შსს: ორგანიზატორები ძალადობრივ გადატრიალებას გეგმავდნენ

აქციის ორგანიზატორთა ნაწილი მასობრივი არეულობებისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას განიხილავდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-ს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია. ერთ-ერთ მტკიცებულებად შშს-მ „სახალხო კრების“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძესა და მის შვილს შორის ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

შოთა უტიაშვილმა გუშინ ღამით დაკავებული ადამიანების რაოდენობაც დაასახელა. მისი თქმით, დაკავებულია 90-მდე ადამიანი, რომლებსაც 2-თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ. უტიაშვილის თქმით, აქციის არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის. შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თავისუფლების მოედანთან მომხდარი შეჯახების დროს, როდესაც, სავარაუდოდ ოპოზიციის ესკორტის ერთ-ერთი ავტომანქანა სამართალდამცველს  და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს დაეჯახა. ორივე მათგანი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი და ერთი ჟურნალისტი.

მომხდართან დაკავშირებით დღეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის გახსნის წინ მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენები „საქართველოს გარეთ დაწერილი სცენარით ხდებოდა.“  სააკაშვილის თქმით, სიტყვის თავისუფლება მისთვის „წმინდათაწმინდა“ ღირებულებაა.

„მაგრამ სიტყვის თავისუფლებასთან, იმას რაც ხდებოდა ბოლო დღეებში, საერთო არაფერი აქვს. ამ ხალხს, ამ პოლიტიკურ ლიდერებს, თავისი მცირერიცხოვანი ჯგუფებით, სურდა სიტყვის თავისუფლებაზე და ქართულ დემოკრატიაზე ხელის აღმართვა. მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ ძალადობა და მსხვერპლი,“ განაცხადა პრეზიდენტმა „მე მინდა კარგად გვესმოდეს,  რატომ უნდოდათ ამ ზეიმის ჩაშლა: იმისათვის, რომ საქართველომ ვერ შეძლოს  მსოფლიოს უთხრას, რატომ გვინდა ჩვენ თავისუფლება, იმისათვის რომ შური იძიონ ჩვენ ს ჯარზე, რომელმაც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წლის აგვისტოს დღეებში გმირული წინააღმდეგობა გაუწია ასმაგად აღმატებულ  მტრს ძალებს, მიაყენა მათ უფრო დიდი ზარალი, ვიდრე მათ ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ რომელიმე ფრონტზე, ამიტომ იყო არჩეული საქართველოს შეიარაღებული ძალები და დღევანდელი დღე  ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის სამიზნედ,“ დასძინა მან. 

კომენტარები