HRW: ძალის გადაჭარბებით გამოყენებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

პარლამენტის შენობასთან „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის დაშლას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი გამოეხმაურა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქციის დარბევის დროს პოლიციის მიერ ძალის „გადაჭარბებით და არაპროპორციულად“ გამოყენების თაობაზე „მიუკერძოებელი და საფუძვლიანი“ გამოძიება. 

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართული დემონსტრაცია არასანქცირებული იყო, ვერაფერი გაამართლებს ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემას,“ განაცხადა Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რეიჩელ დენბერმა „პოლიცია, რომელიც პასუხისმგებელია აქციის მონაწილეების ცემაში, პასუხისგებაში უნდა მიეცეს,“  თქვა მან. აქვე, დენბერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „პოზიტიური ნაბიჯი გადადგა“  აქციის გასამართად დემონსტრანტებისთვის ალტერნატიული ადგილის შეთავაზებით. „მაგრამ პოლიციას არ უნდა ეცემა ის დემონსტრანტები, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენდნენ,“ დასძინა მან. 

კომენტარები