გარდაუვალი ცვლილებების პირისპირ

არაბულ ქვეყნებში, დომინოს პრინციპით გავრცელებულმა საპროტესტო ტალღამ, ჩინეთის პოლიტიკური სისტემის მგრძნობიარე ადგილები გამოააშკარავა. ჟასმინის რევოლუციებმა ჩინელი აქტივისტებიც გამოაცოცხლეს, რასაც მთავრობამ რეპრესიებით უპასუხა. გამკაცრდა კონტროლი ინტერნეტზე, პოლიციამ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ჟურნალისტებზე ზეწოლა დაიწყო. დააკავეს და დაკითხეს ადამიანის უფლებათა აქტივისტები და ბლოგერები. ზოგიერთი მათგანი ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებების ბრალდებით დააპატიმრეს, ანტიკომუნისტური ფიქრების სამკურნალოდ ნაწილს შინაპატიმრობა გამოუწერეს. დატუსაღებას ვერც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცნობილი ხელოვანი აი ვეივეი გადაურჩა. 

ჩინეთის ახლანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი დენ სიაოპინის (1978-1992) სახელს უკავშირდება. მან ჩინეთის მართვის სადავეები მაო ძედუნის შემდეგ ჩაიბარა. მისი მოდელი სამ საყრდენზე იყო დაფუძნებული. დენმა კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობა არა იდეოლოგიაზე, არამედ ეკონომიკურ წარმატებაზე დააფუძნა. 
 
ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა, რომელიც თავისუფალ ბაზარზე გადასვლითა და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციით გამოიხატა, ჩინეთს არნახული ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დენის მეორე საკვანძო რეფორმა საგარეო პოლიტიკაში მოხდა. მან გააუმჯობესა ურთიერთობები ამერიკასთან და საგარეო პოლიტიკაში იდეოლოგიურ აქცენტებზე უარი თქვა.   ჩინეთმა გადაწყვიტა ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები ჰქონოდა
ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელიც მას (და არა ტაივანს) აღიარებდა ქვეყნის ტერიტორიების ერთადერთ წარმომადგენლად. 
 
დენის პოლიტიკა, კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საერთაშორისო საკითხებზე რაც შეიძლება მცირე პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებდა. დენის მოდელის მესამე პუნქტი, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკისგან განსხვავებით, არ გულისხმობდა შიდაპოლიტიკურ რეფორმებს – მმართველობა ისევ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში უნდა დარჩენილიყო. ეს 1989 წლის ივნისშიც დადასტურდა, როდესაც ტიანანმენის მოედანზე სტუდენტთა საპროტესტო აქცია მთავრობამ ძალადობრივი მეთოდებით ჩაახშო. 
 
დენის რეფორმების სტაბილურობას ხელი შეუწყო იმან, რომ მან ქვეყნის სათავეში ძალაუფლების გადაცემის ინსტიტუციონალიზაცია მოახერხა. დენმა
თავის მემკვიდრედ ძიან ძემინი დატოვა, რომელიც ახლანდელმა პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ შეცვალა. თავად ჰუს კი 2012 წელს სი ძინპინი ჩაანაცვლებს. სწორედ ძინპინს მოუწევს ახლანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება.  
 
ათწლეულების შემდეგ, დენის მოდელს წყალი შეუდგა. 2009 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანას პრობლემები დაუტოვა. მსოფლიო ბაზარზე ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნა დაეცა, გაიზარდა ნავთობისა და მინერალური რესურსების ფასი, მუშახელის ღირებულებამ კი აიწია. ამით ჩინეთის ექსპორტზე დამყარებულ ეკონომიკას საფრთხე ექმნება. 
 
ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩინეთს ყველაზე დაუბალანსებელი ეკონომიკა აქვს. მთავრობა მიხვდა, რომ წარმოებულ პროდუქციაზე შიდა მოთხოვნის გაზრდა და ეკონომიკის რებალანსი სჭირდებოდა, თუმცა რეფორმას დრო სჭირდება. ის ზრდის ტემპების შენელებასა და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს, რაც სოციალური უკმაყოფილების გავრცელების მიზეზი გახდება. 
 
ეს უკანასკნელი კი კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობას დააყენებს ეჭვქვეშ. შესაძლოა, დღის წესრიგში, პარტიის ლეგიტიმაციის ისევ იდეოლოგიურ საფუძვლებზე გადაყვანა დადგეს. 2012 წელს სი ძინპინის სათავეში მოსვლასთან ერთად, ივარაუდება სხვადასხვა შიდაპოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება. 
 
ერთ-ერთი მათგანი არის ახლანდელი პრეზიდენტის, ჰუს ფრაქცია, რომელიც ჩინეთის ახალგაზრდული კომუნისტური ლიგიდან მომდინარეობს. ამ ჯგუფის პოლიტიკური შეხედულებები ეკონომიკური სიმდიდრეების რედისტრიბუციასა და იდეოლოგიური ორიენტაციის მკაფიოობას გულისხმობს. 
კიდევ ერთი ფრაქცია კომუნისტური პარტიის ადრინდელი ლიდერების შთამომავლებისგან შედგება და პარტიის მარცხენა ფლანგზეა განლაგებული. პოლიტბიუროში მათ 25-დან 7 ადგილი ეკუთვნით. ჯგუფის ლიდერად მოიაზრება ბო სილაი, რომელმაც სახელი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა. მის მიერ რევოლუციური სიმღერების საჯაროდ შესრულება მაოისტური ნოსტალგიის გამომხატველია. 
 
გასულ წელს პროპაგანდის დეპარტამენტის ინიციატივით, სოციალურ ქსელ Twitter-ის  ჩინური ანალოგი შეიქმნა – ე.წ. წითელი მიკრობლოგი, რომელიც მოსახლეობაში რევოლუციური სულის აღორძინებას ისახავს მიზნად. ბომ, ბლოგზე მაო ძედუნის გამონათქვამების ციტირებით, პოპულარობა მალე მოიპოვა. 
შთამომავლების დაჯგუფების რიგებში პრეზიდენტ ჰუსა და პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს ვაჟებიც არიან. პირველი ჩინური აეროპორტებისთვის სკანირების სისტემების მიმწოდებელ კომპანიას ფლობს, მეორე კი წარმატებული ფინანსისტია. იდეოლოგიის გარდა, ფრაქციის წევრებს, საზოგადოებაში მოპოვებული ადგილისა და სიმდიდრის შენარჩუნების სურვილი აერთიანებთ.
 
დენ სიაოპინის პოლიტიკურ კურსს ძირს სამხედროებიც უთხრიან. მათი აგრესიული გამოხტომები საგარეო პოლიტიკაში დაპირისპირებების თავიდან აცილების პოსტულატს ეწინააღმდეგება. ზოგიერთ შემთხვევაში, სამხედროები ნაციონალისტური გრძნობებით ხელმძღვანელობენ. მეორე მხრივ, პარტიამ საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, მაოიზმთან განზავებული ნაციონალიზმი გამოიყენოს. 
 
დროის გასვლასთან ერთად, პოლიტიკური რეფორმების თავიდან აცილება უფრო რთულდება. მოსახლეობის სხვადასხვა ფენებსა და რეგიონებს შორის,
სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა სახალხო უკმაყოფილების წინაპირობაა. მას ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობაში, აგრეთვე სახელმწიფო კორპორაციებში გამჯდარი კორუფცია ამძაფრებს. პროტესტი და თავისუფალი აზრის გამოხატვა შეზღუდულია. 
 
კონტროლის შესუსტება ნაკლებ მოსალოდნელია, რადგანაც ჩინეთის პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ნაწილი, ინტერნეტისა და მედიის ცენზურის მიუხედავად, საკმარისად არის ინფორმირებული. შესაბამისად, მთავრობის მიერ ზეწოლის შემცირება პროტესტის ესკალაციის შანსებს ზრდის.
 
პრემიერმა ვენ ძიაბაომ ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე ისაუბრა პოლიტიკური რეფორმების აუცილებლობაზე. აპრილში მან განაცხადა, რომ პარტიამ ხალხს სიმართლე უნდა უთხრას, მთავრობის პოლიტიკა კი საზოგადოების მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. 
 
ვენის დემოკრატიულ გამოსვლებს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, მისი ლიბერალური პოლიტიკური ფრაქცია, ლიდერის ცვლილების წინ, საკუთარი პოზიციების გამყარებასა და სხვების ხელის შეშლას ცდილობს. ამით ვენი უპირისპირდება როგორც ბო სილაის მემარცხენე ფრთას, ისე ნაციონალისტურ და უფრო ძალისმიერი პოლიტიკის მსურველ ფრაქციებს. თუმცა გამორიცხული არაა, პრემიერი ხალხის ფუჭი დაიმედებით უკმაყოფილების ჩაცხრობას ცდილობდეს. პარტიულ სპექტრში ჰუ და მომავალი ლიდერი სი ძინპინი ცენტრში არიან მოქცეული. მათი დამატებითი საზრუნავი ფრაქციების დაბალანსება და კონსენსუსის პოვნაა.
 
ჰუ ძინტაოს ძინპინისთვის ძალაუფლების გადაბარება, ფრაქციული დაპირისპირებების, ეკონომიკური გადახურების, საერთაშორისო ზეწოლისა და გარკვეულწილად უკონტროლო სამხედრო ელიტის პირობებში უწევს. 1978 და 1989 წლების შემდეგ, ჩინეთი კიდევ ერთ გზაჯვარედინს უახლოვდება. მტკივნეულ ეკონომიკურ რეფორმებს, შესაძლოა, რეჟიმი შეეწიროს. კორუმპირებული და ავტორიტარული სისტემის მიერ რეფორმების გადადებას კი ეკონომიკური დაღმასვლა მოჰყვება. 
 
უცნობია, გადაუხვევს თუ არა დენ სიაოპინის კურსიდან ახალი ლიდერი, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მას არჩევანი უმცირდება. ბოლოდროინდელი მოვლენების მიხედვით, პარტია ეკონომიკაში სამთავრობო ბერკეტების ამოქმედებას შეეცდება, აგრესიულ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, ხოლო პოლიტიკური მართვის სადავეებს, სოციალური კონტროლისა და იდეოლოგიის რელსებზე გადაიყვანს.
 

კომენტარები