსტრია განვითარდა, თუმცა ნაწილობრივ, ის და მისდამი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა.
 
ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობაა. არანაკლები წვლილი სერიოზული კრიტიკის ნაკლებობასაც მიუძღვის. უცნაურია, რომ ქვეყანაში, სადაც წელიწადში ოთხი მოდის კვირეული ტარდება და დიზაინის ფაკულტეტებიც არსებობს, ამ სფეროს მიმართ მცირე ინტერესია. მოდის კვირეულებს მასმედია ისე აშუქებს, როგორც მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილს, ხარისხსა და დიზაინერის კონცეფციას არავინ დაგიდევთ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ზოგ  შემთხვევაში ეს უკანასკნელი, უბრალოდ, არ არსებობს. 
 
თბილისის მოდის კვირეული მეოთხედ იმართება და დროა, დიზაინერებთან ერთად პუბლიკაც განვითარდეს – ჩვენების დროს, ისტერიკაში გადასული აპლოდისმენტები და „ბრავოს” ძახილი, სულ ცოტა, ცუდი ტონის მაჩვენებელია. სამაგიეროდ, ორგანიზატორების მომზადებაა ქების ღირსი. ძალიან კარგად იყო მოწყობილი პოდიუმები, მოწვეულები იყვნენ უცხოელი კრიტიკოსები, ასევე ფრანგი ფოტოგრაფი – ვენსან ლაპარტიანი. აღსანიშნავია მუსიკალური გაფორმება, რომელიც დიჯეიმ, ალექსანდრ მაქსველმა და მისმა ჯგუფმა, MODE-F-მა უზრუნველყო. MODE-F მოდის ჩვენებებისთვის მუსიკას ექსკლუზიურად ქმნის. მათ ისეთ ლუქს კლასის ბრენდების ჩვენებებზე უმუშავიათ, როგორებიც არიან – Givenchy, Dior, Lanvin და ა.შ.
 
ფოტო: REUTERS ©
თამუნა ბოჩიკაშვილის კოლექცია
მოდის კვირეულზე მაქსველის მინიმალ ტექ-ჰაუსის რიტმებმა ზუსტი განწყობა შექმნა – უკვე მერამდენე სეზონია, ქართველი დიზაინერები მინიმალისტური სტილის ერთგულები რჩებიან. კოლექციებში თალხი ფერები ჭარბობდა – შავი, ბაცი ყავისფერი და ნაცრისფერი. ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია კი მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მოშიშვლებული მხრები და შიფონისგან შეკერილი ტანსაცმელია. კოკო შანელმა ერთხელ თქვა, რომ მოდა მხოლოდ კაბები არაა, ის ცაში, ქუჩებში და გარემოშია. როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა ზოგიერთი ქართველი დიზაინერის იდეებზეც მოახდინა გავლენა – მათი შთაგონების წყაროდ, ალბათ, გლობალური დათბობის თემა იქცა – ზამთარში პალტოსა და თბილი ტანსაცმლის ტარება აღარ გჭირდება. შესაძლოა, ეს მინიმალისტური იდე ფიქსიც იყოს – ნაკლები ქსოვილი ტენდენციასაც ახლებურად წარმოაჩენს და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი არჩევანია. თუმცა მოახერხებს თუ არა მომხმარებელი ცივ სეზონზე სიფრიფანა სამოსის ტარებას, ამას მომავალი ზამთრის ამინდი გვიჩვენებს.
 
რა თქმა უნდა, თბილისის მოდის კვირეულზე საინტერესო კოლექციები ვიხილეთ. ისინი არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით გამოირჩეოდნენ, არამედ შემოდგომა-ზამთრის სეზონსაც პასუხობდნენ. მართალია, მსოფლიოს გავლენიან დიზაინერთა ნამუშევრებისა და უკვე დამკვიდრებული ტენდენციების გავლენა იგრძნობოდა, მაგრამ ზოგიერთმა ქართველმა დიზაინერმა, მათი ინდივიდუალურად წარმოჩენა შეძლო.
 
იაპონიის და შორეული აღმოსავლეთის თემა, წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში აქტუალური იყო. მან გაგრძელება Atelier Experiment-ის შემოდგომის კოლექციაშიც ჰპოვა. ასიმეტრიული, გეომეტრიული ფორმები, ნეიტრალური, ნაცრისფერ-ჩალისფერი გამა, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ნაქსოვ წინდებთან, ორიგამით გაფორმებული სამოსი იაპონურ, ცოტათი ფუტურისტულ განწყობასაც ქმნიდა. დრაპირებით და კონტრასტული ფორმებით დიზაინერებმა შორეული აღმოსავლური სტილის ახლებური ხედვა აჩვენეს. ფუტურისტული ასოციაციები გამოიწვია თამუნა ბოჩიკაშვილის კოლექციამაც. მთავარი აქცენტი მან გეომეტრიულ ფიგურებზე გააკეთა და მინიმალისტური სტილის სამოსი შემოგვთავაზა. 
 
ფოტო: REUTERS ©
ანა მიმინოშვილის კოლექცია
ანა მიმინოშვილის შთაგონების წყაროდ, 50-იანების მოდა იქცა. იგი პუბლიკის წინაშე ელეგანტური კოლექციით წარდგა და ყურადღება დახვეწილ, ქალურ სილუეტსა და მაღალ წელზე გაამახვილა. სამოსის შესაქმნელად, ძირითადად, ხავერდი და აბრეშუმის ტრიკოტაჟი გამოიყენა, ფერებში ღია ჩალისფერი, შავი და ზურმუხტისფერი დომინირებდა. აპლიკაციებით გაფორმებული სამოსი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. 
 
ძლიერი კოლექცია წარმოადგინა გიორგი შაღაშვილმა. მან ტრადიციას არ უღალატა – აქცენტი კონსტრუქციაზე გააკეთა. სამოსი მრავალფუნქციური იყო და კოლექციაში მისი საყვარელი შავი ფერი დომინირებდა. გიორგი კარგად ახერხებს მინიმალისტური სტილით კონცეფციის გადმოცემას. ამ შემთხვევაში ის ადამიანის შინაგან რწმენას ემყარებოდა. აქ სქესის ფაქტორი მნიშვნელობას კარგავს, რაც სამოსის ანდროგენულ სტილში გამოიხატა კიდეც.
 
დამწყები დიზაინერების, ე.წ. ნიუქამერების ჩვენებაც საინტერესო სანახაობად იქცა. ტრადიციას არც მათ უღალატეს და ნაკლებად კომერციული სამოსი წარმოადგინეს. მონაწილეთა უმეტესობა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, მოდის მიმართ მათი მიდგომა კი მხატვრული იყო – პოდიუმზე უფრო დეკორატიული მოდა ვიხილეთ. კარგი იქნება, თუ შემდეგში წამყვანი და დამწყები დიზაინერების ნამუშევრების ოქროს შუალედს ვიხილავთ – მოდას, რომელიც უტილიტარისტულიც იქნება და ამასთან, კონცეპტუალურად უფრო რთულიც – ნაკლებად გათვლილი პუბლიკის სიმპათიასა და ზოგადად, თბილისელების გემოვნებაზე. 

კომენტარები