ბადრი ბიწაძეს ბრალი წაუყენეს

”სახალხო კრების” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს მთავარმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. პროკურატურის განცხადებით, მას ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ედება ბრალი. ბიწაძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში სდებს ბრალს.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ”სახალხო კრებასთან” შექმნილ, ”ნახევრად გასამხედროებული” ჯგუფის ხელმძღვანელის, გადამდგარი გენერლის, გია უჩავასა და ჯგუფის სხვა წევრების ჩვენებებს ეყრდნობა. ბიწაძე დაკავებული არ არის. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოსთან ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას იშუამდგომლებს. ბიწაძის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები