ინტერვიუ ნანა ალექსანდრიასთან

-18 მაისს თბილისმა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლა ქალ მოჭადრაკეთა შორის.

ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონების ქვეყანაში – მიუხედავად ასეთი ლამაზი დევიზისა, კონტინენტის პირველობის მოგება ქართველებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს: პირველი ადგილი ლიტველმა საერთაშორისო დიდოსტატმა ვიქტორია ჩმილიტემ დაიკავა, ვერცხლის მედალი ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას ერგო, ბრინჯაო – სომეხ ელინა დანიელიანს. ქართველთაგან საუკეთესო ბელა ხოტენაშვილი იყო, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა.
 
ტაბულა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯს, ნანა ალექსანდრიას შეხვდა.
 
ასეთი მაღალი რანგის საჭადრაკო ტურნირი თბილისში ბოლოს ზუსტად 30 წლის წინ ჩატარდა, როცა 1981 წელს ჩემსა და მაია ჩიბურდანიძეს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი შედგა. მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ დიდ ჭადრაკს კვლავ სათანადოდ ვუმასპინძლეთ. როგორც ტურნირის მთავარი მსაჯი, ორგანიზებით ძალიან კმაყოფილი ვარ: მოთამაშეებმა იდეალურ პირობებში იასპარეზეს – განათებით დაწყებული დარბაზის ტემპერატურით დასრულებული, ყველაფერი ჩინებული იყო!

 
რამდენად კმაყოფილი ხართ ჩემპიონატის სპორტული კუთხით?
 
თბილისში იასპარეზეს ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონებმა – შვედმა პია კრამლინგმა, უკრაინელმა კატერინა ლაჰნომ და რუსმა ტატიანა კოსინცევამ, ასევე 2002 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბულგარელმა ანტუანეტა სტეფანოვამ. მათ გარდა არაერთი მაღალი დონის მოჭადრაკემ ითამაშა, მათ შორის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმაც. ასეთი მონაწილეებისგან, ბუნებრივია, საინტერესო თამაშს ველოდით და მოლოდინი გამართლდა. პარტიების მაღალი დონე ჩემპიონატზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს – ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, ყოველდღიურად გადაიცემოდა ტელერეპორტაჟები. სხვათა შორის, ტურნირის ბოლო დღეებში ინტერნეტგვერდს, რომელზეც ჩემპიონატის მიმდინარეობა შუქდებოდა, რეკორდული დატვირთვა ჰქონდა...
 
რამდენად მოსალოდნელი იყო ვიქტორია ჩმილიტეს გამარჯვება?
 
მან ჩინებულად იასპარეზა, ტექნიკურად ითამაშა და ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა: პლუს 7. საერთოდ, 11 პარტიიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ორიც ყაიმით დაასრულა. აქამდე ვიქტორია სამჯერ იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2003, 2008 და 2010 წლებში. ის ლიტვური საჭადრაკო სკოლის ჩინებული წარმომადგენელია. მას ვიქტორ გავრიკოვი ავარჯიშებდა, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო წლების წინ. გავრიკოვის დახმარებით საუკეთესო ჭადრაკი ვაჩვენე, ამის გათვალისწინებით კი არ მიკვირს, რომ ვიქტორიამ წარმატებას მიაღწია. ჩმილიტეს მეუღლე ასევე დიდოსტატია, ის ჭადრაკით ცხოვრობს, ასეთ დროს კი წარმატება გასაკვირი სულაც არაა – ვიქტორია ღირსეული ჩემპიონია! სხვათა შორის, მას გამარჯვება ვიტაუტას ლანდსბერგისმაც მიულოცა. ლიტვის ექსპრეზიდენტი თბილისში იყო კონფერენციაზე და ვიქტორიასაც შეხვდა...
 
სამწუხაროდ, ქართველი მოჭადრაკეები სამეულში ვერ მოხვდნენ. რით აიხსნება წარუმატებლობა?
 
ჩვენი ჭადრაკის დღევანდელი ლიდერი ნანა ძაგნიძე ბოლო გრან პრიზე განცდილი მარცხის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და სიმართლე გითხრათ, მისგან ამ ტურნირზე დიდ წარმატებას არც ველოდით. ძალიან რთული გადასატანია, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს ბოლო მომენტში კარგავ, ნანას კი სწორედ ასე დაემართა. სამწუხაროდ, დოჰაში, ყატარის გრან პრი ინდოელმა დიდოსტატმა ჰუმპუ კონერუმ მოიგო და ახლა ის იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის.
 
რაც შეეხებათ სხვებს, ოლიმპიური გუნდის წევრებისგან მეტს ველოდით – მათ შეეძლოთ საუკეთესო 14-ეულში მოხვედრა და მსოფლიო თასზე გასვლა. ნამდვილად გაგვაოცა ბელა ხოტენაშვილმა – ტურნირის მსვლელობისას სტეფანოვას სძლია, მეორე დღეს კი ჩმილიტეს დამარცხებაც შეეძლო, თუმცა ენერგია არ ეყო, ბოლო მომენტში დაკარგა უპირატესობა და შესაბამისად, გამარჯვებაც. ის ნიჭიერია, ამ ჩემპიონატზეც მაღალი ხარისხის პარტიები გაითამაშა და თუ ჭადრაკს მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდება, დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მიაღწევს. ლელა ჯავახიშვილს პრიზიორთა შორის მოხვედრა შეეძლო, რაც შეეხება ნინო ხურციძეს, მას ახლახან შეეძინა შვილი, ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადება ვერ შეძლო და სავარაუდოდ, ამიტომაც ვერ მოხვდა 14 საუკეთესოს შორის. მიუხედავად ამისა, ის მაინც ინარჩუნებს მსოფლიო თასზე თამაშის შანსს – ყველაფერი მალე გაირკვევა. საერთოდ, ევროპის ჩემპიონატზე მედლებით განებივრებულები არ ვართ: მხოლოდ მაია ჩიბურდანიძემ (2000 წელს) და ქეთევან არახამიამ (2001) შეძლეს ბრინჯაოს მედლების მოგება.
 
2000 წელს საქართველომ ევროპის პირველ ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლა ქალთა შორის. მაშინ ტურნირი ბათუმში გაიმართა, წლეულს – თბილისში. რა სხვაობა დაინახეთ ამ ორ პირველობას შორის?
 
ბათუმში ევროპის ჩემპიონატი სხვა ფორმატით ჩატარდა, თბილისში კი, ასე ვთქვათ, ღია პირველობა იყო: ყველას შეეძლო მონაწილეობა ასაკის და რეიტინგის მიუხედავად – პროფესიონალების მხარდამხარ მოყვარულებმაც იასპარეზეს. საგულისხმოა, რომ ამ ჩემპიონატის ყველაზე უმცროსი მონაწილე 11 წლის იყო. ტურნირი დაამშვენა იმ ისტორიულმა მაგიდებმაც, რომელზეც თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და მე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით...
 
1962 წლიდან 1991 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონის ზედიზედ ათი ტიტული ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ მოიგეს. მას შემდეგ ქართველ მოჭადრაკეთათვის დედოფლის გვირგვინი მიუწვდომელია...
 
ქართული საჭადრაკო სკოლა სამი ათეული წლის მანძილზე უძლიერესი იყო, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩინელები დომინირებენ, მომავალს მაინც იმედით ვუყურებ – ჩვენ ნიჭიერი თაობა გვეზრდება, მთავარია, რომ ისინი მეტი ყურადღებით მოეკიდონ ჭადრაკს. თავის დროზე ფიდეს პრეზიდენტმა ფლორენსიო კამპომანესმა იხუმრა, არ მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები არათუ ერთი ქვეყანიდან, ერთი ქალაქის ერთი უბნიდან არიანო: ნონა, მაია, ნანა და მე ყველანი ვაკეში ვცხოვრობდით. იმ წლების შედეგების გამეორება ძალიან ძნელი იქნება, სრული დომინაცია, ალბათ, საეჭვოა, მაგრამ 2008 წელს, დრეზდენში ყველასთვის მოულოდნელად მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადა იმის თქმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკე კვლავ დაიბრუნებს.
 
 
ევროპის XII ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში

(საუკეთესო 14 სპორტსმენი მსოფლიო თასზე იასპარეზებს)

1.ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2504) – 9.0; 2.ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) – 8.5; 3.ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2506) – 8.0; 4.სვეტლანა მატვეევა (რუსეთი, 2380) – 8.0; 5.ბელა ხოტენაშვილი (2470) – 7.5; 6.კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2530) – 7.5; 7.ლელა ჯავახიშვილი (2454) – 7.5; 8. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2559) – 7.5; 9.ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2462) – 7.5; 10.ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2537) – 7.5; 11.ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი, 2414) – 7.5; 12.ანასტასია ბონდარუკი (რუსეთი, 2419) – 7.5; 13.ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2448) – 7.5; 14.ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2567) – 7.5

კომენტარები