ბურჯანაძე: რას ბოდავთ! ჩვენ არ ჩაგვიდენია კანონდარღვევა

”სახალხო კრების” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან უარყო შსს-ს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ”სახალხო კრება” სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდა. ისევე როგორც გუშინ გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერების ნამდვილობაში ეჭვი ეპარება. მისი თქმით, საუბრები ”კონტექსტიდან ამოგლეჯილია”.

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა და არ გამოაქვეყნა 26 მაისამდე ეს ”მინიმუმ თანამდებობრივი უპასუხისმგებლობაა და მაქსიმუმ - ქვეყნის ღალატი,” იუწყება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი.  ”რას ბოდავთ! ჩვენი ყველა მოქმედება ადასტურებს, რომ ჩვენ ვმოქმედებდით კანონის ფარგლებში და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ ჩაგვიდენია კანონდარღვევა,” განაცხადა ბურჯანაძემ.

”სახალხო კრების” ლიდერ ნინო ბურჯანაძესა და მის ვაჟს შორის სავარაუდო ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, შსს-მ დღეს ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ორი ფარული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. შსს-ს მტკიცებით, ვიდეომასალაში ასახულია ”შეფიცულთა” თათბირი საპროტესტო გამოსვლებისთვის მზადების შესახებ.  ჩანაწერში, რომელიც შსს-ს თქმით 4 აპრილს არის ჩაწერილი, ”შეფიცულები” საუბრობენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადებაზე.  სავარაუდოდ 19 აპრილს გაკეთებულ ჩანაწერში კი ”შეფიცულები” იარაღის გამოყენებაზე და პროვოკაციის მოწყობაზე საუბრობენ.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ფარულ ვიდეოჩანაწერში, სამინისტროს მტკიცებით, ასახულია ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს, ირაკლი ბათიაშვილსა და გადამდგარ გენერალ, გია უჩავას და კიდევ რამდენიმე ადამიანს შორის საუბარი. ერთ-ერთ რესტორანში მსხდომი ბიწაძე, უჩავა და ბათიაშვილი საპროტესტო აქციებზე მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობენ. ”ის ვისაც ჩვენს წინ დააყენებენ, ეს იქნება ჩვეულებრივი ჯარისკაცები, მის უკან იდგება სპეცრაზმი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ მაგას,” ამბობს სუფრასთან მჯდომი ერთ-ერთი ადამიანი. ირაკლი ბათიაშვილი კი ამბობს, რომ მათ ორგანიზებული დაჯგუფება ”შეფიცულები” ჰყავთ, თუმცა შეიძლება სხვა ორგანიზებული ჯგუფებიც დაემატოთ. ბათიაშვილის თქმით, თუ ხალხის მასას ასეთი ორგანიზებული ჯგუფი უდგას, ”მასა იქცევა საშინელი ძალად.” 

კომენტარები