უცნობი UNBESITO და მისი ონლაინ რომანი (წიგნი I)

ჩემო მეგობარო!
თუ ამ ნაწერმა შენამდე მოაღწია, ესე იგი ყველაფერი კარგად არის!
ჩვენ უფრო შორსაც წავალთ და ბევრჯერ გავაოცებთ ერთმანეთს.
შენი ჯორჯ უნბესიტო


ფორუმელმა იუზერმა „უნბესიტომ“ თითქოსდა თავსგადამხდარი  ისტორიების  მოყოლა   ფორუმ გე-ს პოლიტიკის განყოფილებაში 2011 წლის 24 მარტს დაიწყო. როგორც ამბობენ, იუზერის საინტერესო თხრობის სტილმა, ტექსტის დინამიკამ, ნარატივის სიმარტივემ და ამავდროულად სისრულემ მაშინვე მიიპყრო სიახლის მაძიებელ ფორუმელთა ყურადღება; სულ რამდენიმე გვერდის შემდეგ ათასობით იუზერი უჩვეულო შემოქმედებით პროცესში ჩაერთო. სწორედ ასე, ანონიმი ავტორის, უნბესიტოს ისტორიების კვალდაკვალ და ფორუმელთა თანამონაწილეობით შეიქმნა და წიგნად გამოიცა პირველი ავანტიურისტული ჟანრის ონლაინ რომანი, სახელწოდებით „ამათი პრობლემები მოგვცა...“  

17 მაისს ლიტერატურის მუზეუმში მოწვეული სტუმრები სწორედ ამ უჩვეულო წიგნის უჩვეულო პრეზენტაციას დაესწრნენ. ისინი ღონისძიების ბოლომდე არ კარგავდნენ ანონიმი ავტორის ხილვისა და გაცნობის იმედს, თუმცა ავტორი ონლაინ ჩართვას დასჯერდა (აქაც არ ისურვა სახის გამოჩენა), სტუმრებს თანადგომისა და მილოცვებისთვის მადლობა გადაუხადა და  დაჰპირდა, რომ მისი ისტორიის თხრობა ჯერ არ დასრულებულა და ფორუმ გე-ს ონლაინ სივრცეში მისი ავანტიურისტული რომანის მკითხველს წინ მრავალფეროვანი თავგადასავლები ელოდებათ. 

 მთავარი კითხვები, რომლებიც ასეთი ექსპერიმენტისას გაჩნდა, არის ის, თუ რატომ აღმოჩნდა ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ამგვარი ტიპის რომანი? გია მურღულიას აზრით, „პირველ რიგში ეს საინტერესოა იმიტომ, რომ  რომანი არ  მთავრდება და ტოვებს გაგრძელების,  მოლოდინის განცდას, მეორე – ამ ნაწარმოებს კითხულობ ისე, როგორც ცხოვრობ, ბუნებრივად, ძალდაუტანებლად, ზედმეტი აქსესუარების გარეშე, მესამეც – ამ ავტორს აქვს სტილი, რაც არ აქვს ბევრ ადამიანს, ვინც თავის თავს მწერლობას აბრალებს, და მეოთხე – მკითხველი ამ ისტორიის თანამონაწილეა, შემოქმედია“. გამოცემაში მწერლის მონათხრობის გარდა  მკითხველი-იუზერების კომენტარებსაც შეხვდებით, რაც წიგნს ინტერაქტიულ მთლიანობად აქცევს.

 გამომცემლობა „პეგ-2011“ სწორედ ამ საინტერესო ექსპერიმენტით დაინტერესდა და ონლაინ, ინტერაქტიული რომანის წიგნად გამოცემა გადაწყვიტა. რედაქტორ-გამომცემელი კახა დავითური აღნიშნავს, რომ „ეს არის ინოვაციური ლიტერატურული მოვლენა ქართულ სინამდვილეში: ინტერაქტიული ტიპის წიგნი, როდესაც სხვადასხვა ადამიანები ერთვებიან მწერლის შემოქმედებაში და შედიან ტექსტის დისკურსში. ამბის მოყოლა დღეს ყველაზე რთული საქმეა, თვით კარგი პროზაიკოსისთვისაც, ამ ავტორის უჩვეულო ხელწერამ კი გვაჩვენა, რომ უნბესიტო ძალიან კარგი მთხრობელი, პროზაიკოსია“.

კითხულობ და ხვდები, რომ უნბესიტოს ფანტაზიებს საზღვრები არ აქვს.  თვითირონიითა და  კრიტიკით გაჯერებულ ტექსტში ის ბუნებრივად მკითხველს თავისი მოგზაურობის თანამონაწილედ აქცევს. წამიერად შენც გიჩნდება სურვილი, რომ ჩახვიდე კალიფორნიაში, ნახო უზარმაზარი ფერმები, იმოგზაურო გერმანიასა და ესპანეთში, რათა ავტორის მიერ მონათხრობი ისტორიები კიდევ ერთხელ განიცადო ან თუნდაც გადაამოწმო.

ავტორი „უნბესიტო“ ინკოგნიტოდ დარჩება, სანამ თავად არ გადაწყვეტს გამოჩენას და ალბათ, სანამ ფორუმ.გე-ს პოლიტიკის განყოფილება წიგნის მეორე ნაწილს (და კიდევ რამდენს, კაცმა არ იცის) არ გამოაცხობს. ალბათ მისი ისტორიებიც ოდესმე დასასრულს მიუახლოვდება.

კომენტარები