ოქრუაშვილი არ ჩამოდის - „მრისხანების დღე“ გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა. ქართულმა პარტიამ 25 მაისისთვის დაგეგმილი „მრისხანების დღეც“ გადადო.  ქართული პარტიის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით,  ”განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო.” სუბარმა აღნიშნა, რომ ” სიძნელეების მიუხედავად,” ქართულმა პარტიამ ოქრუაშვილის დათანხმება მაინც შეძლო. ”ის იძულებული გახდა პარტიის პოზიციას დამორჩილებოდა,”განაცხადა სუბარმა.

 რაც შეეხება ”მრისხანების დღის” გადადებას, სუბარის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება პარტიამ იმიტომ მიიღო, რომ ნინო ბურჯანაძესთან 25 მაისის აქციების დღის წესრიგზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. „ვთვლით, რომ ორი  პარალელური აქცია ავლაბრის მოედანსა და თავისუფლების მოედანზე  ადამიანებში დაბნეულობას გამოიწვევს და ვერ იქნება შედეგის მომტანი. ამიტომ, გადავწყვიტეთ გავაუქმოთ ავლაბრის აქცია, რათა ხელი არ შევუშალოთ „სახალხო კრებას“ საკუთარი გემების განხორცილებაში,“ აღნიშნა მან.

”სახალხო კრება”,  25 მაისს თავისუფლების მოედანზე აპირებს საპროტესტო აქციის ჩატარებას, ხოლო ”ქართული პარტია” იმავე დღეს ავლაბრის მოედანზე გეგმავდა დემონსტრაციის გამართვას.  

დღესვე, ”სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა, განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიერ ჩამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლა ”სახალხო კრების” გეგმებს არ ცვლის. ”თუ ოქრუაშვილს ჩამოსვლის თავი არა აქვს და საფრთხეებს ხედავს, ჩვენ ნუ გვაბრალებენ,” დასძინა მან. ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ  ”კრება მზად იყო ნებისმიერ ძალასთან კოორდინირებული მოქმედებისთვის, მაგრამ  ”სახალხო კრებას” და ”ქართულ პარტიას”  განსხვავებული გეგმები აღმოჩნდათ.”  

კომენტარები