აფხაზეთი მოსკოვს სოხუმის აეროპორტის ოლიმპიადისთვის გამოყენებას სთავაზობს

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსეთს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის სათადარიგო აეროპორტად სოხუმის აეროპორტის გამოყენება შესთავაზა. შეთავაზება შამბამ რუსულ გამოცემა კომერსანტთან გააკეთა.

„აეროპორტი უკვე დიდი ხანია წესრიგშია, შეკეთებულია და პრაქტიკულად მზად არის ამოქმედებისთვის,“ განუცხადა რუს ჟურნალისტს დე ფაქტო პრემიერმა „მივიჩნევ, რომ რაც უფრო მოახლოვდება ოლიმპიადა, მით უფრო აუცილებელია ეს აეროპორტი. სოჭის აეროპორტი ნისლის გამო მუდმივად დაკეტილია. რამდენიმე დღის წინაც ის დაკეტილი იყო მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ოლიმპიადის დროს ასეთი რამე დაუშვებელია. სოჭის აეროპორტს დუბლიორი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეიქმნება,“ განაცხადა შამბამ და დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტი მთელი წლის განმავლობაში ღიაა. „ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს,“განაცხადა მან. 

კომენტარები