უკრაინელმა ნაციონალისტებმა წითელი დროშები გააპროტესტეს

 უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ნაციონალისტური პარტია ”თავისუფლების” წარმომადგენლებმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლა სცადეს. პარტიის აქტივისტებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ოფიციალურ პირებს ლვოვში დიდების გორაკთან მისვლაში ხელი შეუშალეს, იუწყება ადგილობრივი მედია. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და ანტიკომუნისტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ტელეკომპანია BBC-ს რუსული სამსახურის ცნობით, პოლიციამ აქცია რეზინის ხელკეტების გამოყენებით დაშალა.

ნაციონალისტების თქმით, მათი აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ გამარჯვების დღეს ლვოვში წითელი დროშები გამოფინეს. პარტიის რამდენიმე აქტივისტმა დიდების გორაკამდე მიღწევა მოხერხა. ისინი რუსი დიპლომატების დელეგაციის წევრებს დაესხნენ თავს, მათ ხელიდან ყვავილების გვირგვინები გამოგლიჯეს და ფეხებით გათელეს. ინტერნეტ პორტალ newsru.com-ის ინფორმაციით, პიკეტის ერთ-ერთმა მონაწილემ ყვავილების თაიგული ლვოვის მერს, ანდრეი სადოვის სახეში ესროლა. უკრაინული მედიის ცნობით, მერს ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენია. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, არეულობების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები