სირია: მოჩვენებითი ტერორის სინამდვილე

უკვე რამდენიმე თვეა, სირიაში,  მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხის მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს. ამ პროტესტმა უკვე ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვა. დაძაბულობა დღითი დღე მატულობს. არსებობს საშიშროება, რომ მოვლენები ლიბიის მსგავსად შეიძლება განვითარდეს. არც მომიტინგეები და არც პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დათმობას არ აპირებენ. მშვიდობიანი პროტესტი უკვე სამხედრო შეტაკებებში გადაიზარდა. სამხედრო ძალების მიერ დარბეული მშვიდობიანი მიტინგების რაოდენობა პიკს აღწევს. 

ამ ძალების ძირითად ნაწილს კი წარმოადგენს ე.წ. შაბბიჰა – ეს არის კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრებიც ძირითადად ალავიტების კლანიდან არიან. ბევრი მათგანი, ჰეზბოლასა და ირანის რევოლუციური გვარდიის (IRG) ინსტრუქტორების მიერაა გაწვრთნილი. 
მის შემადგენლობაში დაახლოებით 3 ათასზე მეტი ადამიანია. შაბბიჰას წევრებს გაზეთები, ჟურნალები და მედიასაშუალებები, ბაშარ ალ-ასადის დაქირავებულ რაზმად განიხილავენ. 
 
ფოტო: REUTERS
კონკრეტულად სიტყვა შაბბიჰა –  არაბულ ენაში არ არსებობს. მაგრამ მისი ეტიმოლოგიის გამოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ტერმინი მომდინარეობს სიტყვისგან – მოჩვენება –  (შაბაჰ). 
 
შაბბიჰა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში, ბაშარ ალ-ასადის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობის დროს, მისი ძმის ჯამილის და ძმის შვილების მუნზირისა და ფავვაზის მიერ. ისინი და შაბბიჰას სხვა წევრები, ასადის გვარის წარმომადგენლებსა და მათ მოკავშირეებს იცავდნენ. 
ამის სანაცვლოდ მათ ყველანაირი უფლება ჰქონდათ მინიჭებული. ისინი ძალადობდნენ ქალებზე, ქუჩებში იპარავდნენ მანქანებს, ძარცვავდნენ სახლებს, ბანკებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს და ა.შ. ამ კრიმინალური ქმედებებისათვის კი პასუხი არ მოეთხოვებოდათ. 
შაბბიჰას კონტრაბანდაც შემოჰქონდა. ამიტომაც, ჩამოყალიბებიდან დღემდე, მისი წევრები, ძირითადად, სასაზღვრო რეგიონებში იდებენ  ბინას. მათი მთავარი ქალაქი ლატაკიაა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მხარს უჭერდა შაბბიჰას, ბაშარ ალ-ასადმა  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძაშვილებისა და შაბბიჰას განადგურება დაიწყო.
 
მას შემდეგ, რაც სირიაში ყველაფერი აირია, ბაშარ ალ-ასადმა, შაბბიჰას დახმარებით ქვეყანაზე კონტროლის აღდგენა გადაწყვიტა. პრეზიდენტმა კვლავ მისცა უფლება, რომ ხალხი გაეძარცვათ, დაეშინებინათ და დაეხოცათ. 
 
ახლა კი შაბბიჰას სათავეში ბაშარ ალ-ასადის ძმა ნუმეერ ალ-ასადია. ცნობილი ფაქტია, რომ შაბბიჰას წევრები ქალაქ ჰომსის, ბენიასა და ლატაკიის აქციების დარბევაში მონაწილეობდნენ – აქტივისტებმა  შეიარაღებულ ძალებს შორის შენიშნეს. ისინი დამასკოსა და ალეპოს უნივერსიტეტების სტუდენტების აქციების დარბევაშიც იყვნენ ჩართული. 
 
შაბბიჰას რამდენიმე სირიელი ოფიცრის სიკვდილით დასჯასაც მიაწერენ. ისინი დახოცეს, რადგან მშვიდობიან მომიტინგეთათვის სროლაზე უარი განაცხადეს. მაგალითად, ზუსტად ამ მიზეზით, ლეიტენანტი რამი ქატტაში თავისი რაზმის 10 წევრთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს. ყველაზე დიდი სისასტიკე ის არის, რომ შაბბიჰას წევრები, მოძრავი მანქანიდან ისვრიან და ყველა გამვლელს განურჩევლად ხოცავენ.

კომენტარები