თომას დვორჟაკი

 თომასი დიდია და მაღალი. თვალები მწვანე აქვს, ნაცრისფერში გარდამავალი.  არაერთფერი, თუმცა ალბათ განათებასაც გააჩნია. მზერა კრისტალური და საზრიანი, მიხვრა-მოხვრით ცოცხალი და მოძრავი. საუბრობს სწრაფად, ექვსივე ენაზე ერთნაირად სწრაფად. ქართულად საუბრისას რუსულსაც იშველიებს, შემდეგ ინგლისურზე გადადის. ზოგჯერ სიტყვებსაც „ყლაპავს”, მობილურს ფრანგულად სხაპასხუპით პასუხობს. სიცილით გულიანად იცინის, მოკლედ და გულწრფელად. 

გუშინ ტრიპოლიში იყო, დღეს თბილისში შინდისფერი ნივით ნავარდობს („Niva is the best”), ზეგ გროზნოშია, იმ კვირას უკვე ავღანეთში. ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდება და მიდის „იქ, სადაც ქარიშხალია”, მშობლიური ბავარიიდან შორს, ყოველთვის შორს. მომცრო, სამოყვარულო Olympus Pen ხან გულზე უკიდია, ხან ხელში უჭირავს, მოულოდნელად იღებს და აჩხაკუნებს, მიჯრით, რამდენიმე კადრს ერთად. უკან რომ მიიხედავ, გამვლელის ჩრდილსღა ხედავ მხოლოდ. თომასი Olympus-ს მაგიდაზე აბრუნებს და ოფიციანტს ჩვეული თავაზიანობით მიმართავს: „ორმაგი ესპრესო, თუ შეიძლება”. 
 
თომასმა ბავშვობა 1970-იან წლებში, ბავარიის პატარა პროვინციულ ქალაქში გაატარა. მისი მშობლები იძულებული გახდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩეხეთი დაეტოვებინათ და გერმანიისთვის შეეფარებინათ თავი. ოჯახი რკინიგზის სადგურთან ახლოს დასახლდა და თომასს ადრეული ბავშვობიდან ჩაესმოდა ღამით ჩამომდგარი მატარებლის მოგუდული საყვირის ხმა და მიჯრით დაძრული ვაგონების ჯაჭვური ექო: „დიდხანს ვფიქრობდი, რომ უნდა დამეტოვებინა ქალაქი, სადაც გავიზარდე, მაგრამ არ ვიცოდი რა გზით. ზუსტად არ მახსოვს როგორ მოხდა, მაგრამ ეს გზა ფოტოგრაფია აღმოჩნდა”. ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, კარდინალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც სამხრეთ გერმანული პროვინციული ქალაქი სთავაზობდა. თუმცა, კარგად ახსოვს, რომ სიწყნარეს, სიმშვიდეს და ერთფეროვნებას მუდამ თან ახლდა „ცივი ომის აჩრდილი”, მოსალოდნელი ატომური კატასტროფის შიში ჰაერში ტრიალებდა. მოგზაურობის სულისკვეთებით შეპყრობილი ახალგაზრდა კაცის ცნობისმოყვარეობას ინფორმაციის ნაკლებობა ამძაფრებდა: „ეს ყველაფერი ინტერნეტამდელ ეპოქაში ხდებოდა. მართლა არ ვიცოდი და რეალურად მაინტერესებდა, თუ რა  ხდებოდა ამ პატარა ქალაქის გარეთ”. 
 
პირველი ხანმოკლე მოგზაურობები მატარებლით დაიწყო. იმოგზაურა ირლანდიაში, სარაევოში, პალესტინაში. შემდეგ, ოცი წლის ასაკში, მოსკოვში დასახლდა. თუმცა მალე სამხრეთისკენ გამოუწია გულმა და ამ დროს აღმოაჩინა კავკასია, რომელიც მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. 1993 წელს, სოჭის გავლით აფხაზეთში ჩავიდა, სადაც უკვე ომი მძვინვარებდა. დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა დანარჩენ საქართველოში და თბილისში ჩამოვიდა. „კავკასიელების სტუმართმოყვარეობამ და სითბომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. სწრაფად ცვალებადი პოსტსაბჭოთა მოვლენები, ომი და დაპირისპირება, სიმამაცე და დაუნდობლობა. აქაურობამ შემძრა, შთაბეჭდილებები გაცილებით ღრმა და სავსე იყო, ვიდრე აქამდე გამომეცადა. თბილისში რამდენიმე თვით ცხოვრებას ვაპირებდი. თვეები წლებმა შეცვალა”.
 
სადაც მოხვდებოდა, ყველგან დაუღალავად იღებდა. იღებდა ყოველდღე, წინასწარი იდეის, კონცეფციის თუ მომზადების გარეშე, იღებდა ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა. ეს იყო ერთადერთი „ვიზუალური სკოლა”. ყოველი გამოცდილება ახალი მეთოდისკენ უბიძგებდა. ამას მოჰყვა პირველი წარმატება, პრესტიჟული სააგენტოს – მაგნუმის – წევრობა, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, „უფრო მეტი თავისუფლება” უფრო მოუტანა, ვიდრე პრივილეგირებული სტატუსი. 
 
„ქართული გაზაფხული – მაგნუმის ჟურნალი” (www.georgianspring.com) – თომას დვორჟაკის შთაგონებით  განხორციელდა. 2009 წელს საქართველოში მაგნუმის ათი ფოტოგრაფი ჩამოვიდა. ყველამ საკუთარი გზა აირჩია, სად უნდა ემოგზაურა და რა უნდა გადაეღო. შედეგი შარშან გამოცემული ამავე სახელწოდების ალბომია, უპრეცედენტო და მრავალფეროვანი ფოტოქრონიკა. თომასმა ფოტოების გარდა წიგნს წინასიტყვაობაც დაურთო. „ერთადერთი მოთხოვნა, რაც საკუთარ თავს დავუწესეთ, იყო ძველსა და ნოსტალგიურზე უარის თქმა, ამით გვსურდა თანამედროვე საქართველოზე გაგვეკეთებინა აქცენტი. ჩემი ინტერესი ამ შემთხვევაში გაორმაგდა: მაინტერესებდა როგორი იქნებოდა იმ ფოტოგრაფების ხედვა, რომლებიც საქართველოსთან ისე მჭიდროდ არ არიან დაკავშირებული, როგორც მე, ან სულაც, მათი პროფილი ან თემატიკა სრულიად განსხვავებულია ჩემი სტილისგან”. 
 
 დვორჟაკის ფოტოებს რომ უყურებ, რთულია განსაზღვრო, თუ რა არის მისი სტილი, თუნდაც მისი კოლეგის, „ქართული გაზაფხულის” ერთ-ერთი თვალსაჩინო კონტრიბუტორის, ბრიტანელი ფოტოგრაფის – მარტინ პარისგან განსხვავებით, რომლის ხელწერა და საავტორო ტერიტორია მეტ-ნაკლებად ადვილი ამოსაცნობია. „მე არ მაქვს სტილი, არ ვცდილობ მქონდეს სტილი, ჩემი მეთოდი მარტივია და გამოიხატება მიდგომაში, თუ გნებავთ მკაცრ დოგმაში: არასდროს არ ვცდილობ რეალობის აღბეჭდვას იმგვარად, რომ აქედან კარგი სურათი გამოვიდეს. თუ რეალობა ვიზუალურად „სწორად” არ გამოიყურება, მერე რა? ისეთია, როგორიც არის. ყოველ შემთხვევაში, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. უფრო მონადირე ვარ, ვიდრე შემოქმედი”. 
„კავკასია” თომას დვორჟაკის ახალი წიგნია, რომელშიც 1990-იანი წლების ჩეჩნეთში, დაღესტანსა თუ საქართველოში გადაღებული 80 შავ-თეთრი სურათია თავმოყრილი. წიგნი კავკასიური მოგზაურობაა, სევდიანი და ღირსეული, სისხლსავსე, ტრაგიკული და ამაყი. გამოცემას თან ახლავს ამონარიდები პუშკინის, ტოლსტოისა და ლერმონტოვის კავკასიური ნაწარმოებებიდან – ლიტერატურული პარალელები, რომელთა რეზონანსიც დღესაც აქტუალურია: „ყველაფერზე გაიმარჯვა ადამიანმა, მილიონობით ბალახი გაანადგურა და ეს (თავცეცხლას ეკალი) მაინც არ ნებდება” (ლ. ტოლსტოი, „ჰაჯი-მურატი”). 
 
ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც უკვე ძველ, რემონტამდელ რუსთაველის პროსპექტზეა გადაღებული, თეთრხალათიანი ქალი (სავარაუდოდ, უკვე გამქრალი „ლაღიძის წყლების” თანამშრომელი) უხალისოდ გაჰყურებს მის გასწვრივ მომავალ ტანკს. ქალის გვერდით, ჭადრის ქვეშ უსიცოცხლოდ გაშოტილი შუახნის კაცი გდია. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გასაგებია, სამოქალაქო ომის კადრია. სინამდვილეში, კადრი ზუსტად 16 წლის წინ არის გადაღებული – 1995 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე. ჭადრის ქვეშ გაშოტილი კაცი უბრალოდ მთვრალია. ომად აღქმული რეალობა სინამდვილეში მშვიდობისა და თავისუფლების ზეიმია. ამ პარადოქსზე თომასს ეღიმება და ჩვეული სისწრაფით მპასუხობს: „მე ისევე სკეპტიკურად ვუყურებ ომს, როგორც მშვიდობას”. 
 
თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა „კავკასია” 25 მაისს, ლიტერატურის მუზეუმში, 18:00 საათზე გაიხსნება და სამ კვირას გასტანს. 
გამოფენა თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში იმართება. 
 
თომას დვორჟაკის ფოტოალბომის – „კავკასია” – შეძენა შესაძლებელია „პროსპეროს ბუქსში”.  
ახალგაზრდა ფოტოგრაფებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მაგნუმის კონკურსში „ახალგაზრდა ფოტოგრაფები კავკასიაში 2011”. განაცხადები მიიღება 15 ივნისამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.magnumfoundation.org/awards.html 

კომენტარები