დომინიკ სტროს-კანი

მიწისძვრა ფრანგულ პოლიტიკაში

წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტი ხართ. არჩევნებში გამარჯვება ძირეული რეფორმების დაპირებამ მოგიტანათ, მაგრამ აგერ უკვე 4 წელი გავიდა და ამ დროისთვის, ამომრჩევლებს ხელში რეფორმის მხოლოდ ნაკუწები უჭირავთ. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შემცირებულია. თქვენი პერსონით გაღიზიანება – გაზრდილი. მემარჯვენეებს იმედი გაუცრუეთ. მემარცხენეები ისედაც ვერ გიტანდნენ. საპრეზიდენტო არჩევნები კარზეა მომდგარი, რეიტინგი დაბალი, სულ რაღაც 21% გაქვთ. მოკლედ რომ ვთქვა, წყალს მიჰყავხართ და ხავსს ეჭიდებით.

და აი, ერთ მშვენიერ დილას იგებთ, რომ თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც ბოლო კვლევები 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ნიუ იორკის პოლიციამ პარიზის რეისიდან ჩამოსვა, ბორკილები დაადო და თავი რიკერ აილენდის საპყრობილეში ამოაყოფინა.

უდავოდ საინტერესო სანახავი იქნებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამომეტყველება, როდესაც მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის “ცელქობის” შესახებ აცნობეს – დომინიკ სტროს-კანს სასტუმროს დამლაგებელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ბრალდების მიხედვით, ნიუ იორკ სოფიტელის მოახლე, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ოთახს ალაგებდა, როდესაც შიშველი მასპინძელი აბაზანიდან გამოვიდა. მან ჯერ მისი გაუპატიურება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ორალურ სექსს “დასჯერდა”. ამის შემდეგ, სტროს-კანმა ისე სწრაფად დატოვა სასტუმრო, რომ ოთახში პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი დარჩა და ქალიშვილთან ერთად წახემსების შემდეგ, კენედის აეროპორტისკენ გაეშურა. იქ რაც მოხდა, უკვე ვიცით.

პროკურორის მტკიცებით, სასამართლო ექსპერტიზის შედეგები მსხვერპლის ჩვენებას ადასტურებს. თუმცა ვარაუდობენ, რომ დაცვის მხარე შეეცდება, სასამართლო ინციდენტის ნებაყოფლობით ბუნებაში დაარწმუნოს.

დომინიკ სტროს-კანის აგრესიული მექალთანეობა საიდუმლო არავისთვის ყოფილა – “მისი ერთადერთი სერიოზული პრობლემა ქალებისადმი დამოკიდებულებაა, – წერდა მემარცხენე ფრანგული გამოცემა Libération ჯერ კიდევ 2007 წელს, – ის ზედმეტად მიმწოლია, მის მოქმედებებს ხშირად ძალადობის ელფერი დაჰკრავს, ამის შესახებ მედიამ მშვენივრად იცის, მაგრამ არ საუბრობს (ჩვენ ხომ საფრანგეთში ვართ)”. ვარაუდობდნენ იმასაც, რომ საფრანგეთის აღიარებული ეკონომისტის “დონ ჟუანობა”, მის პოლიტიკურ კარიერას შეუქმნიდა საფრთხეს. “სტროს-კანის საარჩევნო კამპანია ერთ კვირასაც ვერ გასტანს”, – წერდა სარკოზის მრჩეველი, ფრედერიკ ლეფებრი რამდენიმე წლის წინ, მიიჩნევდა რა, რომ მისი უხერხული თავგადასავლები, წინასაარჩევნო პერიოდში წამოჰყოფდა თავს. ლეფებრი ამტკიცებდა, რომ მას ნანახი ჰქონდა ფოტომასალა, სადაც სვინგერთა კლუბიდან გამოსული სტროს-კანია აღბეჭდილი. მაგრამ მანჰეტენზე მომხდარმა ამბავმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ისეთი ამბავი გამოააშკარავა, რამაც არა მხოლოდ სტროს-კანს, არამედ მთელ სოციალისტურ პარტიას მოჭრა თავი.

“აღგზნებული შიმპანზესავით იქცეოდა”, – ჰყვება სოციალისტური პარტიის მაღალჩინოსნის ქალიშვილი ტრისტან ბანონი. როგორც ირკვევა, ცხრა წლის წინ, სტროს-კანთან ინტერვიუზე მისულ 22 წლის ქალბატონს, მასპინძელთან იატაკზე ჭიდაობა მოუწია, გაუპატიურებას რომ გადარჩენოდა. ეს ამბავი მისმა სოციალისტმა დედამ მიჩქმალა – შვილს ურჩია არ ეჩივლა. “ჩავთვალე, რომ ასე აჯობებდა, ტრისტანი ხომ დომინიკის ქალიშვილის ახლო მეგობარი იყო, – იხსენებს ის, – ახლა ძალიან ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი”. კრიტიკოსები ამბობენ, რომ სოციალისტი ქალბატონი, სინამდვილეში, პარტიის დისკრედიტაციას მოერიდა და მოძალადეს ამიტომ შეუნახა ნამუსი.

ამ დრომდე, ფრანგი პოლიტიკოსების მრავალფეროვან სექსუალურ თავგადასავლებს, მათი კარიერისთვის პრობლემა არასოდეს შეუქმნია. საფრანგეთში ყველამ იცოდა, რომ პრეზიდენტ მიტერანს მეორე ოჯახი ჰყავდა. “მერე რა?” – ასე უპასუხა სოციალისტმა პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას, საყვარელთან შეძენილი შვილის თაობაზე. ჟაკ შირაკს თავს იმდენი ქალი ეხვია, რომ თანამშრომლებმა მეტსახელად “სამი წუთი, შხაპის ჩათვლით” დაარქვეს. თავად ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტობის დროს გაშორდა ცოლს და სუპერმოდელზე იქორწინა.

ამგვარი ისტორიები ამყარებს ისედაც გამჯდარ სტერეოტიპს, რომ ფრანგები უფრო თავაშვებულები არიან, ვიდრე ანგლოსაქსები. მაგრამ მიზეზი მხოლოდ კულტურაში კი არა, კანონმდებლობაშიც უნდა ვეძებოთ. მაშინ როდესაც ამერიკაში სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუციის პირველ შესწორებას, თითქმის აბსოლუტურ ხარისხში აჰყავს, საფრანგეთში სიტყვა პირადი ცხოვრების დაცვის მოტივითაა შევიწროებული. შესაბამისად, ფრანგული პრესა, სანქციების შიშით, ერიდება საჯარო პირების პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას, რაც საზოგადოებას თავიანთ რჩეულთა მორალზე მსჯელობის შესაძლებლობას მკვეთრად უზღუდავს.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფრანგები ქალზე ძალადობას არაფრად დაგიდევენ. თუმცა კინორეჟისორ რომან პოლანსკის ისტორიას თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფრანგებს ამის შენდობაც უფრო იოლად შეუძლიათ. როდესაც ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი რეჟისორი შვეიცარიაში დააკავეს და მისი ამერიკაში ექსტრადიციის საკითხს იხილავდნენ, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა წერილიც კი მისწერა ჰილარი კლინტონს, სადაც შვეიცარიელებს “ასეთი ტალანტის მქონე” პერსონის დაპატიმრების გამო აკრიტიკებდა. მერე რა, რომ მან 1977 წელს 13 წლის მოზარდს ნარკოტიკი მიაღებინა – იმ მიზნით, რომ სექსზე დაეთანხმებინა, შემდეგ კი საფრანგეთში გაიქცა და შეერთებულ შტატებში ფეხიც აღარ ჩაუდგამს დაპატიმრების შიშით.

ალბათ ამიტომ გაღიზიანდა ფრანგული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი, როდესაც მედიაში ბორკილებდადებული, გაუპარსავი და დემორალიზებული “სადაცაა საფრანგეთის პრეზიდენტი” იხილა. ნიუ იორკის პოლიციის მოქმედებას, ლინჩის წესით გასამართლება უწოდა საფრანგეთის ყოფილმა კულტურის მინისტრმა ჟაკ ლანგმა. გაღიზიანებულ ფრანგებს ნიუ იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა – “ვისაც ხელბორკილებით სიარული არ სურს, დანაშაულს ნუ ჩაიდენს”.

საფრანგეთში კონსპირაციის თეორიებს ფართო გზა მიეცა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ ფრანგების 57%-ს ინციდენტი “მოწყობილი” ჰგონია, სოციალისტებში ეს მაჩვენებელი 70%-ზე მეტია.

ეს გასაგებიცაა – სოციალისტური პარტია ხელისუფლებაში მოსვლას 2002 წლიდან წარუმატებლად ცდილობს, საპრეზიდენტო არჩევნები კი მათ კანდიდატს 1988 წლის შემდეგ არ მოუგია. ახლა კი, როცა გამარჯვება განაღდებული ეგონათ, ასეთი ამბავი დაატყდათ თავს.

“თითქოს ცა ჩამოგვექცა თავზე. ბუნებრივია, რომ ხალხს ეჭვი გაუჩნდა და კითხვას სვამს, ვის ინტერესებს ემსახურებოდა მომხდარი”, – განუცხადა Reuters-ს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, რადგან ხელმძღვანელობა პარტიის წევრებს ამ თემაზე საუბრისგან თავშეკავებას ურჩევს.

ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, დომინიკ სტროს-კანს 6 მილიონი დოლარის გირაოთი გამოუშვებენ. პროკურორი ამის წინააღმდეგი იყო, ამერიკელებს კარგად ახსოვთ გირაოთი გამოშვებული პოლანსკი, რომელიც მართლმსაჯულებას დაუსხლტა. მაგრამ სტროს-კანს გაქცევა გაუჭირდება. მას ელექტრონული ბორკილი ადევს და სამართალდამცავთა მეთვალყურეობის ქვეშ, შინაპატიმრობაში მოუწევს ყოფნა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

როგორც უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესი, ერთი რამ უკვე ცხადია – მანჰეტენზე მომხდარმა ინციდენტმა, როგორც გაზეთმა Le Monde-მა ხატოვნად აღნიშნა, ფრანგულ პოლიტიკაში სეისმური ძვრები გამოიწვია.

კომენტარები