In Vitro: ახალი ღვინის ფესტივალი 2011

14 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რიგით მეორე – ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღვინის კლუბის წევრ-ენთუზიასტების შთაგონებისა და მოხალისური სულისკვეთების შერწყმის შედეგმა, წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 2011 წლის ფესტივალზე, სტუმრების მხრიდან განსაკუთრებული ენთუზიაზმი და ცნობისმოყვარეობა იგრძნობოდა. ამ სოლიდარობამ, თამამად შეიძლება ითქვას, ახალი ღვინის ფესტივალი ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო, ღიაცისქვეშა ღირსშესანიშნაობად აქცია. 

ახალგაზრდა ღვინის სურნელით გაბრუებული, ხასხასა მწვანე ბალახით მოფენილ მოლზე მორბენალი ბავშვები და აყვავებული ხეხილის ჩრდილქვეშ შეფარებული – შეზარხოშებული ქართველი, თუ დაბნეულად გაბადრული გერმანელი ტურისტი წითლად შეღებილი ტუჩებით… ამ ყველაფერს დროდადრო აშიშხინებული მაყალის სუნთქვა – სიონარევი მაძღარი კვამლი გადაუვლიდა და ერთი წამით იქაურობა იდუმალ სახეს იძენდა: Bibamus, moriendum est! (შევსვათ რამეთუ მოკვდავნი ვართ). 
 
ფესტივალის მიზანი 2010 წლის მოსავლის გაცნობა, დაჭაშნიკებაა. ახალ, 2010 წლის ჩამოსხმებს წარმოადგენენ როგორც ღვინის კომპანიები, ასევე მცირე მარნები, რომლებიც სტუმრებს უფასოდ სთავაზობენ საკუთარი ნაწარმის დაგემოვნებას. შარშანდელთან შედარებით გაფართოვდა  ფესტივალის მასშტაბიც: მონაწილე კომპანიების რიცხვი შარშანდელი 17-დან წელს 28-მდე გაიზარდა. მოიმატა მცირე მარნების წარმომადგენლობამაც – 21-დან 34-მდე. განსაკუთრებით მისასალმებელი კი ის არის, რომ შარშანდელი ფესტივალის მონაწილე ზოგიერთი ოჯახი წელს უკვე ინდივიდუალურ მეწარმედ ჩამოყალიბდა და მომსვლელებს ბოთლში ჩამოსხმული ღვინო შესთავაზა. ახალი ღვინის ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუხედავად უამრავი სუბიექტური და ობიექტური პრობლემისა, ქართული მეღვინეობა საკუთარ პოტენციალს ავითარებს, ფესვებს იმაგრებს და ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს. 
 
ღვინის არჩევანი იმდენად დიდი და მრავალფეროვანი იყო, რომ რთულია საუკეთესო ღვინოების ჩამოთვლაც კი, განსაკუთრებულსა და საინტერესოზე რომ არაფერი ვთქვათ. და მაინც, ფესტივალის აღმოჩენად და ფავორიტად ალბათ ზურაბ თოფურიძის თეთრი ჩხავერი უნდა დასახელდეს. ასევე საინტერესო იყო კახური ტექნოლოგიით დაყენებული ამავე მარნის რქაწითელი, რომლის ქვევრის მოხდის პატივი თბილისის მერს –  გიგი უგულავას ხვდა წილად. 
 
აღნიშვნის ღირსია ალავერდის მონასტრის ინიციატივაც: ამ მარანმა წლევანდელ ფესტივალზე საკუთარი ღვინის გარდა (ქვევრის რქაწითელი, რომელმაც გასული წლის დეკანტერის კონკურსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევე ქვევრის საფერავი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქისი), ასოცირებული ოჯახების ღვინოები წარმოადგინა. ეს ოჯახური მეურნეობები „ალავერდის მონასტრის მარნის მეგობრების” სტატუსით სარგებლობენ და ტრადიციულ ქართულ მეღვინეობას მისდევენ. ამ ასოციაციის სტატუსით წარმოდგენილი იყო რეზო პეტრიაშვილის, ლექსო ფიცხელაურის (ზემო ხოდაშენი), პაატა ნუცუბიძის, გია ზესაშვილის (თბილისი) და ვანო გრემელაშვილის (შალაური) ჩამოსხმები. ღვინის კლუბის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ვანო გრემელაშვილის რქაწითელმა და პეტრიაშვილის მწვანე კახურმა, როგორც საუკეთესო ქვევრის ღვინოებმა. 
 
შარშანდელთან შედარებით ქვევრის ღვინო გაცილებით მეტ კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი. აქ, როგორც ჩანს, ზოგიერთი მეღვინე თამამ ექსპერიმენტებს მიმართავს. მაგალითად, მცირე მარნის მეღვინემ და ქვევრის ასოციაციის წევრმა – იაგო ბიტარიშვილმა ქართლში, სოფელ ჩარდახში ჩინურიდან ღვინო სრულ ჭაჭაზე დადუღებით დააყენა. შედეგი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მომავლ წელს მსგავსი მეთოდით ღვინის დაყენებას იმერელი მეღვინე რამაზ ნიკოლაძე ცოლიკოურისგან აპირებს.
 
ახალი ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის ფორუმია, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს ხვდება, მეღვინეობის მომავალი ყალიბდება და ვარგდება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ ღვინის ფესტივალზე კიდევ უფრო ბევრი იქნება ახალი, საინტერესო და აღმაფრთოვანებელი. 

კომენტარები