რომის პაპმა პედოფილიას ბრძოლა გამოუცხადა

რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ მსოფლიოს ყველა კათოლიკე ეპისკოპოსს მოუწოდა სამართალდამცველებს აცნობონ ყველა იმ შემთხვევის შესახებ, როცა კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები მცირეწლოვანებზე სექსუალურ ძალადობაში არიან ეჭვმიტანილი.

პაპის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ცირკულარში მითითებულია პედოფილიასთან ბრძოლის ახალი დირექტივები. უცხოური მედიის ცნობით, ეს დირექტივები საეკლესიო კანონმდებლობაში გასულ წელს შეტანილ ცვლილებებს ეფუძნება. ამ ცვლილებებს შორის არის პედოფილიაში ეჭვმიტანილ სასულიერო პირთა საქმეების სიძველის ვადის გაორმაგება და სასულიერო წოდების ჩამორთმევის პროცედურის გამარტივება.

„მცირეწლოვანებზე ძალადობა არა მხოროდ კანონიკური დარღვევაა, არამედ დანაშაული, რომელიც კანონით ისჯება,“ ვკითხულობთ რომის პაპის ცირკულარში. ბენედიქტე მეთექვსმეტემ ეპარქიების ხელმძღვანელებს მოუწოდა უფრო დაკვირვებით შეიწავლონ მღვდლობის პოტენციური კანდიდატები და რაც შეიძლება ადრე გამოავლინონ პედოფილები.

ვატიკანში პაპის ცირკულარს კათოლიკურ ეკლესიაში არასრულწლოვანებზე ძალადობასთან ბრძოლაში „წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი“ უწოდეს. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ რომის პაპის მიერ მიღებული ზომები საკმარისი არ არის. მათი თქმით, კათოლიკური ეკლესია მეტ ყურადღებას უთმობს უსამართლოდ დადანაშაულებული სასულიერო პირების გამართლებას, ვიდრე პედოფილიასთან ბრძოლას. 

კომენტარები