თვალი თვალის წილ, თითი თითის წილ

მას შემდეგ, რაც პირველ ჰომო ერექტუსს დაებადა იდეა, მიწის ნაკვეთი შემოეხაზა და თავის საკუთრებად გამოეცხადებინა, შემოსაზღვრული ტერიტორიის დაცვა, მფლობელის უმთავრეს საზრუნავად იქცა. მთელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე, ტექნოლოგიების განვითარებას საკუთრების დაცვის იდეა წითელ ზოლად გასდევს. უსაფრთხოების ზომები და თავდაცვის საშუალებები, დროთა განმავლობაში იხვეწება, გასაღებისა და კლიტის შექმნიდან დაწყებული, უპირველეს პრობლემად რჩება ჩვენი იდენტობის საკითხი – თუ როგორ დავამტკიცოთ ის, რომ ჩვენ ნამდვილად ჩვენ ვართ და არა ვიღაც ბოროტმოქმედი, რომელიც  საკუთრების ხელყოფას აპირებს.

საკუთრების ცნებამ ციფრულ ეპოქაში მეტამორფოზა განიცადა. უფრო აბსტრაქტული და ნაკლებად ხელშესახები გახდა. უსაფრთხოებისა და იდენტობის კავშირს კი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ლოგიკური ასპექტიც აქვს. ეს დიდ თავისტკივილს ბადებს, ვინაიდან ადამიანებს პირადი საბანკო ანგარიშის, თუ ელექტრონული ფოსტის სამართავად, ათასი იუზერნეიმისა და პასვორდის დამახსოვრება უწევთ. ხშირ შემთხვევაში ეს არაეფექტურია, პირველ რიგში იმიტომ, რომ პასვორდებს პერიოდული ცვლა და ხელახლა დამახსოვრება უნდა, ამასთანავე არ იძლევა უსაფრთხოების უტყუარ გარანტიას. საიდუმლო სიტყვა შეიძლება ვინმემ შეიტყოს და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან წვდომა გაუჩნდეს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ფართოდ ინერგება ბიომეტრული საშუალებები: თითის ანაბეჭდების წამკითხველი და ხმის ამომცნობი მოწყობილობები უკვე აღარავის უკვირს. ფილმებში ნანახი თვალის ფერადი გარსისა და რეტინას სკანერიც, წარმოდგენის დონეზე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. თუმცა ეს უკანასკნელი აქამდე ტექნოლოგიურად იმდენად ძნელად რეალიზებადი და ძვირი სიამოვნება იყო, რომ მისი ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობას ვერავინ წარმოიდგენდა. 
 
გასულ კვირას სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე კომპანია Hoyos-ის წარმომადგენლებმა სკანდალური პრეზენტაცია მოაწყეს. მათ დამსწრე საზოგადოებას თვალის ფერადი გარსის წამკითხველი პირველი პორტატიული მოწყობილობა წარუდგინეს, რომელიც USB-ს საშუალებით უერთდება კომპიუტერს. პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისა და კონფიგურაციის დროს, ვუთითებთ იმ საიტების ნუსხას, სადაც წვდომა ამ მოწყობილობის საშუალებით გვსურს. შემდეგ ელექტრონული ფოსტის, Facebook-ისა, თუ eBay-ის სისტემაში შესასვლელად იუზერნეიმისა და პასვორდის შეყვანის საჭიროება ქრება, საამისოდ საკმარისი იქნება Hoyos-ის ქმნილებას შევხედოთ.
 
Hoyos-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ თვალის ფერადი გარსის სკანერს, თითის ანაბეჭდის სკანერთან, მრავალი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ის, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება „პირატული” გზებით შეუძლებელია, ამავე დროს, ინფორმაცია, რომელსაც ის იტევს, გაცილებით უნიკალურია, ვიდრე თითის ანაბეჭდი (თითის ანაბეჭდს 18 განსხვავებული შტრიხი აქვს, თვალის ფერად გარსს კი 2000!). ამასთან ფილმებში ნანახი სცენა, როდესაც ბოროტმოქმედები გარდაცვლილი ადამიანის მოჭრილი თითით ცდილობენ სასურველი ინფორმაციის მოპოვებას, აღარ არის ქმედითი. თვალის ფერადი გარსი ადამიანის სიკვდილის შემდეგ „ქრება” და, შესაბამისად, კარგავს მთელ ინფორმაციას.
 
Hoyos Eyelock USB Iris Scanner-ს გაჯეტების მოყვარულმა ტექნომანებმა უკვე მიაკუთვნეს „ძალიან მაგარის” სტატუსი. ის არცთუ ისე ძვირი, 99 დოლარი ეღირება და რამდენიმე თვეში გაიყიდება. თუმცა, როგორც Hoyos-ის მესვეურები ირწმუნებიან, მათი ქმნილება უბრალო გაჯეტი, ანუ მაღალტექნოლოგიური სათამაშო არ არის. მათ სიტყვებს თუ მოვიშველიებთ: „ცვლილებების დრო დგება და მალე იუზერნეიმებისა და პასვორდების ეპოქა წარსულს ჩაბარდება”. ჰოდა, ჩვენც დაველოდოთ ამ ცვლილებებს. 
 

კომენტარები