ჩინეთი საშუალო შემოსავლების მახეში

0 კომენტარი
ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკა, ყოველწლიურად საშუალოდ 9.5%-ით იზრდებოდა. შედეგად, დღეს ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა. მასზე წინ მხოლოდ ამერიკაა: აშშ-ის მშპ ამ ქვეყნისას, დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. 
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2016 წლისთვის ჩინეთი ეკონომიკური ზრდით ამერიკას გაუსწრებს. ეკონომისტთა დიდი ნაწილი ამ შეფასებას არ ეთანხმება: მათი აზრით, ეკონომიკაში ქვეყნის მთავრობა დიდი დოზით ერევა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აუცილებლად აისახება. ჩინეთს საშუალო შემოსავლების მახეში გაბმა რეალურად ემუქრება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეკონომისტები ქვეყანას ეკონომიკის ლიბერალიზაციას ურჩევენ.
 
დღეს, ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე, მშპ 8 511$-ია. ბარი ეიშენგრინი სტატიაში – როდის ჩერდებიან სწრაფად მზარდი ეკონომიკები – საერთაშორისო მტკიცებულებები და ჩინეთის მაგალითი  –  წერს, რომ საშუალო შემოსავლის მახე გარდაუვალია. ეს მას შემდეგ, რაც ერთ სულ მოსახლეზე, მშპ 16 740$-ს გადააჭარბებს. ეიშენგრინის შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2015 წელს 17 335$ იქნება. ამასთან, ჩინეთის რეგიონებს შორის შემოსავლების თვალსაზრისით მკვეთრი დისბალანსი შენარჩუნდება. 2015 წელს, აღმოსავლეთით – ოკეანისპირა რეგიონებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 17 335$-ზე ბევრად მაღალი იქნება, ხოლო დასავლეთ რეგიონებში – 16740$-ზე ნაკლები. ეს  ნიშნავს, რომ ჩინეთის დასავლეთი რეგიონები საშუალო შემოსავლების მახეში, აღმოსავლეთ რეგიონებზე გვიან გაებმებიან, რაც ეკონომიკურ ზრდას დიდი ხნით შეანელებს.
 
საშუალო შემოსავლების მახეში გაბმა, ჩინეთის, დაბალი შემოსავლებიდან საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნად ქცევას გამოიწვევს. დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში მუშახელი იაფია. ეს  მრეწველობის – განსაკუთრებით დაბალტექნოლოგიურის – სწრაფ ზრდას განაპირობებს. თუმცა ინდუსტრიაში დასაქმებულთა რიცხვის მატებასთან ერთად იზრდება მათი ხელფასებიც. ეს კი დაბალტექნოლოგიური წარმოებების დანახარჯების მატებას იწვევს, რაც ასეთ ქარხნებს არარენტაბელურად აქცევს და ეკონომიკას აფერხებს. ამ დროს მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად უფრო სრულყოფილი პროდუქციის წარმოების დაწყება. 
 
იმისათვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, სულ მცირე, სამი პირობის დაცვაა აუცილებელი: არსებობდეს რესურსები, იხვეწებოდეს ტექნოლოგია ამ რესურსების ასათვისებლად და სახელმწიფო ინსტიტუტები რესურსების ეფექტიანად განაწილებისთვის, გამართულად მუშაობდნენ. ჩინეთს სამივე მიმართულებით პრობლემები აქვს.
 
ჩინეთის ეკონომიკა სამუშაო ძალისა და დანახარჯების თვალსაზრისით დაუბალანსებელია. შრომითი ძალა მოსახლეობის 61%-ია, რაც  აშშ-ის ამავე მაჩვენებელს 11.5%-ით, ხოლო ევროკავშირისას – 15.8%-ით აღემატება. გარდა ამისა, ჩინეთის მთლიანი შრომითი ძალა აშშ-სა და ევროკავშირის ჯამურ მაჩვენებელზე 2.14-ჯერ მეტია. წლების მანძილზე ჩინეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. ამას, დიდწილად, შრომითი ძალების აგროკულტურის სფეროდან, ინდუსტრიაში სწრაფი გადასვლა (საწარმოო სიმძლავრეების ასევე სწრაფი ზრდის ფონზე) განაპირობებდა. აგროკულტურიდან ინდუსტრიაში გადასული სამუშაო ძალის თითოეული პროცენტი, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს 2-2.5%-ით ზრდიდა. თუმცა სახელმწიფოთა უმრავლესობისგან განსხვავებით, სადაც სამომხმარებლო დანახარჯები მშპ-ს 70%-ზე მეტს შეადგენს, ჩინეთში სამომხმარებლო დანახარჯები მშპ-ს მხოლოდ 36%-ია, ინვესტიციები – 44%, წმინდა ექსპორტი კი – 9%.
 
დაუბალანსებლობის მიზეზი, ქვეყანაში არსებული საბანკო აქტივების 98%-ის სახელმწიფოს მიერ კონტროლია. მთავრობა ხელოვნურად ინარჩუნებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს დაბალ დონეზე, რაც ქმნის ილუზიას, რომ პროექტები, რომლებიც ბანკისგან იღებს სესხებს, ეკონომიკურად მომგებიანია. სესხების 75%-ს კი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ორგანიზაციები იყენებენ. სწორედ ეს ორგანიზაციები ახორციელებენ მშპ-ში შემავალი ინვესტიციების თითქმის 58%-ს. 
 
ხელოვნურად შენარჩუნებული დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ქვეყანაში კაპიტალის არასწორ ფორმაციას განაპირობებს. იქმნება ისეთი საწარმოები და ინფრასტრუქტურა, რომელიც საპროცენტო განაკვეთის ბუნებრივი დონის შემთხვევაში წამგებიანი იქნებოდა. სასესხო კაპიტალის შეზღუდულობის პირობებში, ასეთი პროექტების მიერ სესხების მიზიდვა, მაღალი უკუგების მქონე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას ამცირებს. ეს გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. კაპიტალის არასწორი ფორმაციის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ ჩინეთს მშპ-ს ერთი ერთეულით ზრდისთვის, ორჯერ მეტი ენერგიის რესურსი სჭირდება, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს.
 
ჩინეთის მთავრობა დაბალ დონეზე რენმინბის გაცვლით კურსსაც ხელოვნურად ინარჩუნებს. 1981 წელს, ერთი ჩინური იუანი 0.6 ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა, დღეს კი – 0.15-ს უდრის. რენმინბის დაბალი კურსი ჩინეთის მაკროეკონომიკურ დისბალანსს უწყობს ხელს: ერთი მხრივ, სტიმულია ექსპორტისთვის – აიაფებს  ჩინურ საქონელს უცხო ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ კი, დემოტივატორია შიდა მოხმარებისთვის – ჩინელებისთვის იმპორტულ საქონელს აძვირებს. ექსპორტზე ზედმეტად დამოკიდებულება კი, ჩინეთის ეკონომიკას, მისი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობისადმი, განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის.  
 
დღეს ჩინეთი მრავალი მაღალტექნოლოგიური პროდუქტის ექსპორტს ეწევა. თუმცა პროდუქციის საბოლოო ღირებულებაში ამ ქვეყნის წვლილი, მხოლოდ 12% – საბოლოო აწყობის ღირებულებაა. ამის მაგალითია iphone, რაც საბოლოო სახეს მთლიანად ჩინეთში იღებს, თუმცა პროდუქტის საერთო ფასს მხოლოდ 3.6% – საბოლოო აწყობის ღირებულება – ემატება. ჩინეთის ეკონომიკა, შრომითი და საწარმოო რესურსების ეფექტიანობის ამაღლების გარეშე, დაბალტექნოლოგიურიდან მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე ვერ გადაერთვება.  
 
ჩინეთის ეკონომიკის შემდგომი ზრდის გასაღები ლიბერალიზაციაშია – მთავრობას არ სჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება. იგი უნდა გაჰყვეს ლიბერალიზაციის რეფორმების კურსს, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა უკვე განაპირობა. საპროცენტო განაკვეთზე და რენმინბის გაცვლით კურსზე კონტროლი უნდა მოიხსნას. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ნათლად წარმოაჩენს, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორგანიზაციების მიერ დაბალტექნოლოგიურ მრეწველობასა და ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს სინამდვილეში მცირე მოგება მოაქვთ. კერძო სექტორს მეტი საშუალება გაუჩნდება, თავისი სერვისებისა და მაღალი ტექნოლოგიების წარმოება გაზარდოს. ეს კაპიტალის სწორ ფორმაციას განაპირობებს, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ამით ჩინეთის ეკონომიკა საშუალო შემოსავლების მახეს აიცილებს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები